ფეხბურთი

15:48 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ნომერი, რომელსაც ბრძოლა უწევდა

ხუთჯერ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, ხოლო IFFHSS-მ ათწუელულის (2000-2010) მეკარეებს შორის ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ მეორე ადგილი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, იკერ კასილიასის კარიერა არც ისე მარტივი იყო, როგორც ბევრმა შეიძლება იფიქროს.

მადრიდის „რეალსა“ და ესპანეთის ნაკრებში პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო, და მაინც, იკერს ძირითად შემადგენლობაში ადილი გარანტირებული თთქმის არასდროს ჰქონია. ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ ჟოზე მოურინიოსთან დაპირისპირება ჰქონდა და ბოლოს კარიერა „პორტუში“ გააგრძელა, იმის მიუხედავად, რომ მაშინ 34 წლის იყო, რაც მეკარისთვის არც ისე საგანგაშო ასაკია. სწორედ „დრაკონებში“ დაასრულა კარიერა მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში გულის შეტევა გადაიტანა.

იკერ კასილიასი „რეალში“ 8 წლის ასაკში გამოჩნდა და ახალგაზრდული გუნდების ყველა ეტაპი გაიარა, სანამ 1999-2000 წლების სეზონში, 18 წლის ასაკში მთავარ გუნდში მაშინდელმა მწვრთნელმა ჯონ ტოშაკმა არ თამაშა. ტოშაკმა იკერი ისეთ გამოცდილ მეკარეებს ამჯობინა, როგორებიც ბოდო ილგნერი და ალბანო ბიძარი იყვნენ.

პირველივე სეზონში კასილიასმა დაუყოვნებლივ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება პარიზში, „ვალენსიასთან“ ფინლში. დაიწყო გრძელვადიანი კარიერა ჩრდილის გარეშე, მაგრამ ხშირად სიუჟეტი განსხვავებულიც იყო.

სესარის ტრავმა და მეორე ჩემპიონთა ლიგა

ძირითად შემადგენლობაში ესპანელმა მომდევნო სეზონშიც ითამაშა, მაგრამ 2001-2002 წლებში ვისენტე დელ ბოსკემ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა მეკარეს განვითარება ჯერ კიდევ სჭირდებოდა და სასტარტოსთვის მზად არ იყო. ამიტომ, ხშირად თადარიგში ტოვებდა, ხოლო სეზონის ბოლოს სესარ სანჩესს ანიჭებდა უპირატესობას.

თუმცა კასილიასმა შურისძიება ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში მოახერხა, როდესაც ტრავმირებული სესარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლევერკუზენთან“ შეცვალა და კიდევ ერთხელ აღმართა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო - მეორედ პროფესიონალური კარიერის სამწლიან პერიოდში. ფინალში კი, გერმანულ გუნდთან თავისი სიტყვა თქვა და რამდენიმე შესანიშნავი სეივით „რეალს“ ანგარიშის შენარჩუნებაში დაეხმარა.

დაპირისპირება მოურინიოსთან და დუელი დიეგო ლოპესთან

„რეალში“ მისი პოზიცია ჟოზე მოურინიოს გამოჩენამდე ურყევი იყო. 2012-2013 წლების სეზონში ჟოზემ გადაწყვიტა მეკარის პოზიციაზე ტექნიკური არჩევანით როტაციისთვის მიემართა და ერთხელ ახალგაზრდა, სრულიან უცნობი ადანი ამჯობინა, 2013 წლის იანვარში კი პორტუგალიელმა დიეგო ლოპესი შეიძინა.

„როგორც მეკარე დიეგო ლოპესი უფრო მომწონს, ვიდრე კასილიასი. არ არსებობს პირადი პრობლემები, არავის განაწყენება არ მინდა. ეს ტექნიკური საკითხია: მომწონს მეკარეები, რომლებიც ფეხით კარგად თამაშობენ, გამოსვლები კარგად იციან და მეორე სართულზე დომინირებენ. კასილიასი ხაზზე ფანტასტიკური მეკარეა, მაგრამ მე სხვა ტიპის მეკარე მირჩევნია“, - ამბობდა მაშინ მოურინიო, რომელიც მადრიდელთა ხატს თამაშის შესაძლებლობას საერთოდ აღარ აძლევდა.

„განსაკუთრებულთან“ იკერის ურთიერთობა მართლაც არ იყო იდეალური, რაზეც ესპანელმა „პორტუში“ გადასვლის შემდეგ ისაუბრა:

„იმ მომენტში მე გაჩუმებას ვამჯობინებდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს საუკეთესო გზა იყო მადრიდის „რეალის“ ღირებულებების პატივისცემისთვის“.

შედეგად, კასილიასი ოფიციალურად სათადარიგო მეკარე გახდა. ეს სიტუაცია არც მომდევნო სეზონში შეცვლილია, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ზაფხულში მოურინიომ გუნდი დატოვა და მისი ადგილი კარლო ანჩელოტიმ დაიკავა. იტალიელი როტაციას მიმართავდა, ჩემპიონთა ლიგაზე კასილიასი თამაშობდა, მაგრამ ლა ლიგაში 2013-2014 წლების სეზონში ესპანელი მოედანზე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა და კარს მუდმივად დიეგო ლოპესი იცავდა. მიუხედავად ამისა, იკერმა ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო (მესამედ) და ფინალში „ატლეტიკოსთან“ გუნდსაც უკაპიტნა, თუმცა უხეში შეცდომაც დაუშვა, რაც მის კლუბს ლამის წაგების ფასად დაუჯდა.

ბოლო სეზონი „რეალში“ და დამშვიდობება

2014 წლის ზაფხულში დიეგო ლოპესმა „მილანში“ გადასვლა გადაწყვიტა და „რეალმა“ ისე „ლევანტედან“ კეილორ ნავასით ჩაანაცვლა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა. მიუხედავად ამისა, თავდაპირველად კასილიასი ძირითადი შემადგენლობის მეკარის როლს დაუბრუნდა. ამრიგად, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბოლო სეზონში იკერი ისევ მთავარი კიპერი იყო, იქამდე სანამ, კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტას გადაწყვეტდა და „პორტუში“ გადავიდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ „სამეფო კლუბში“ ბოლო სამი სეზონი პრობლემებით სავსე იყო, მისი სახელი „რეალთან“ მაინც განუყოფელია, სადაც 25 წელი ითამაშა ახალგაზრდული გუნდის ჩათვლით, 18 ტიტული მოიგო, რასაც ესპანეთის ნაკრებში ორჯერ ევროპის და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონობა დაემატა. ცხადია, ტიტულების მოპოვება პორტუგალიაშიც განაგრძო, სადაც „პორტუს“ ღირსება 4 წელი დაიცვა. 1 ნომრის კარიერა, რომელსაც ზოგჯერ ძირითადში მოსახვედრად ბუნებრვი თუ ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვა უწევდა.

0.136431