ფეხბურთი

23:10 | 28.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ქულა სეზონში - დრამა ქუთაისში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში ფრე დაფიქსირდა. თუმცა, თუ წინა სამ შემთხვევაში გუნდები თითო გოლს ცვლიდნენ, „ტორპედომ“ და „ჩიხურამ“ უფრო შედეგიანი და ფეერიული ფეხბურთი გვაჩვენეს.

ქუთაისში იმერლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება გახლდათ, რადგან ქულა ვერცერთს მოეპოვებინა და მორიგი წაგება ცხადია არავის სურდა. ამიტომაც, თამაში საინტერესოდ წარიმართა და ფინიშიც ისეთი ჰქონდა, როგორც სცენარს უხდებოდა.

მე-18 წუთზე „ჩიხურა“ გიორგი ბუხაიძემ დააწინაურა და ტაიმიც ასე დასრულდა. გაცილებით დრამატული გამოდგა მეორე ნახევარი. 48-ე წუთზე ვაჟა ტაბატაძეს გათანაბრების იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ხარიხას მოარტყა. ვერ გაიტან, გაგიტანენო და ასე დაემართა „ტორპედოს“, რადგან პენალტის გაცუდებიდან 1 წუთში „ჩიხურამ“ მეორე გაიტანა. შოთა გვაზავამ მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ქუთათურები არ გატყდნენ და მებრძოლი ხასიათი აჩვენეს. გიორგი ივანიშვილი და გიორგი ფანცულაია კი ორჯერ გამოირჩნენ. პირველმაც საგოლე პასები შეასრულა, მეორემ - დუბლი. მსაჯის კომპენსირებული ბოლო, მეოთხე წუთი იწურებოდა, როდესაც ივანიშვილმა მკერდით დაუგდო ბურთი ფანცულაიას და მანაც „ტორპედოს“ სეზონში პირველი ქულა მოიპოვა, ისევე, როგორც „ჩიხურამ“ და ამ სამი ტურის თავზე მეცხრე-მეათე ადგილს ინაწილებენ.

„ტორპედო“ – „ჩიხურა“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბუხაიძე (18), 0:2 გვაზავა (49), 1:2 ფანცულაია (64), 2:2 ფაცულაია (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117573