ფეხბურთი

10:24 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების კვალი ტოპ ლიგებში - სიმბოლური ნაკრები

არც ისე შორეულ წარსულში იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს ევროპის ტოპ ლიგებში (პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა, ლიგა 1) არაერთი ფეხბურთელი ჰყავდა. სამწუხაროდ, დღეს სხვა რეალობაა და მხოლოდ წარსულ დროში შეგვიძლია საუბარი.

თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მალე ისევ ვიხილავთ ჩვენს თანამემამულეებს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით და საუკეთესო სტადიონებზე. იქამდე, შეგვიძლია გავიხსენოთ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები, რომელთაც ტოპ ლიგებში უთამაშიათ.

ამიტომაც, გადავწყვიტეთ სიმბოლური ნაკრების სახით წარმოგვედგინა თქვენს წინაშე და 11 ფეხბურთელები შევარჩიეთ, სქემაც ასეთია: 3-4-3.

გიორგი მაკარიძე („ლე მანი“, ლიგა 1)

მეკარის პოზიციაზე არჩევანი პრაქტიკულად არ გვქონია, რადგან ტოპ ლიგაში მხოლოდ გიორგი მაკარიძეს უთამაშია. ქართველმა კიპერმა 2010-2011 წლების სეზონში „ლე მანის“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში ორი თამაში ჩაატარა. შემდეგ ლიგა 2-ში სამი სეზონი გაატარა, ხოლო უკვე რამდენიმე წელია პორტუგალიის საკმაოდ კარგ ჩემპიონატში სტაბილურად ირჯება. რადგან ამ შემთხვევაში არჩევნის გარეშე ვიყავით, გამონაკლისის სახით ესეც უნდა ჩავუთვალოთ.

შეიძლებოდა გიორგი ლორიას არჩევაც, რომელსაც გერმანიაში უთამაშია, ოღონდ მეორე ბუნდესლიგაში და რუსეთში, რომელიც რეალურად რეიტინგში მეექვსე ჩემპიონატია ევროპაში, ასევე ჰქონდა კარგი პერიოდები. თუმცა, რადგან მაკარიძეს აქტივში ლიგა 1-ის მატჩებია, სწორედ ის ვარჩიეთ.

კახა კალაძე („მილანი“, „ჯენოა“, სერია A)

კახა კალაძეს იტალიის სერია A-ში 12 სეზონი აქვს გატარებული. ჩვენებური 2001 წლის იანვარში კიევის „დინამოდან“ „მილანში“ 12 მილიონ ევროდ გადავიდა და „როსონერის“ 9.5 წელი უერთგულა. ლომბარდიელთა რიგებში კალაძე თავიდან ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდა, შემდეგ დაცვის მარცხენა ფლანგზე, ბოლოს უკვე დაცვის ცენტრში. მილანურ კარიერაში განსაკუთრებით რამდენიმე სეზონი ჰქონდა გამორჩეული, მაგალითად 2000-2001, 2001-2002, 2002-2003, 2005-2006 და 2007-2008. 2006 წლის 14 აპრილს კი, „დერბი დელა მადონინაში“ გამარჯვების გოლიც გაიტანა. ისიც უნდა ითქვას, რომ 2001-2002 წლების სეზონში 4 გოლი გაიტანა და „მილანის“ მცველებში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჰქონდა XXI საუკუნეში, ცოტა ხნის წინ ტეო ერნანდესმა მოუხსნა ეს მიღწევა.

2010 წელს კალაძე „ჯენოაში“ გადავიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და 2010-2011 წლებში სეზონი სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. საერთო ჯამში იტალიურ კარიერაში ქართველმა უშუალოდ სერია A-ში 247 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა (194 მატჩი, 12 გოლი „მილანში“, 53 მატჩი, 1 გოლი „ჯენოაში“). ერთხელ სკუდეტო მოიგო (2004 წელს). ცხადია, ამას „მილანთან“ ერთად მოგებულ ორ ჩემპიონთა ლიგას და სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოებს თუ დავუმატებთ, ყველაფერი უფრო შთამბეჭდავ სახეს მიიღებს.

კახა ცხადაძე („აინტრახტი“, ბუნდესლიგა)

კახა ცხადაძე1992 წელს მოსკოვის „დინამოდან“ ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადაბარგდა და გერმანულ გუნდს ოთხი წელი წარმატებით ემსახურა. უშუალოდ ბუნდესლიგაში ფრანფკურტელთა რიგებში 64-ჯერ ითამაშა და ერთხელ გოლიც გაიტანა, 1995 წელს „შტუტგარტის“ კარში.

