ფეხბურთი

20:35 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

შთაბეჭდილებები ზიდანზე, უეფას თასზე გატანილ გოლებზე - შოთა არველაძის ინტერვიუ

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ფრანგულ გამოცემა Leerosportnews-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ქართველმა სპეციალისტმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

შოთა ინტერვიუში „აიაქსში“ გატარებულ პერიოდზე, უეფას თასზე, ჟირონდას „ბორდოსა“ და თავისი სამწვრთნელო კარიერის შესახებ საუბრობს. გარდა ამისა, გიროგი ჩაკვეტაძის ფრანგულ გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ გააკეთა კომენტარი.

- გამარჯობა შოთა, მადლობა, რომ დრო გამონახეთ. როგორ ხართ?

- ამჟამად თურქეთში ვარ კარანტინში, მაგრამ ჩემს სამწვრთნელო შტაბთან და ფეხბურთელებთან კონტაქტი მაქვს, ვცდილობთ ფორმის შენარჩუნებას.

- ახლა „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი ხართ. ეს გარკვეულწილად გასაკვირია...

- ბევრი წინადადება მქონდა მას შემდეგ, რაც ისრაელი დავტოვე, მაგრამ „ფახთქორის“ პროექტმა ნამდვილად დამაინტერესა. იდეა იყო კლუბური ინსტიტუტის ჩამოყალიბება. ჩვენ არ გვინდა უცხოურ ტრანსფერებში ზედმეტი ინვესტიციის ჩადება, მაგრამ ინვესტიციას ვახდენთ ადგილობრივ ბაზაზე, ვცდილობთ ეროვნული კლუბი ჩამოვაყალიბოთ და საზღვარგარეთ გამოცდილ მოთამაშეებსაც ვეძებთ. ცხადია, აღმოსავლეთის ფეხბურთი ვერასდროს გაუტოლდება დასავლურს რადგან კულტურა იგივე არაა. ასე, რომ აქაურ გარემოს უნდა მოერგო და ადაპტირება მოახერხო. გარშემო სხვადასხვა ეროვნების ხალხი მყავს და იძულებული ვარ რამდენიმე უცხო ენაზე ვისუაბრო (იცინის). მხოლოდ ფრანგულად ვერ ვსაუბრობ კარგად.

- გასაკვირია, რომ „დინამო თბილისში“ არ გიმუშავიათ, ჩვენ ვიცით ამ კლუბისადმი თქვენი დამოკიდებულება...

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც პატარა ვიყავი „დინამო“ თასების თასი მოიგო, კერძოდ 1981 წელს და მაშინ საბჭოთა კავშირს ბევრი ფეხბურთელით უზრუნველყოფდა. საქართველოსთან რა თქმა უნდა დაკავშირებული ვარ, ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტიც შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ საკმარისად გამოცდილი არ ვიყავი. შესანიშნავი ამბავი იქნებოდა, თუმცა პროექტი კონკრეტული უნდა იყოს.

- სანამ ევროპაში თქვენს თავგადასავალზე გკითხავდეთ, მინდა ალან ჟირესზე თქვათ, ის თქვენი მწვრთნელი იყო?

- დიახ, რა თქმა უნდა. ალანი არის ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება და დიდ პატივს ვცემთ. მასზე მხოლოდ კარგი მოგონებები მაქვს, მისი რჩევები ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. საქართველოს ნაკრების გაწვრთნა ადვილი არაა, მასთან მუშაობა ჩვენთვის პრივილეგია გახლდათ.

- „აიაქსში“ თქვენ გყავდათ რამდენიმე შესანიშნავი მწვრთნელი, მაგალითად ვან გაალი...

- დიახ, ლუისი არის ადამიანი, რომელიც ფუნდამენტურად შეპყრობილია ამ სპორტით. მისი გავლენა პირველ გუნდს სცილდებოდა, აკონტროლებდა მეორე-მესამე გუნდებსაც. მე ვიცნობ დიკ ადვოკაატსაც, მაგრამ ლუისთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, მან იცოდა, როგორ უნდა მეთამაშა.

- „აიაქსიდან“ რამდენიმე მოთამაშე გადავიდა „ბორდოში“ და პირიქით, მაგალითად კიკი მუსამპა, რიჩარდ ვიჩხე... რას გვეტყვით მათზე?

