კალათბურთი

0:59 | 11.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

დაცვაში თამაშით შენგელია და შერმადინი საუკეთესო შვიდეულში შეიყვანეს

„ბასკონიასა“ და „იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი ლიდერები, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას შვიდ გამორჩეულ კალათბურთელებში მოხვდნენ.

Solobasket-მა ლიგაში დაცვაში თამაშით გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა და შეფასების კრიტირიუმად ამ შემთხვევაში მხოლოდ დაცვის მახასიათებლები გამოიყენა.

„დაცვაში საუკეთესო მოთამაშეთა შორის მესამე ადგილზე აღმოვაჩენთ თორნიკე შენგელიას, რომელიც „ბასკონიაში“ მეექვსე სეზონს ატარებს და ადასტურებს, რომ კონტინენტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში. მაგრამ ამჯერად, ჩვენ კალათბურთელების შემთხვევაში მხოლოდ დაცვითი ფაზის კრიტერიუმები გავითვალისწინეთ.

თორნიკე შენგელია ძალიან მებრძოლი კალათბურთელია, რის ხარჯზეც გულშემატკივრების სიყვარული მოიპოვა. ქართველი საშუალოდ 1.4-ჯერ ჭრის ბურთს და მიუხედავად იმისა, რომ პარკეტზე დიდ დროს ატარებს, დაკარგვების მცირე მაჩვენებელი აქვს (2.4). სეზონის 19 მატჩში 30 წუთზე მეტი ითამაშა, რაც დაცვაში მის კარგ გარჯას და ფიზიკურ გამძლეობას ხაზს უსვამს.

გიორგი შერმადინი ჩვენს კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილზეა. MVP-ს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კანდიდატი ამ სიაში მეორე ქართველია. „სარაგოსაში“, „მორაბანკ ანდორასა“ და „უნიკახაში“ თამაშის შემდეგ „იბეროსტარ ტენერიფედან“ ყოველთვის ახერხებდა ჩვენს გაოცებას. გიორგი შერმადინი ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კალათბურთელია (217 სმ), სწორედ ამიტომ ფარქვეშ უპირატესობა აქვს და ამ სეზონში საშუალოდ 7.1 მოხსნას აგროვებს, ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2016-2017 წლების სეზონში „მორაბანკ ანდორაში“ ჰქონდა 7.6 მოხსნა. მიუხედავად ამისა, უცნაურია, რომ დაფარებების მხრივ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გააჩნია ცენტრებში, საშუალოდ 0.5 დაფარება თამაშში“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ შენგელია 2019-2020 წლების სეზონში ლიგა ენდესას 23 მატჩში საშუალოდ 33 წუთში 16.6 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.7 პასს, 1.4 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებდა, ხოლო შერმადინმა 22 მატჩში საშუალოდ 26 წუთში 18.3 ქულა, 7.1 მოხსნა, 1.5 პასი, 0.6 ჩაჭრა და 0.5 დაფარება მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120588