კალათბურთი

22:01 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკეს არჩევანი - რატომ ცსკა?!

"რა აპოლიტიკური, რუსეთის არმიის გუნდში გადადის ჩვენი ნაკრების კაპიტანი"

...გეთანხმებით, მაგრამ დღეს ჩემი ერთადერთი მიზანი ისაა, რომ იმ ადამიანების ნაწილს მაინც დავანახო მედლის ორივე, მეორე ან ერთი მხარე მაინც, რომლებიც გასაგები თუ გაუგებარი, პოლიტიკური თუ აპოლიტიკური, ლოგიკური თუ ალოგიკური მიზეზებით მუდმივად გაიძახიან, რომ სპორტი პოლიტიკა არაა.

კარგი, დავუშვათ, რომ ეს ორი სიმრავლე ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელია და ისინი საერთო ელემენტებს არ შეიცავენ. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე. უფრო სწორად, მხოლოდ ქართული და რუსული სპორტის ურთიერთდამოკიდებულებაზე, წარსულსა და მომავალზე ვისაუბროთ, რადგან თუ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში რამეს ხედავთ, რის გამოც თოკო "ცსკა"-ში უნდა გადასულიყო, დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ, ამ სტატიაში სათქვენო ნამდვილად არაფერია.

ახლა მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რამდენად სწორია თოკოსთვის კარიერულად ეს ნაბიჯი? ზოგადად, რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს კონკრეტული მოთამაშე ხელშეკრულების გაფორმებისას? ცხადია, პრიორიტეტები ყოველთვის ინდივიდუალურია, მაგრამ მე რომ მოთამაშე ვიყო, შემდეგ გარემოებებს გავითვალისწინებდი:

  • გარემო - სად გადავდივარ, რა პირობებში ვიცხოვრებ, როგორი ატმოსფეროა გუნდში, ქალაქში, ქვეყანაში
  • ჩემი როლი და მოვალეობები გუნდში
  • ხელფასი
  • გუნდისა და პირადი ამბიციები - რამდენად მაღალია თითოეული და რაშია თანხვედრა

ამ ფაქტორების გარდა, შენგელიას შემთხვევაში კიდევ ერთი, ჩემი აზრით, უმთავრესი ფაქტორია გასათვალისწინებელი - რა რეაქცია ექნებათ ამ კონტრაქტზე მის სამშობლოში, რადგან ეროვნული ნაკრების კაპიტნობის გარდა, თოკო დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ქართველი კალათბურთელია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

გარემო

შენგელია ბასკეთში ღმერთია - გუნდის კაპიტანი, გულშემატკივრების ფავორიტი, ევროპაში საუკეთესო (!) მძიმე ფორვარდი, ევროლიგისა და ACB ლიგის MVP-ის ტიტულის მუდმივი კანდიდატი და 23-ნომრიანი მაისური, რაც კალათბურთში განსაკუთრებული პატივია.

საიდან მოხვდა ესპანეთში? NBA-ში უსახური (მიმაჩნია, რომ ამერიკაში თორნიკე უფრო დაუმსახურებლად დაიჩაგრა, მაგრამ დრაფტზე ნაადრევად დადგომა მსგავსი კოლაფსის მიზეზი ხშირად ხდება ხოლმე) სეზონების შემდეგ, ბასკონიამ ქართველი თითქოს "აღსაზრდელად შეიფარა". ცხადია, მასში განსაკუთრებულ ნიჭს ყველა ხედავდა, მაგრამ უფრო ნიჭიერიც ბევრი გვინახავს და ვიცით, რომ თანამედროვე სპორტში მხოლოდ ნიჭით ფონს ვერ გახვალ. თოკოს ნდობა გამოუცხადეს და რამდენიმე სეზონში ის გუნდის უპირობო ლიდერად იქცა. გუნდის, რომელსაც რაიმე ტიტულის მოგების ამბიცია ნაკლებად აქვს, მაგრამ ნებისმიერი ევროპული გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

ესპანეთში ცხოვრება "ასწორებს", კლიმატი მშობლიურს ჰგავს და არც ხალხია დიდად განსხვავებული. შეიძლება, ბასკები მართლა ბიძაშვილებად არ გვეკუთვნიან, მაგრამ სამხრეთული ტემპერამენტი ნამდვილად გვაერთიანებს.