- მახსოვს, „აიაქსში“ ვვარჯიშობდით და ერთ ოთახში ვიყავით. კიკი საძინებელში გარბის, თავის სპორტულ ჩანთას იღებს და მეუბნება: „მივიდვარ!“ მე ვუთხარი, კი მაგრამ სად მიდიხარ? ფიზიოთერაპიაზე? მან კი მიპასუხა: „არა, არა, „ბორდოში“ მივდივარ“. ასეთი იყო კიკი, მოედანზე შესანიშნავი ფეხბურთელი გახლდათ, მიყვარს ეს ბიჭი, ვიჩხეც ასეთია, ძალიან კეთილი ადამიანი, მასთან ერთად პოკერს ვთამაშობდი.

- „რეინჯერსში“ იან ვოუტერსმა წაგიყვანთ, კიდევ ერთ დიდ გუნდში...

- დიახ, ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ისტორიაში. იანს თვალდახუჭულუ ვენდობოდი, „აიაქსის“ ლეგენდა იყო. მან გლაზგოში საოცარი ფეხბურთელები მოიყვანა, კლაუდიო კანიჯა, კრისტიან ნერლინგერი... შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ფანტასტიკური მოთამაშე გვყავდა. გარდა ამისა, იქაური პუბლიკა დაუვიწყარია.

- უეფას თასის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ხართ. როგორი გრძნობაა?

- როდესაც პატარა ვიყავი, ყველას უნდოდა ევროპაში გაბრწყინება, ამაზე ჩვენი ფილმები გვქონდა. ცხადია საამაყოა ასეთ ტურნირში ამდენი გოლის გატანა, მაგრამ მერწმუნეთ ევროპული ტიტულის მოგება უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, რადგან უეფას თასი დღევანდელივით არ ფუნქციონირებდა. ჩემს დროს ამ ტურნირზე საუკეთესო გუნდები თამაშობდნენ, შიდა ჩემპიონატების მეორე-მესამე ადგილოსნები. მახსოვს, რომ „ბორდო“ ფინალში გავიდა და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზინედინ ზიდანის მოძრაობებმა „მილანთან“ მატჩში (1995-1996 წლების სეზონი, 1/4 ფინალი - რედ) საოცრება იყო.

- გახსოვთ 1995-1996 წლების სეზონის „ბორდო“?

- რა თქმა უნდა, მაშინ ადვილი არ იყო რეპორტაჟების ყურება, მაგრამ ფინალის გამოტოვება არ შეიძლებოდა. ჩემი ძმა არჩილი ხშირად ახსენებდა ლიზარაზუს, რომლის წინააღმდეგ ბუნდესლიგაში უთამაშია. იმ პერიოდში „ბორდო“ ძალიან დიდი გუნდი იყო, რომელშიც ჩემი მეგობარი ვიჩხე თამაშობდა.

- როგორ ახსნით, რომ ფრანგულ გუნდს არასდროს მოუგია ეს ტურნირი (უეფას თასი - რედ)?

- ძველი ფორმატით კონკურენცია ძალიან მაღალი და ინტენსიური იყო. იმ დროს იტალიელები და გერმანელები ყველაფერში დომინირებდნენ. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ტრავმებზეც, შიდა ჩემპიონატის დონეზე. ევროპული ტურნირის მოგება თითქმის მეცნიერებაა.

- „ბორდო“ ორ მოთამაშებს აკვირდება. უზბეკ ელდორ შომუროდოვსა და გიორგი ჩაკვეტაძეს. რას ფიქრობთ ამ ფეხბურთელებზე?

- ელდორს ძალიან კარგად ვიცნობ, ეფექტური თავდამსხმელია, რომლის სათამაშო სტილი ჩემი აზრით, უფრო ნიდერლანდების ან ინგლისისი ჩემპიონატს შეეფერება. მან იცის, როგორ მოიპოვოს სივრცე და როგორ ითამაშოს მეორე სართულზე. ის უზბეკეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. გიორგის რაც შეეხება, პირადად ვიცნობ, შესანიშნავი ტექნიკა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში ცოტას თამაშობდა. გასულ წელს შეიძლებოდა დიდ გუნდში გადასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. არ მიკვირს, რომ „ბორდო“ იწვევს, რადგან აქვს თამაშის ხედვა და თვისებები, რაც მაღალი დონის ფეხბურთელს სჭირდება. ის მიისწრაფვის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ და „ბორდო“ ევროპაში მნიშვნელოვანი კლუბია.

- რას გვისურვებთ მომავალში?

- პირველ რიგში ჯანმრთელობას და მოდით ყველამ გავაცნობიეროთ, რამდენად გაგვიმართლა, რომ ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს.

0.14733