მოგვიანებით ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისში, „მანჩესტერ სიტიში“ ორი სეზონი გაატარა, მაგრამ სამწუხაროდ, პრემიერლიგაში არ უთამაშია. „ქალაქელებს“ იმ პერიოდში დიდი გასაჭირი ჰქონდათ, ჯერ რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდნენ, საიდანაც ორ სეზონში უსწრაფესად აინაცვლეს პრემიერლიგაში, მაგრამ მანამდე ცხადაძეს კლუბი უკვე დატოვებული ჰქონდა.

ზურაბ ხიზანიშვილი („ბლექბერნი“, პრემიერლიგა)

ზურაბ ხიზანიშვილის ბრიტანული კარიერა ჯერ კიდევ შოტლანდიაში, „დანდიდან“ დაიწყო და ეტაპობრივად განვითარდა. სულ მალე „რეინჯერსში“ გადავიდა, სადაც ყველაფერი კარგად მისდიოდა, მაგრამ 2005 წელს ალექს მაკლიშის ნდობა დაკარგა და ამიტომაც, ინგლისში, „ბლექბერნ როვერსში“ გაანათხოვრეს.

ზოგი ჭირი მარგებელიაო და ასე გამოვიდა. „ვარდების“ რიგებში ზურამ უმალვე შეძლო დამკვიდრება და 2005-2006 წლების სეზონში მარკ ჰიუზის გუნდის ღირსება 26-ჯერ დაიცვა, 1 გოლიც გაიტანა, „მანჩესტერ სიტის“ კარში. შედეგად, „ბლექბერნმა“ ჩვენებური გამოისყიდა. „ხიზანასთვის“ 2005-2006 წლების სეზონი საუკეთესო გამოდგა. მომდევნო წელს მოედანზე 18-ჯერ გავიდა, იმის შემდეგ 13-ჯერ, ხოლო 2008-2009 წლების სეზონში მხოლოდ ხუთჯერ. საბოლოო ჯამში ინგლისის პრემიერლიგაში ხიზანიშვილის აქტივში 62 მატჩი და 1 გოლია. „ბლექბერნის“ შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ჯერ „ნიუკასლში“, მერე „რედინგში“ ირჯებოდა, მაგრამ ორივე ჯერზე მხოლოდ ჩემპიონშიფში თამაშით შემოიფარგლა. 2011 წელს კი ნისლიანი ალბიონი დატოვა და კარიერა თურქეთში გააგრძელა, სადაც 3 სეზონი საკმაოდ წარმატებით ირჯებოდა.

ლევან კობიაშვილი („ფრაიბურგი“, „შალკე“, „ჰერტა“, ბუნდესლიგა)

ლევან კობიაშვილს ქართველებიდან ტოპ ლიგაში თამაშის ყველაზე დიდი გამოცდილება გააჩნია. გერმანიის ბუნდესლიგაში 351 მატჩი! ალემანთა მთავარი ლიგის ისტორიაში ლეგიონერთა შორის ამაზე მეტჯერ მხოლოდ და მხოლოდ პერუელ კლაუდიო პიზაროს უთამაშია.

კობიაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო სამივე გერმანულ გუნდში - „ფრაიბურგში“, „შალკესა“ და „ჰერტაში“. ცენტრალური ნახევარმცველი, მარცხენა ნახევარმცველი თუ მარცხენა მცველი, ლევანი ყველა პოზიციაზე სტაბილურად ირჯებოდა. საერთო ჯამში ბუნდესლიგაში ჩატარებულ ხსენებულ 351 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა და 33 საგოლე პასი მიითვალა.

„ფრაიბურგში“ „კობიმ“ 1997-2003 წლებში ითამაშა, შემდეგ „შალკეში“ გადავიდა, საიდანაც 2010 წლის იანვარში ბერლინის „ჰერტაში“ აღმოჩნდა და კარიერაც დედაქალაქურ კლუბში 2014 წელს დაასრულა.

კობიაშვილის ბუნდესლიგური მატჩები სამ გუნდზე ასე ნაწილდება: „ფრაიბურგი“ – 121 მატჩი, 20 გოლი. „შალკე“ – 168 მატჩი, 9 გოლი. „ჰერტა“ – 64 მატჩი, 3 გოლი. ამასთან, მეორე ბუნდესლიგაში გამართულ 85 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. თუმცა, ამ წერილში მხოლოდ ტოპ ლიგებში ნაჩვენებ შედეგებს ვითვალისწინებთ. ორჯერ ინტერტოტოს თასი მოიგო, ერთხელ გერმანიის ლიგის თასი, ხოლო სამჯერ გერმანიის მეორე ბუნდესლიგა. ორჯერ გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გახდა და „ვერცხლის სინთან“ ყველაზე ახლოს 2006-2007 წლების სეზონში იყო, როდესაც „შალკე“ დიდი ხანი ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს „შტუტგარტს“ 2 ქულით ჩამორჩა.

