ფეხბურთი

22:34 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბორუსიების" დღე

გერმანის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მორიგ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა 12 გოლისთვის.

ეს იყო „ბორუსიების“ დღე, რადგან „გლადბახმა“ ბერლინის „უნიონი“ გაანადგურა, ხოლო „დორტმუნდმა“ ჩემპიონატის აუტსაიდერ და პრაქტიკულად განწირულ „პადერბორნს“ თავბედი აწყევლინა.

„გლადბახი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ახლა მისთვის თითოეული ქულა ოქროს ფასისაა. ამიტომაც, ბერლინის „უნიონთან“ წაფორხილების უფლება არ ჰქონდა და არც დაუცდა, მეტოქე მარკუს ტურამის ლიდერობით ადვილად, 4:1 ადვილად დაამარცხა. ფრანგმა პირველი გოლი აშშ-ში მოკლულ ჯორჯ ფლოიდს მიუძღვნა. მისმა გუნდმა 56 ქულას მოუყარა თავი და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა „ლაიფციგს“ ერთი თამაში მარაგში აქვს და შეუძლია გადაასწროს. „უნიონი“ ჯერ გასავარდნ ზონას მოცილებულია, მაგრამ თუ ქულებს კიდევ არ დააგროვებს, თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს.

„დორტმუნდს“ რაც შეეხება, საჩემპიონო ამბიცია პრაქტიკულად მოუკვდა, მაგრამ ამის მიუხედავად „პადერბორნი“ მისსავე მოედანზე, ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაანადგურა. კვლავ ბრწყინვალე იყო ჯეიდონ სანჩო, რომელმაც ერლინგ ჰოლანდის არყოფნაში ბომბარდირობა იტვირთა და მეტოქე სამჯერ დაამწუხრა. „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ 7 ქულით ჩამორჩება და ჯერაც ინარჩუნებს „ვერცხლის სინის“ მოგების მცირე, მაგრამ მაინც შანსს.

„გლადბახი“ – „უნიონი“ 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 ნოჰაუსი (17), 2:0 ტურამი (41), 2:1 ანდერსონი (50), 3:1 ტურამი (59), 4:1 პლეა (81)

„პადერბორნი“ – „დორტმუნდი“ 1:6 (0:0)

გოლები: 0:1 აზარი (54), 0:2 სანჩო (57), 1:2 ჰუნემაიერი (72, პენ), 1:3 სანჩო (74), 1:4 ჰაკიმი (85), 1:5 შმელცერი (89), 1:6 სანჩო (90)

თეგებიბუნდესლიგა
0.131037