როლი

თორნიკე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ჩამოყალიბდა და ამას მისი სტატისტიკაც მოწმობს - "ევროპის NBA"-ს გასულ სეზონში ქართველმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და თითქმის ყველა იმ კომპონენტში, რომელიც მას "მოეთხოვება", მთელ კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო:

18.6 მარგი ქმედების კოეფიციენტი (მე-6 შედეგი ევროლიგაზე)

15.9 ქულა (მე-7)

5.6 მოხსნა (მე-11)

ამას დავუმატოთ საშუალოდ 1 ჩაჭრა, 2.9 გადაცემა, 58.6%-იანი სიზუსტე 2-ქულიანი ტყორცნებისას და მივიღებთ სამწამიანის ნამდვილ მონსტრს, რომელიც არა ფიზიკურად, არამედ მისი ინტელექტითა და ეფექტურობით გამოირჩევა. NBA-სთან მცირე პარალელი გავავლოთ, რათა უკეთ დავინახოთ, თუ რა დონის მოთამაშეა თოკო ევროპაში.

ევროლიგაში გუნდები საშუალოდ 80.5 ქულას აგროვებენ, NBA-ს მსგავსად, 48 წუთში ეს რიცხვი 96.7-ს გაუტოლდებოდა. NBA-ში გუნდების საშუალო მაჩვენებელი კი 111.5 ქულაა, შესაბამისად შენგელიას დონის მოთამაშეს ამერიკაში საშუალოდ 22 ქულა ექნებოდა, ამაზე მაღალი მაჩვენებელი კი NBA-ს მძიმე ფორვარდებს შორის მხოლოდ იანისს, ენტონი დევისს, სიაკამსა და ტეიტუმს აქვთ. დანარჩენი ანალიზი თქვენთვის მომინდია.

ხელფასი

შენგელიას ამჟამინდელ ხელფასზე, სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, "ბასკონიას" ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელობის გარდა, ამ მხრივ ევროლიგაშიც ერთ-ერთი გამორჩეულია (ათეულს მიღმაა, მაგრამ არამგონია, 20-ეულში არ შედიოდეს).

არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ხელფასი უმნიშვნელოა და რომ ის ყოველთვის უკანა პლანზე უნდა იყოს. ამ მოსაზრებას არასდროს დავეთანხმები, რადგან ეს მინიმუმ იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად გაფასებს ამჟამინდელი თუ მომავალი გუნდი, მაგრამ ზოგ-ზოგიერთებივით ცენტებზე (სუპერვარსკვლავთა გადმოსახედიდან) გამოკიდებასაც არ ვემხრობი.

ამბიციები

ვფიქრობ, თოკოს ბევრად მაღალი მიზნები აქვს, ვიდრე "ბასკონიას", შესაბამისად, როდესაც გუნდი, რომელსაც ყველაფერს მიცემ, სხვადასხვა მიზეზების გამო შენი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენასა და მიზნების მიღწევაში ვერ გეხმარება, ადრე თუ გვიან, უნდა შეიცვალო. ცხადია, არიან მოთამაშეები (ძირითადად ფეხბურთში), რომლებსაც გაცილებით ტიტულოვანი კარიერის შექმნა შეეძლოთ, მაგრამ ამას მშობლიური კლუბისადმი სამუდამო ერთგულება არჩიეს და რომ არ დაგიმალოთ, გულის სიღრმეში, ალბათ, ასეთი სპორტსმენები უფრო მხიბლავენ.

ამბიციებისა და მიზნების მხრივ, "ცსკა" და თოკო ერთმანეთს იდეალურად შეეფერებიან - რუსებს "ევროლიგის" მოგებამდე ხშირად ძალიან ცოტა აკლდებათ და დღეს ეს "ცოტა" თოკოა. ასეა "არმიელების" აზრით, თორემ რა როგორ გამოვა, ამას ერთ წელიწადში ყველა ერთად ვნახავთ.

ვფიქრობ, ხსენებული 4 ფაქტორი დეტალურად გავარჩიე, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები:

  • რატომ ის გუნდი, რომლის სახელის დაწერაც კი ჩემში დიდ ანტიპათიას იწვევს?
  • რატომ მაინც და მაინც ის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენს დეგრადაციას? (თუ ამაში არ მეთანხმებით, აქამდეც ტყუილად დაგიკარგავთ დრო ამ სტატიის კითხვაში და, პრინციპში, მომავალშიც მსგავს თემებზე სხვას ვერაფერს წაიკითხავთ. შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ)
  • რატომ ამ ქვეყნის არმიის გუნდი? მესმის, დღეს "კერძოა", მაგრამ ღერბი, ჰიმნი...

