ფეხბურთი

3:14 | 28.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" ბრძოლაში დარჩა

სერია A-ში სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება და რომის „ლაციო“ ნანატრი ტიტულის ადვილად დათმობას არ აპირებს. „არწივებმა“ „იუვენტუსის“ გამარჯვებას გამარჯვებითვე უპასუხეს და კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება აღარ მისცეს.

რომაელებმა „ფიორენტინას“ უმასპინძლეს და ნერვიულობის ფონზე, მაგრამ მაინც სძლიეს. ფლორენციელებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ახლოს იყვნენ ქულა მაინც მოეპოვებინათ, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდნენ. არადა, „იები“ ფრანკ რიბერის გენიალური გოლით დაწინაურდნენ. ფრანგი ტოპ ჩემპიონატებში ხოაკინის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში მინიმუმ 3 გოლი აქვს გატანილი.

ეს პირველ ტაიმში იყო, ნაანტრაქტევს კი სიმონე ინძაგის გუნდმა თამაში გადაარჩინა. თუმცაღაც 67-ე წუთზე მეტად საეჭვო პენალტით გათანაბრდა ანგარიში, რომელიც ჩირო იმმობილემ გაიტანა. სხვათა შორის, „ლაციოს“ სასარგებლოდ მიმდინარე სეზონში მე-15 პენალტი დაინიშნა, რაც იტალიის ჩემპიონატის რეკორდია 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული. 83-ე წუთზე კი, ლუის ალბერტომ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ლაციო“ „იუვენტუსთან“ ისევ 4 ქულას აგებს. ასე, რომ ყველაფერი წინაა და რომაელები დანებებას არ აპირებენ.

აუტსაიდერთა დუელი შედგა „ბრეშასა“ და „ჯენოას“ შორის, მაგრამ ისეთი შედეგი დაფიქსირდა, ორივე უკმაყოფილი უნდა იყოს. განსაკუთრებით „ბრეშა“, რადგან ორბურთიანი სხვაობა გაანიავა და ისედაც კატასტროფულ დღეშია და ამ ქულით ვერაფერი შვება მიიღო. „ჯენოა“ კი ჯერ გასავარდნ ზონის ზღვარზეა, მაგრამ თუ არ მოუმატებს, აუცილებლად იქ აღმოჩნდება.

სამაგიეროდ, არაფერი ემუქრება „კალიარის“, რომელმაც „ტორინო“ 4:2 დაამარცხა და პრაქტიკულად უკვე შეუძლია მშვიდად იყოს. რასაც ვერ ვიტყვით ტურინელებზე, რომლებიც 6 ქულით არიან გასავარდნ ზონას მოშორებული და ცხადია, სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე, ეს არაფრის გარანტია არაა.

„ბრეშა“ – „ჯენოა“ 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 დონარუმა (10), 2:0 სემპრინი (13), 2:1 იაგო ფალკე (38, პენ), 2:2 პინამონტი (70, პენ)

„კალიარი“ – „ტორინო“ 4:2 (2:0)

გოლები: 1:0 ნანდესი (12), 2:0 სიმეონე (17), 3:0 ნაინგოლანი (46), 3:1 ბრემერი (60), 3:2 ბელოტი (66), 4:2 ჟოაო პედრო (68, პენ)

„ლაციო“ – „ფიორენტინა“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 რიბერი (25), 1:1 იმმობილე (67, პენ), 2:1 ლუის ალბერტო (83)

თეგებისერია A
0.114359