ფეხბურთი

21:05 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

შავი დღე ფეხბურთის ისტორიაში (+VIDEO)

ტრაგედია, რომლის დაჯერება ჯერ კიდევ შეუძლებელია, 35 წელი წყეული საღამოდან. 29 მაისი, 1985 წელი, ბრიუსელის „ეიზელის“ სტადიონი, სადაც „იუვენტუსი“ და „ლივერპული“ ჩემპიონთა თასის ფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ.

39 ადამიანი დაიღუპა (32 იტალიელი) ინგლისელი ხულიგნების მიერ გამოწვეული არეულობისგან, რამაც სექტორ Z-ს დაშლა გამოიწვია, სადაც „იუვენტუსის“ გულშემატკივრები ისხნდნენ. წესით, ეს ტრიბუნა ნეიტრალური ქომაგებისთვის ჰქონდა უეფას განკუთვნილი და „ლივერპულის“ სექტორის გვერდით მდებარეობდა, მაგრამ ბილეთები ბრიუსელში მცხოვრებმა იტალიელმა ფანებმა შეიძინეს, რომლებიც „იუვეს“ ქომაგობდნენ.

„იუვენტუსის“ და „ლივერპულის“ ტკივილი

„ეიზელი“ არის სიტყვა, რომელსაც ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. ისინი, ვინც სტადიონზე იყვნენ, ისინი, ვინც ტელევიზორიდან უყურებდნენ თამაშს და ისინიც, ვინც იმ დროს ჯერ კიდევ არ იყვნენ დაბადებული, მაგრამ ისტორიული წყაროებიდან ტრაგედიის შესახებ ფაქტები იციან. ბრიუსელის იმ საღამომ 39 ადამიანი წაიყვანა, მათ შორის ყველაზე პატარა 10 წლის იყო. ჩვენი ხსოვნა და ტკივილი მათ ეძღვნება. წლები გადის, მაგრამ ეს სიტყვა აგრძელებს ჩვენში იმავე, უცვლელ ტკივილს, „ეიზელი“, - წერს „იუვეს“ ვებგვერდი.

„ჩვენ გვახსოვს ფეხბურთის 39 გულშემატკივარი, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს ბელგიის „ეიზელის“ სტადიონზე 35 წლის წინ, ამ დღეს. შენ არასოდეს იქნები მარტო“, - წერს „ლივერპული“ ტვიტერზე.

მიუხედავად თამაშამდე მომხდარი უდიდესი ტრაგედიისა, უეფა მაშინ შეუვალი აღმოჩნდა, თამაში არ გადადო და ფეხბურთელებს მოედანზე გასვლა დაავალა. რამდენიმე საათის დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეხვედრა დაიწყო, რომელიც „იუვენტუსმა“ გარდაცვლილი ქომაგების ხსოვნის პატივსაცემად მიშელ პლატინის გოლით მოიგო და ევროპის ჩემპიონთა თასი პირველად მოიგო.

0.149544