ფეხბურთი

15:15 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "ჩემი გუნდი შედეგს სანახაობრივი ფეხბურთით მიაღწევს"

„ლვოვის“ მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კლუბის ვებგვერდს ესაუბრა. ქართველი სპეციალისტი უკრაინულ გუნდში წარმატების მიღწევას სანახაობრივი ფეხბურთით აპირებს.

ცეცაძის დებიუტი ლვოვის დერბიში შედგება, მისი გუნდის მეტოქე კი „კარპატი“ იქნება, რომელიც ბოლო ადგილზეა და 8 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ჩემპიონატიდან ერთი გუნდი ვარდება, სეზონის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი.

- უკვე შეხვდით გუნდს? რა შთაბეჭდილებები გაქვთ?

- ნორმალური შთაბეჭდილებები, რასაც ველოდი.

- „ლვოვს“ საუკეთესო შედეგები არ ჰქონია ბოლო მატჩებში. რა მიზნები გაქვთ კლუბში?

- ვეცდებით ამ სეზონში დარჩენილ მატჩებში რთული სიტუაციიდან გამოვიდეთ. ახლა მთავარია 5 მატჩიდან მაქსიმალურად გამოვიდეთ გამარჯვებული. თუ ხუთივეს მოვიგებთ, შესანიშნავი იქნება. მაქსიმალური შედეგი გვჭირდება, რომ ჩემპიონატი ღირსეულად დავასრულოთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადოთ.

- როგორ ფეხბურთს ითამაშებს თქვენი გუნდი?

- ვეცდებით შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაცვა ღია გვექნება. თანამედროვე ფეხბურთში ბალანსი მთავარია. იქნება სტრატეგიული პუნქტები, რომელზეც ფსონს გავაკეთებთ. ვითამაშებთ სანახაობრივ ფეხბურთს და შედეგს ასე მივაღწევთ.

- გუნდში ბევრი ბრაზილიელია, თქვენ გიმუშავიათ ლეგიონერებთან, როგორია ეს?

- საქართველოში ვმუშაობდი ლეგიონერებთან, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთის ენა ყველას ესმის. მთავარია გავერთიანდეთ და კონცენტრაცია მოვახდინოთ მოედანზე.

- პირველი მატჩი დერბიში შედგება, „კარპატისთან“. რა მოლოდინი გაქვთ?

- რა თქმა უნდა გულშემატკივრებისთვის დერბი სხვაგვარი ფსიქოლოგიური მდგომარებაა, მაგრამ ჩემმა გუნდმა ყველა მატჩში მოსაგებად უნდა ითამაშოს. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე ვინ იქნება. ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველას დამარცხება გვინდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113149