ფეხბურთი

15:52 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოსტაო: „მარადონა, მესი და რონალდო პელეს დონის მოთამაშეები არ არიან“

50 წელიწადი გავიდა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელთა ტრიუმფიდან. ბევრი ამბობს, რომ ფეხბურთის ისტორიაში ეს საუკეთესო ნაკრები იყო. მისი ერთ-ერთი ლიდერი, ტოსტაო კი სასწაულით მოხვდა ტურნირზე. ის ბრმავდებოდა, მაგრამ 1969-ში, ტექსასში გაუკეთეს წარმატებული ოპერაცია. შემდეგ მან მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი გადამრჩენელ ექიმებს აჩუქა. ახლა კი, ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან იხსენებს მაშინდელ ამბებს.

ფიფა: 19 წლის იყავი ინგლისის 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. როგორი გამოცდილება იყო ეს?

ტოსტაო: ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. მე ხომ პელეს შემცვლელი ვიყავი. მის გვერდით არ ვთამაშობდი, მაგრამ ახლოდან უნდა დავკვირვებოდი. ის ძალიან სწრაფი იყო და ძალიან სხარტად ფიქრობდა. სანამ სხვები მიხვდებოდნენ, მან უკვე იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ვუცქერდი მის მოძრაობებს, ჟესტიკულაციას.

ვფიქრობ, ინგლისის ტურნირმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 1970 წლის მუნდიალზე პელესთან უკვე მინდორზე ურთიერთობის ასპექტში.

ფიფა: 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საკმაო ნერვიულობამ მოგიწიათ.

ტოსტაო: ძალიან ბევრი. უამრავი წინაღობა არსებობდა. იყო შანსი, რომ მხედველობა სრულფასოვნად არ აღმდგენოდა. ოფთამოლოგებსაც და ნაკრების ექიმებსაც ვარწმუნებდი, რომ თამაში შემეძლო. უამრავი წიგნი წავიკითხე თვალის გავარჯიშებისთვის.

მთავარი მწვრთნელი, ჟოაო სალდანია, რომელიც მენდობოდა, წავიდა, ხოლო მის მაგიერ მოსული ზაგალო არ მიცნობდა და ჩემს თვალის ტრავმასაც სკეპტიკურად უცქერდა.

მხოლოდ ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დამაბრუნეს სელესაოში.

ფიფა: თქვენ შემტევი ნახევარმცველი იყავით „კრუზეირუში,“ როგორ შეეწყვეთ ნაკრებში 9 ნომრის პოზიციას?

ტოსტაო: მართალია, „კრუზეირუში“ შუაში ვთამაშობდი და სიღმიდან ვიწყებდი მოქმედებებს. შესარჩევ ციკლში, სალდანიას დროს, სელესაოს საუკეთესო მეგოლე გახლდით. ზაგალოს დროს კი ვითარება შეიცვალა, ზაგალომ მითხრა, რომ პელეს შემცვლელი ვიქნებოდი. მაგრამ ამხანაგურ მატჩში კარგად ვითამაშე და მითხრა 9 ნომერზე გაირჯებიო.

ამ პოზიციაზე არასოდეს მეთამაშა, მაგრამ მიჩვევა მომიწია.

ფიფა: ბევრს მიაჩნია, რომ მექსიკაში ინგლისის ნაკრები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ოთხი წლის წინათ, როცა შინ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. უნგლისი - ბრაზილიის მეოთხედფინალს კი „არშემდგარ ფინალს“ უწოდებენ...

ტოსტაო: ინგლისს მართლაც შესანიშნავი გუნდი ჰყავდა. თამაშიც ძალიან რთული, თანაბარი გამოდგა. საბედნიეროდ, ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაგვარჩინა. მე პელეს გადავაწოდე ბურთი, მან ჟაირზინიოს და ერთადერთი გოლი ასე გავიდა.

ურუგვაისთან ნახევარფინალი ძალიან ხისტი გამოდგა. ეს ორი ყველაზე რთული მატჩი იყო, რომელიც ამ ტურნირზე ვითამაშე.

ფიფა: რას იტყვით იტალიასთან ფინალზე?

ტოსტაო: ცხადია, ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყო. იტალიელები პერსონალურად გვეთამაშებოდნენ და მომენტები თითქმის არ გვქონია. მაგრამ შესვენების შემდეგ ცოტა გაიხსნა სივრცეები და გავილაღეთ. იტალიას მართლაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ჩვენ 4:1 გავიმარჯვეთ.

ფიფა: ბოლო წუთებზე თითქოს ცრემლები გდიოდათ.

ტოსტაო: მესამე გოლის შემდეგ მივხვდი, რომ მიზანი მიღწეული იყო და ემოციები მომეძალა. ტირილი დავიწყე, ვეღარ ვჩერდებოდი. ვფიქრობდი ყველაფერზე. რამდენი რამ გამოვიარე, რომ ტურნირზე მეთამაშა და რა ახლოს ვიყავი მის გამოტოვებასთან. მთელ მსოფლიოში დავდიოდი, რათა თვალზე მემკურნალა.

როცა მივხვდი, რომ მსოფლიო ჩემპიონები ვხდებოდით, ვეღარ ვიკავებდი ტირილს.

ფიფა: ფიქრობთ, რომ 1970 წლის ბრაზილია საუკეთესო ნაკრები იყო ისტორიაში?

ტოსტაო: არ ვიცი, რადგან სხვა დიდი გუნდებიც იყვნენ. მაგალითად, 58-ის ბრაზილია: გარინჩა, პელე, ნილტონ სანტოსი, დიდი...

მაგრამ ვფიქრობ, 70-ის ნაკერები უფრო ეფექტური, რევოლუციური გუნდი იყო. სელესაო 82-შიც შესანიშნავი გახლდათ, მაგრამ ჩემპიონობა ვერ მოიპოვა.

ჩვენ ლამაზ, ამავდროულად, თანამედროვე ფეხბურთს ვთამაშობდით. და ფეხბურთელები? პელე, ჟერსონი, რიველინო, ჟაირზინო...

ფიფა: ვინ იყო 1970-ში ბრაზილიელთა საუკეთესო მოთამაშე?

ტოსტაო: პელე. ის შეუდარბლად კარგად თამაშობდა. მოედნის ცენტრში ჟერსონი ბრწყინავდა, შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა ჟაირზინომ, მან ყველა მატჩში გაიტანა გოლი. ასევე რიველინო, მაგრამ პელე სულ სხვა დონე იყო.

ფიფა: წლების განმავლობაში დიეგო მარადონას, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს პელეს ადარებენ. პელე მაინც ყველას სჯობს?

ტოსტაო: ვფიქრობ, პელე მაინც საუკეთესოა. მე მათ არცკი შევადარებდი. პელე გაცილებით ფართო დიაპაზონის მოთამაშე გახლდათ. მას, ფაქტობრივად ნაკლი არ ჰქონდა.

მარადონა სანახაობრივი იყო, მაგრამ ფიზიკურად პელესთან ვერ მივიდოდა. მესი შესანიშნავია, მაგრამ ბურთს პელესავით ვერ ფლობს და ორივე ფეხით თანაბრად ვერ თამაშობს. კრიშტიანუ განსაკუთრებული ფეხბურთელია. მაგრამ არ აქვს ის უნარები, რაც პელეს ჰქონდა. პორტუგალიელს არ შეუძლია ისეთი პასების მოხერხება, როგორიც პელეს ხელეწიფებოდა.

ყველა ერთად რომ შევკრიბოთ, მაშინ შეიძლება პელეს შევადაროთ (იცინის).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12298