ლევან ცქიტიშვილი („ფრაიბურგი“, „ვოლფსბურგი“, ბუნდესლიგა)

ლევან ცქიტიშვილი წლების განმავლობაში გერმანიაში წარმატებით იცავდა საქართველოს სახელს. 1998-2006 წლებში საერთო ჯამში ბუნდესლიგაში ლევანმა 127 თამაში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. დღევანდელი გადმოსახედიდან ასეთი შედეგი ნამდვილად სანატრელი გვაქვს.

ცხადია, ბუნდესლიგაში მისი კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი ფოლკერ ფინკეს „ფრაიბურგს“ უკავშირდება, რომლის რიგებში (უშუალოდ ბუნდესლიგაში და არა მეორე ბუნდესლიგაში ან გერმანიის თასზე) 112 თამაში ჩაატარა. შვიდივე გოლი ლევანმა სწორედ „ფრაის“ მაისურით გაიტანა. საუკეთესო სეზონი კი 2003-2004 წლებში ჰქონდა, როდესაც 29 თამაშში 4-ჯერ გამოიჩინა თავი. თუმცა, არც შემდეგი სეზონი ყოფილა ურიგო, 20 მატჩი, 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემია. 2005 წელს ცქიტიშვილი „ფრაიბურგიდან“ „ვოლფსბურგში“ გადავიდა, სადაც თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მუდმივად თამაშობდა, მაგრამ თებერვალში ძირითადში ადგილი დაკარგა და მოედანზე აღარ გამოჩენილა. „მგლების“ რიგებში ქართველმა ნახევარმცველმა 15 შეხვედრაში 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

ჯაბა კანკავა („რეიმსი“, ლიგა 1)

ჯაბა კანკავა ფრანგული „რეიმსის“ ღირსებას ორი წელი იცავდა (2015-2017), თუმცა ტოპ ლიგაში, მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. ეს 2015-2016 წლებში, როდესაც „რეიმსი“ ლიგა 1-ში იყო და კანკავა ძალიან კარგად ჩაეწერა ფრანგული გუნდის რიგებში. საფრანგეთის საუკეთესო ლიგაში ჩვენებურმა იმ სეზონში 27 თამაში ჩაატარა და კარგი პრესაც ჰქონდა. ოღონდ ეგაა, გოლი ვერ გაიტანა, 12 ყვითელ ბარათს გამორჩა და მისი გუნდიც დაქვეითდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ სიაში ყოფნას იმსახურებს. ჯაბა „რეიმსს“ ლიგა 2-შიც გაჰყვა, სადაც მოედანზე 20-ჯერ გავიდა და 2017 წლის ზაფხულში კლუბი დატოვა.

გიორგი ქინქლაძე („მანჩესტერ სიტი“, „დერბი ქაუნთი“, პრემიერლიგა)

ინგლისში ქინქლაძემ საერთო ჯამში 7 სეზონი გაატარა, მაგრამ უშუალოდ პრემიერლიგას მხოლოდ ოთხი ეკუთვნის. 1995-1996 წლების სეზონი, სადებიუტო, მათ შორის ყველაზე წარმატებული იყო. „ქინქიმ“ „მანჩესტერ სიტის“ პუბლიკას თავი სამუდამოდ შეაყვარა და „საუთჰემპტონთან“ დაუვიწყარი გოლიც გაიტანა. იმ სეზონში გიორგიმ 27 თამაშში 4-ჯერ გამოიჩინა თავი, მაგრამ სამწუხაროდ „სიტი“ გავარდა. ქინქლაძე მანჩესტერელთა რიგებში კიდევ ორი წელი დარჩა, თუმცა პრემიერლიგაში ამ გუნდის მაისურით მეტჯერ აღარ უთამაშია.

ალბიონელთა მთავარ ლიგას ჩვენებური 1999-2000 წლების სეზონში „დერბიში“ დაუბრუნდა. „ქაუნთის“ შემადგენლობაში პრემიერლიგაში ქინქლაძემ 1999-2000, 2000-2001, 2001-2002 წლების სეზონებში ითამაშა. მთლიანობაში გიორგიმ პრემიერლიგაში 102 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა (37 მატჩი და 4 გოლი „სიტიში“, 65 მატჩი და 3 გოლი „დერბი ქაუნთიში“).

თემურ ქეცბაია („ნიუკასლ იუნაიტედი“, პრემიერლიგა)

თემურ ქეცბაიამ ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშა და „ბოლტონთან“ მისი გოლის აღნიშვნა დღემდე ახსოვთ. თუმცა, სხვა მხრივაც გამოირჩეოდა ჩვენებური. პრემიერლიგაში „ნიუკასლ იუნაიტედის“ შავ-თეთრი მაისურით თემურმა 1997-1998, 1998-1999, 1999-2000 წლებში 76 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

პირველ სეზონში 31 მატჩში 3 გოლი მიითვალა, შემდეგ 25 თამაში დასჭირდა 5 გოლისთვის და ბოლოს 20 უგოლო შეხვედრა ჩაატარა. „კაჭკაჭებში“ თემურმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ინგლისის ასოციაციის თასზეც შეძლო თავის გამოჩენა. 2000 წელს „ნიუკასლი“ დატოვა და „ვულვზვში“ გადავიდა, მაგრამ პრემიერლიგაში არ უთამაშია, ჩემპიონშიფში ირჯებოდა ერთი წელი და მერე შოტლანდიას მიაშურა.

