ფეხბურთი

21:20 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

თვალცრემლიანი "გლადიატორები" - მატჩი, რომელმაც "ინტერის" ტრიპლეტი განაპირობა (+VIDEO)

2010 წელი, 25 აპრილი - თარიღი, რომელიც „რომასა“ და „ინტერის“ გულშემატკივრებისთვის არც ისე ადვილად დასავიწყებელია. მიუხედავად იმისა, რომ ორი განსხვავებული მოტივი აქვთ, ერთს სიხარულის, მეორეს - მწუხარების. დღე, როდესაც 10 წლის წინანდელი სერია A-ს ბედი გადაუჭარბებლად გადაწყვიტა.

სეზონი მიწურულისკენ მიდიოდა, „ინტერი“ და „რომა“ სკუდეტოსთვის იბრძოდნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი ცხადია ფავორიტი იყო, მაგრამ თებერვალ-მარტში საკმაო უპირატესობა გაანიავა, ხოლო საპასუხოდ, კლაუდიო რანიერის გუნდი თამაშზე თამაშზე იგებდა და ისეთი შემართება ჰქონდა, ბევრი დარწმუნებული იყო „ჯალოროსის“ ჩემპიონობაში, სკუდეტოში, რომელიც ბოლოს 2001 წელს ჰქონდა მოგებული.

2009-2010 წლების სეზონის XXXV ტური რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომასა“ და „სამპდორიას“ მატჩით დაიხურა. იმ ტურამდე დედაქალაქელები „ინტერს“ 1 ქულით უსწრებდნენ, მაგრამ გენუელებთან მოგება სჭირდებოდათ, რადგან სხვა შემთხვევაში „ნერაძური“ ლიდერობას დაიბრუნებდა, რადგან ამავე ტურის თავისი მატჩი უკვე მოგებული ჰქონდა.

თავის მხრივ, „რომას“ მეტოქე ძლიერი „სამპდორია“ იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის „პალერმოსთან“ იბრძოდა. ლიგურიელებს საინტერესო გუნდი ჰყავდათ, კარს მარკო სტორარი იცავდა, ხოლო შეტევას ჯამპაოლო პაცინისა და ანტონიო კასანოს ეფექტური დუეტი წარმოადგენდა. მთავარი მწვრთნელი კი გამოცდილი ლუიჯი დელ ნერი იყო.

„რომა“ იმ შეხვედრაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, მე-14 წუთზე ფრანჩესკო ტოტის გოლით დაწინაურდა კიდეც და მერეც უამრავი შანსი ჰქონდა სხვაობის გასაზრდელად. თუმცა, სტორარი დიდებული იყო იმ საღამოს, ისევე როგორც პაცინი. იტაიელმა თავდამსხმელმა 52-ე და 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „რომას“ უპირატესობა არამარტო მატჩში, არამედ სატურნირო ცხრილშიც გააქრო.

„რომას“ ფეხბურთელები იმ დღეს ფსიქოლოგიურად გატყდნენ, კარგად იცოდნენ, რომ მათ არა კონკრეტული, კალენდარული ტურის მატჩი, არამედ ფინალი წააგეს, ფინალი, რომლის მოგება ნანატრი სკუდეტოს მოპოვებას ნიშნავდა. ეპიკურია რომაელთა ფრანგი მცველის, ფილიპ მექსეს ცრემლები სათადარიგო სკამზე. იმ ტურის შემდეგ „ინტერმა“ „რომას“ 2 ქულით გაასწრო, ხოლო იგივე უპირატესობა „სამპდორიამ“ „პალერმოსთან“ შეიქმნა და საბოლოოდ, გენუელები ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდნენ, სადაც „ვერდერთან“ საკვალიფიკაციო ეტაპზე წააგეს (1:3, 3:2 დამატებით დროში).

„ინტერმა“ კი „რომასთან“ 2-ქულიანი უპირატესობა დარჩენილ სამ ტურში შეინარჩუნა. ორივე გუნდმა სეზონის ბოლომდე ყველა თამაში მოიგო და სწორედ „სამპდორიასთან“ ამ მარცხმა „რომას“ სკუდეტო დააკარგვინა, ხოლო „ინტერს“ მოაპოვებინა. სხვათა შორის ჟოზე მოურინიოს გუნდმა იმ სეზონში ტრიპლეტი შეასრულა, მაგრამ რომ არა გენუის „სამპდორია“, „განსაკუთრებულის“ გუნდი განსაკუთრებულ შედეგს ნამდვილად ვერ მიაღწევდა.

0.14386