თოკო არის მოთამაშე, რომელსაც ევროლიგის ნებისმიერი (!) გუნდი დაუფიქრებლად დაიმატებს და გაუგებარია, რატომ არ მიდის ის სადმე სხვაგან? იყო ჭორები "რეალზე" და ეს ჭორები რეალობას უფრო წააგავდა. შესაძლოა, თოკოს გარეშე რომ შევადაროთ, ცსკა "რეალზე" უკეთესი იყოს, მაგრამ თოკოსთან ერთად მადრიდელებს უბრალოდ ვერაფერი გააჩერებდათ.

რატომ არა მადრიდი?

ხელფასი? - სისულელე

მიზნები? - სისულელე

ერთადერთი, რითიც ის მეორე გუნდი "რეალზე" უკეთეს ვარიანტად მოჩანს ისაა, რომ თოკოს უბრალოდ არ უნდოდა ბასკეთიდან მადრიდში გადასვლა, მაგრამ ეს ვერსია კიდევ უფრო სულელურად მეჩვენება, ვიდრე წინა ორი, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, თოკოზე, როგორც პიროვნებაზე, ცუდი შთაბეჭდილება არასოდეს მქონია და თუ იმას ხვდება, რომ ბასკები "რეალში" გადასვლის გამო შეიძულებენ, ის მეორე გუნდი რამღა აარჩევინა?

პატრიოტიზმსაც დავანებოთ თავი და იმ ქართველ სპორტსმენებს შევხედოთ, რომლებმაც "ოცნების კოშკები" ერთმორწმუნე ქვეყანაზე ააგეს. რომელი ერთი?

ასათიანი, რომელიც ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკლავი იყო და ძველი ლეგენდის თანახმად "ჩელსის" სხვა მოსკოვური გუნდი არჩია?

ჯანო?

აშვეთია?

ბუ?

მარკოიშვილი?

კვირკველია?

რიცხვი მითხარით და ზუსტად იმდენ ქართველ სპორტსმენს დაგისახელებთ, რომელმაც კარიერა ჩვენს "კეთილგანწყობილ" მეზობელ ქვეყანაში დაინგრია.

ამ ქვეყანაზე უბრალოდ არ ღირს ოცნებებების დამყარება, რადგან რუსეთთან ოცნება თანხვედრაში ვერ მოდის (ვიმეორებ, ჩემი პოლიტიკური თუ სპორტული შეხედულებების მიუხედავად, სტატია მაქსიმალურად აპოლიტიკურია).

ჩნდება კითხვა - და ახლა რომ გამოვიდეს? გამოვა და გამოვიდეს, მაგრამ ერთ რამეს თოკო უნდა ხვდებოდეს - როდესაც ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მომავალი კალათბურთელებისთვის სამაგალითო ხარ, "ცსკა"-ში არ უნდა მიდიოდე, მითუმეტეს ლიდერის როლში, რომელსაც შენგელიას მოსკოვში აუცილებლად მოთხოვენ.

ახლა კი, პირადად თოკოს მივმართავ, თუ ეს სტატია ესპანეთამდე მიაღწევს - NBA-ში შენი არც ერთი წუთი გამომიტოვებია, ევროლიგაზეც მაქსიმალურად გადევნებ თვალს და ყოველთვის გგულშემატკივრობ. ანალოგიურს ვიტყვი ACB ლიგაზეც. მიხარია შენი თითოეული ქულა და გამარჯვება, მწყინს მარცხი, ჯგუფურ ეტაპზე იქნება ეს თუ Final 4-ში. ნაკრებზე ლაპარაკს აზრიც არ აქვს - აქ მარტო შენ არ ხარ საგულშემატკივრო. დღესაც მახსოვს, როგორ ვუყურე 2012 წლის დრაფტს - აბიტურიენტი ვიყავი და ვამაყობდი, რომ ჩემზე 2-3 წლით უფროსი ბიჭი ამ დონეზე იყავი. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველთვის გგულშემატკივრობდი, ვის წინააღმდეგაც არ უნდა გეთამაშა, მაგრამ "ცსკა"-ში გადასვლის შემდეგ ეს ასე აღარ იქნება, რადგან სულ რომ ევროლიგა მოიგო, შენს ოქროს მედალს ძალიან, ძალიან დიდი და ბნელი მეორე მხარე ექნება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114141