ფეხბურთი

2:50 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

MAMMA MIA! "იუვემ" ულამაზესი გოლებით მოიგო

იტალიის სერია A-ს XXIX ტური სკუდეტოს მთავარი მაძიებლების მატჩებით დაიწყო, ჯერ „ლაციო“ „ტორინოს“ ესტუმრა, მერე „იუვენტუსი“ – „ჯენოას“.

სიმონე ინძაგის გუნდა წინა ტურში „ფიორენტინასთან“ ტაიმი წააგო და შესვენების შემდეგ მოიგო (2:1). ახლაც, „გრანდე ტორინოზე“ თამაშის სცენარი ზუსტად იგივე იყო. ტურინელები ანდრეა ბელოტის პენალტით სწრაფად დაწინაურდნენ და შესვენებაზე კარგ ხასიათზე გავიდნენ, მაგრამ ნაანტრაქტევს „ლაციალემ“ თამაში მაინც სათავისოდ შემოაბრუნა.

როგორც „ფიორენტინასთან“, ახლაც ჩირო იმმობილემ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ლუის ალბერტოს არა, მაგრამ მარკო პაროლოს ანგარიშზეა. ფაქტია, „ლაციო“ ჯერჯერობით მძიმედ, მაგრამ ბრძოლაში რჩება და რამდენიმე საათით ჩამორჩენა ქულამდეც შეამცირა.

თუმცა, „იუვენტუსმა“ გასავარდნი ზონის ზღვარზე მყოფი „ჯენოა“ ადვილად და რაც მთავარია, ლამაზად დაამარცხა. ყოველშემთხვევაში ტურინელებმა გენუელთა კარში სამი ერთმანეთზე უკეთესი და ლამაზი გოლი გაიტანეს, ერთმანეთისგან გამორჩევა რომ გაუჭირდება კაცს, ისეთი.

უგოლო ტაიმის შემდეგ „იუვე“ მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა. ჯერ პაულო დიბალამ გაიტანა მოხდენილი გოლი, ხოლო შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ გაისროლა და მატია პერინის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა. მერე საქმეში დუგლას კოშტა ჩაერთო, მან საერთოდ კარის ცხრიანს დაუმიზნა დაუჯერებელი სიზუსტით. ბოლოსკენ „ჯენოამ“ პრესტიჟის გოლი გაიტანა და ტურინელთა მშრალი სერია შეწყვიტა, მაგრამ თამაშის ხასიათზე ცხადია ამით გავლენა ვერ მოახდინა.

ამრიგად, „იუვენტუსმა“ „ლაციო“ 4 ქულიან დისტანციაზე ახლოს ისევ არ მიუშვა და ახლა დაველოდოთ რას იზამს „ინტერი“ ამ ტურში, რომელიც ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას სკუდეტოს მოგებაზე.

„ჯენოა“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:0)

გენუა, „მარასი“

უმაყურებლოდ

„ჯენოა“ (3-5-2): პერინი; რომერო, სუმაორო, მაზიელო; გილიონე (ბარეკა 62), ბეჰრამი, შონე (ლერაგერი 46), სტურარო (ბირასკი 75), კასატა (პადევი 78); პინამონტი, ფავილი (სანაბრია 46)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო; ბენტანკური, პიანიჩი (რემზი 74), რაბიო (მატუიდი 83); ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 66), დიბალა (ოლივიერი 83), რონალდუ (იგუაინი 74)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 დიბალა (50), 0:2 რონალდუ (56), 0:3 დუგლას კოშტა (73), 1:3 პინამონტი (77)

გაფრთხილება: ფავილი (7), შონე (33), სტურარო (58), კასატა (70), მაზიელო (80) - ბონუჩი (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 2 (2) – 11 (9) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

„ტორინო“ – „ლაციო“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ბელოტი (5, პენ), 1:1 იმმობილე (48), 1:2 პაროლო (72)

თეგებისერია A
0.17809