ფეხბურთი

1:39 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

24 საათი "ლივერპულის" ჩემპიონობამდე?!

არაა გამორიცხული 24 საათის შემდეგ ინგლისურ ფეხბურთში ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდეთ - „ლივერპული“ პრემიერლიგის ჩემპიონი პირველად გახდეს. უშუალოდ ინგლისის ჩემპიონობა კი 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვოს.

ცხადია ეს მხოლოდ დროის საკითხია თუ 24 საათში არ მოხდება, ოდნავ მოგვიანებით მოხდება. ოდენ დრო - მეტი არაფერი.

იურგენ კლოპის გუნდმა „ევერტონთან“ მოსაწყენი ფრის შემდეგ ცარიელ „ენფილდზე“ „კრისტალ პალასს“ ისეთი დღე აყარა, მტრისას, ოთხი უპასუხო გოლი, ერთმანეთებზე უკეთესები. მოკლედ ვთქვათ, რომ უპირატესობა უკვე 23-ქულიანია, დღეს „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ სტუმრობს და თუ ვერ მოიგებს, „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონი იქნება. დადგება დღე, რომელსაც „სქაუზერები“ ძალიან დიდი ხანია, სამი ათეული წელი ელოდნენ.

თუ „ლივერპულის“ ჩემპიონობას ახლა ხელს მხოლოდ დრო „უშლის“, „მანჩესტერი“ წვალობს და ცდილობს ოთხეულში მოხვდეს. ამისთვის დღეს „სიტის“ ქომაგობა მოუწევს, რადგან კონკურენტ „ჩელსის“ ხვდება.

იქამდე ენტონი მარსიალმა გაიბრწყინა და „შეფილდ იუნაიტედთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, პირველი მანჩესტერულ კარიერაში. და, საერთოდაც, 2013 წლის შემდეგ (რობინ ვან პერსი) „მანჩესტერის“ ფეხბურთელმა პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა. უცნაურია თითქოს, მაგრამ რეალობაა.

„ლივერპული“ – „კრისტალ პალასი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ალექსანდერ-არნოლდი (23), 2:0 სალაჰი (44), 3:0 ფაბინიო (55), 4:0 მანე (69)

„მანჩესტერი“ – „შეფილდ იუნაიტედი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 მარსიალი (7), 2:0 მარსიალი (44), 3:0 მარსიალი (74)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111113