ალექსანდრე იაშვილი („ფრაიბურგი“, „კარლსრუე“, ბუნდესლიგა)

ცხადია ამ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ალექსანდრე იაშვილმაც დაიმსახურა, რომელმაც ბუნდესლიგაში 198 თამაში ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

ეს ყველაფერი ორი გუნდის, „ფრაიბურგისა“ და „კარლსრუეს“ შემადგენლობაში. მისი სახელი მაინც „ფრაისთან“ ასოცირდება, რომლის რიგებში საუკეთესო სეზონი ჰქონდა, 2003-2005 წლებში და 30 ბუნდესლიგურ მატჩში 9 გოლი გაიტანა, „ვოლფსბურგთან“ იმავე სეზონში ჰეთ-თრიქიც შეასრულა, რაც დღემდე ჩვენთვის უნიკალური შედეგია ტოპ ლიგაში.

„ფრაიბურგში“ „იაშკამ“ 147 თამაშში (იგულისხმება მხოლოდ ბუნდესლიგის ეგიდით) 29 გოლი გაიტანა, ხოლო 2007 წელს „კარლსრუეში“ გადაბარგდა და მომდევნო ორ სეზონში ბუნდესლიგაში გამართულ 51 შეხვედრაში მეტოქეები 4-ჯერ დაამწუხრა, ხოლო 8-ჯერ თანაგუნდელებს დაეხმარა გატანაში. ცნობისთვის, ქართველ შემტევს საგოლე პასების გაცემა უყვარდა, 2000-2001 წლების სეზონში 9, ხოლო 2003-2004 წლების სეზონში 7 ასისტი მიითვალა, ცხადია საუბარი ბუნდესლიგაზე გვაქვს.

სხვათა შორის, ამ ორი გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებს თუ გავაერთიანებთ, იაშვილმა 432 თამაშში 90 გოლი და 86 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში! ისიც ვთქვათ, რომ გერმანიაში მან „ლიუბეკისა“ და „ბოხუმის“ ღირსებაც დაიცვა, ოღონდ არა ბუნდესლიგაში.

ლევან მჭედლიძე („პალერმო“, „ემპოლი“, სერია A)

ლევან მჭედლიძეს ამ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ნამდვილად ეკუთვნის. სერია A-ში ქართველმა ფორვარდმა „პალერმოსა“ და „ემპოლის“ მაისურით 2008-2019 წლებში 11 გოლი გაიტანა (ამ პერიოდში ხუთი სეზონი სერია B-ზე მოდის). ცხადია, 11 გოლი დიდი ვერაფერი მონაგარია, მითუმეტეს თავდამსხმელისთვის, მაგრამ არის გარემოებები, რითაც სხვა ქართველები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან.

მაგალითად, მჭედლიძე უნიკალურია იმ კუთხით, რომ გოლი გაუტანა იტალიური ფეხბურთის სამივე გრანდს - „იუვენტუსს“, „მილანსა“ და „ინტერს“! თანაც, სამივე შეთხვევაში სტუმრად და ორჯერ მისი გოლი გამარჯვების იყო...

2008 წელს ტურინში ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა გამარჯვების გოლი და ეს „პალერმოს“ მაისურით მოახერხა. 2014-2015 წლების სეზონში „ინტერთან“ დუბლი მიითვალა, მაგრამ მისი გუნდი 3:4 მაინც დამარცხდა, ხოლო 2016-2017 წლების სეზონში „მილანს“ გაუტანა და „ემპოლიმ“ 2:1 მოიგო. ისიც ვთქვათ, რომ ეპოქალურ „სან სიროზე“ თავი სამჯერ გამოიჩინა... გოლი გაუტანა ტოსკანურ დერბიში „ფიორენტინასაც“. მისი საუკეთესო სეზონი მაინც 2016-2017 წლებია, როდესაც სერია A-ს 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ისიც დავამატოთ, რომ იტალიის მთავარ ლიგაში ორჯერ მოახერხა დუბლის შესრულება - „ინტერთან“ 2015 წელს და „კალიარისთან“ 2016 წელს. სერია A-ში ლევანის ანგარიშზე 75 მატჩია (11 „პალერმოში“, 64 „ემპოლიში“). ბარემ ისიც დავძინოთ, რომ სერია B-ში ხუთი, ხოლო იტალიის თასზე 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118679