ფეხბურთი

19:52 | 28.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტი" ბუნდესლიგაში დაბრუნდა, "ჰამბურგმა" შანსი გაანიავა, "ნიურნბერგი" გავარდნის ზღვარზე

გერმანიის ბუნდესლიგაში „შტუტგარტი“ დაბრუნდა. „შვაბებმა“ ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „დარმშტადტთან“ წააგეს (1:3), მაგრამ ვინაიდან მისი კონკურენტებიც უქულოდ დარჩნენ, ელიტალურ ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ. ცნობისთვის, ერთადერთი გოლი „შვაბთა“ რიგებში მარიო გომესმა გაიტანა, რომელმაც ბოლო მატჩი ჩაატარა თეთრ-წითელი მაისურით და გუნდს დაემშვიდობა.

„შტუტგარტმა“ სეზონი 58 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და ბუნდესლიგაში პირდაპირ აღზევდა. მასთან ერთად, ბუნდესლიგას 11-წლიანი პაუზის შემდეგ ბილეფელდის „არმინიაც“ დაუბრუნდა, რომელმაც 68 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ელიტაში დაბრუნების საკითხი რამდენიმე ტურის წინ გადაჭრა.

სხვათა შორის, დღეს, უმოტივაციო „არმინიამ“ „ჰაიდენჰაიმი“ ადვილად, 3:0 დაამარცხა, მიუხედავად მარცხისა „ჰაიდენჰაიმს“ ბუნდესლიგაში ისტორიული დაწინაურების შანსი აქვს, რადგან 55 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც ბრემენის „ვერდერს“ შეხვდება.

„ჰაიდენჰაიმის“ წაგებით ვერ ისარგებლა „ჰამბურგმა“, რომელიც ბოლო ტურში უმოტივაციოა „ზანდაუზენის“ სახლში დამარცხებით თავად მოიპოვებდა პლეი-ოფის საგზურს, მაგრამ მოგებას ვინ ჩივის, 1:5 განადგურდა... საერთოდ, „ჰამბურგი“ კარგა ხანს მეორე პოზიციაზე იყო, მაგრამ რესტარტს საშინელ ფორმაში შეხვდა. ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა, წინა ტურში საერთოდ უშუალო კონკურენტ „ჰაიდენჰაიმთან“ წააგო და ამის გამო არათუ ბუნდესლიგას ვერ დაუბრუნდა გერმანული ფეხბურთის გრანდი, არამედ პლეი-ოფშიც ვერ მოხვდა.

მეორე ბუნდესლიგიდან მესამე ლიგაში დაქვეითდნენ „ვეჰენი“ და დრეზდენის „დინამო“, ხოლო ერთ დროს ბუნდესლიგის მუდმივი წევრი „ნიურნბერგი“ პლეი-ოფში ითამაშებს მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118163