ფეხბურთი

10:59 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაშია და ყაზაიშვილი რესტარისთვის მზადებას იწყებენ: MLS-ში ფორმატი განაახლეს

NBA-ს შემდეგ აშშ-ში MLS-ის სეზონის ფორმატიც შეცვალეს. 12 მარტს შეწყვეტილი ტურნირი 8 ივლისს განახლდება და 11 აგვისტოს დასრულდება. ყველა შეხვედრა (როგორც NBA) ორლანდოში, Walt Disney World Resort-ში გაიმართება. გასართობი პარკი აღჭურვილია დიდი სპორტული კომპლექსით და მოედნებით.

MLS-ის 26 გუნდი 6 სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდება და 8 ივლისიდან ჯგუფური ეტაპის გათამაშება დაიწყება. 25-28 ივლისს მერვედფინალი, 30 ივლისიდან 1 აგვისტომდე მეოთხედფინალი, 5-6 აგვისტოს ნახევარფინალი, ხოლო 11 აგვისტოს ფინალი გაიმართება.

საერთო ჯამში 54 თამაში ჩატარდება, აქედან 39 ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო 15 პლეი-ოფში. ისიც ვთქვათ, რომ MLS-ის ყველა გუნდი Walt Disney World Resort-ის 27 სასტუმროში დარჩებიან და ბუნებრივია საწვრთნელ პროცესსაც იქ გაივლიან. მატჩები თითქმის ყოველდღე, სამ სხვადასხვა დროს გაიმართება. გარდა ამისა, ამერიკაში მიიღეს IFAB-ის წინადადება და თითოეულ გუნდს 5 შეცვლის უფლება ექნება.

ცხადია, სეზონის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება სამედიცინო ოქმები და COVID-19-ის ტესტირების გეგმა, რომელიც ინფექციური დაავადების ექსპერტებმა შეიმუშავეს.

შეგახსენებთ, MLS-ში ორი ქართველი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია თამაშობენ, რომლებიც „სან ხოსეს“ ღირსებას იცავენ.

0.126283