კალათბურთი

1:06 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ისტორიაში ყველაზე ეფექტური გუნდი" - ცსკა-ში შენგელიას ტრანსფერის გამოხმაურება

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი როგორც ჩანს უკვე გადაწყვეტილია. ყოველშემთხვევაში ბერძნულ მედიაში გავრცელებული ცნობის შემდეგ რუსულმა მედიამ ზეიმი დაიწყო.

ცნობილი გამოცემა Championat-ი ამ თემას ვრცელი წერილით გამოეხმაურა და დაწერა, რომ შენგელიას ტრანსფერით ცსკა ისტორიაში ყველაზე ეფექტური გუნდი გახდება. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

„ცსკა „ბასკონიას“ მძიმე ფორვარდ თორნიკე შენგელიას 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა SDNA იტყობინება. არაერთი ევროპული წყაროც ადასტურებს, რომ ქართველი მოსკოვში გადავა. შენგელიას კონტრაქტი ბასკურ გუნდთან ძალაში 2022 წლამდეა და ცსკა 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის მის გამოსასყიდად (შესაძლოა ეს იყოს უფრო ნაკლები თანხაც, საბოლოო დეტალები შესათანხმებელია).

შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად მხოლოდ შემდეგ თვეში გამოცხადდება, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდება, რომლის განახლება 17 ივნისსა დაგეგმილი. შენგელია ბოლოჯერ დაეხმარება „ბასკონიას“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინოს, მაგრამ ქვეცნობიერში უკვე ცსკა-ს მოთამაშეს წარმოადგენს.

შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე ინფორმაცია წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ აქამდე გარიგება ბოლომდე არ მისულა. ამბობდნენ, რომ ქართველს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთისადმი, აქედან გამომდინარე იქ გადაბარგებაზე საუბარიც არ სურდა. თუმცა, საძიებო სისტემაში თორნიკეს მიერ რუსეთზე ცუდი სიტყვები არ იძებნება და გამოდის, რომ ყველა ეს ინფორმაცია ფანტასტიკის სფეროა.

შენგელია არაერთხელ ესაუბრა ანდრეი ვორონცოვიჩს და კლუბის შესახებ ინფორმაცია გაიგო. კომენტატორმა ვლადიმერ გომელსკიმ უარყო ცნობა, რომ თითქოს შენგელიას რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. „თორნიკეს მამა თბილისის „დინამოში“ თამაშობდა და ლიტვაში ევრობასკეტ 2011-ზე ხშირად ვსაუბრობდით. ვერ ვიგრძენი, რომ მის ოჯახში რუსეთისადმი ცუდი დამოკიდებულებაა. თორნიკე რუსულ ენაზე კარგად საუბრობს. მგონია, რომ ის კომუნიკაბელური, მეგობრული და მომღიმარი ადამიანია. არასდროს მსმენია, შენგელიას რუსეთზე ცუდი ეთქვას“, - თქვა გომელსკიმ.

ახლა პირდაპირ იმ წერტილებზე, რომელიც კალათბურთს ეხება. ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონში შენგელია საშუალოდ 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას და 2.9 პასს აგროვებდა. მისი მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 18.5 გახლდათ (ტურნირზე მე-6 მაჩვენებელია). გადაჭარბების გარეშე მაღალი დონის მოთამაშეა, რომელიც ელიტარულ დონეს წლების განმავლობაში აჩვენებს. 2017-2018 წლების სეზონში შენგელია ევროლიგის სეზონის სიმბოლურში მოხვდა, როდესაც საშუალოდ 13.7 ქულას, 6.1 მოხსნა და 2.1 პასს აგროვებდა, 18.2 მარგი ქმედების კოეფიციენტით. ესპანეთში პირველად გახდა წლის საუკეთესო მოთამაშეც.

2018-2019 წლების სეზონში ოდნავ დაიჩრდილა, რადგან ტრავმები ჰქონდა. ვერ მოხვდა ევროლიგის სიმბოლურში, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის 2019 წლის ყველაზე სანახაობრივ მოთამაშედ აღიარეს. ამ სეზონში ევროლიგის ათწლეულის გუნდში კანდიდატთა შორისაც დაასახელეს. თუმცა, ტოპ 10-ში ვერ მოხვდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. ევროლიგაში ის მხოლოდ ათწლეულის მეორე ნახევარში გამოჩნდა და მანამდე NBA-ში თამაშობდა, „ბრუკლინ ნეტსა“ და „ჩიკაგო ბულსში“.

შენგელიას დამატებით ცსკა-ს შემადგენლობა ფენომენალურად ძლიერი და ისტორიული სტანდარტების ხდება. მანამდე მოსკოვურმა გუნდმა „ოლიმპიაკოსიდან“ ნიკოლა მილუტინოვი დაიმატა, რომელიც საუკეთესო იყო ევროლიგაში თავის პოზიციაზე, ასევე მაიკ ჯეიმსი, რომელიც შედეგიანობით ევროლიგაში მესამეა. ევროლიგის ყველაზე ეფექტური ექვსი კალათბურთელიდან სამი ცსკა-ში ითამაშებს და ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.

კიდევ ერთხელ - „არმიელთა“ რიგებში ევროპაში ყველაზე ძლიერი ტურნირიდან 6 საუკეთესო მოთამაშიდან სამი ითამაშებს! სხვადასხვა დროს ცსკა-ს ბევრი ვარსკვლავი ჰყავდა, მაგრამ ეს შემადგენლობა ნამდვილ სუპერგუნდს ჰგავს. რაც მთავარია, ყველა 30 წელს ქვემოთაა, 29 წლის ჯეიმსი, 25 წლის მილუტინოვი და 28 წლის შენგელია. სამწლიანი კონტრატქებით, რაც ნიშნავს, რომ მოსკოვში სერიოზული გეგმაა და დიდი ხნის განმავლობაში დარჩებიან.

გასათვალისწინებელია, რომ ცსკა-ს დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა. გუნდმა შესაძლოა ასევე დაიმატოს ევროლიგის ტოპ მოთამაშეები, კოსტას სლუკასი („ფენერბახჩე“) და ნიკ კალატესი („პანათინაიკოსი“). ვინ იცის, რა მოხდება მომავალში. ნებისმიერ შემთხვევაში, შემადგენლობა უკვე ძალიან ძლიერია. ჯეიმსი, შენგელია, მილუტინოვი, უილ კლაიბერნი, ნიკიტა ყურბანოვი, დანიელ ჰაკეტი, იოჰანეს ვოიტმანი - მოთამაშეები, რომლებზეც უარს ევროლიგის არცერთი გუნდი არ იტყოდა. წინა ხაზი განსაკუთრებით ძლიერი ჩანს, კაპიტან კაილ ჰაინსის წასვლაც პრობლემა აღარაა თუ მხედველობაში მივიღებთ სათამაშო ასპექტებს.

ბუკმეიკერები 2020-2021 წლების სეზონის მთავარ ფავორიტად ცსკა-ს დაასახალებენ, როგორც არ უნდა გაძლიერდნენ ესპანური გიგანტები „რეალი“ და „ბარსელონა“, ან თურქული „ანადოლუ ეფესი“ შეინ ლარკინის ლიდერობით. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ სეზონის დაწყებას, რომელიც ძალიან გასართობი იქნება“, - წერს გამოცემა.

ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას ოფიციალურად არცერთი მხარე არ ადასტურებს და ვნახოთ იქნება თუ არა საფუძვლიანი რუსული მედიის ზეიმი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098795