ფეხბურთი

14:46 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სახელი, რწმენა, მითიური 22: 10 ფაქტი,რომელიც კაკას შესახებ ბევრმა არ იცის

ის იყო მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ფენომენი, რომლის თამაშები ფეხბურთის ყველა გულშემატკივრის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა.

კაკა ერთ-ერთი იყო ჩემპიონთაგან, ვინც თავსი ტექნიკით, ელვისებური დრიბლინგით და გოლის შესანიშნავი ალღოთი ცვლიდა და წყვეტდა მატჩის ბედ-იღბალს. ეს კარგად იციან „მილანში“, სადაც 2003 წელს გამოჩნდა და ახალგაზრდულ ასაკში დაანახა მსოფლიოს, რომ სუპერვარსკვლავი იზრდებოდა.

რიკარო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე დღეს 38 წლის გახდა და წარმოგიდგენთ 10 ფაქტს, რომლებიც შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს.

სახელის წარმოშობა

კაკას ჰყავს უმცროსი ძმა, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო და იტალიაშიც თამაშობდა - დიგაო. „რიმინის“, „მილანის“, „ლეჩესა“ და „კროტონეს“ ყოფილი მცველი, რომელიც ბავშვობაში რიკარდოს ვერ ამბობდა და უფროს ძმას „კაკას“ (Caca) ეძახდა. მოგვიანებით, რიკარდომ ამ სახელში მცირე კორექტივი შეიტანა და სამყაროს სამუდამოდ შემორჩა, როგორც - KAKA.

ლუჩანო მოჯის ისტორია

როდესაც კაკა 2003 წლის ზაფხულში „მილანში“ გადავიდა უკვე ცნობილი ტალანტი იყო. „სან პაულუში“ კარგად თამაშობდა და 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო. კაკას შესანიშნავი თვისებები „იუვენტუსის“ მაშინდელმა მმართველმა ლუჩანო მოჯიმაც კარგად იცოდა, მაგრამ მას არასდროს უფიქრია ბრაზილიელის ტურინში მიწვევა.

„კაკას ყიდულობენ? მე ამას არ გავაკეთებდი. საშიშია ამგვარი სახელის საზოგადოებაში გამოფენა, რადგან თუ ცუდად ითამაშებს...“ - ამბობდა მოჯი, რომელმაც კაკა სახელის გამო დაიწუნა.

პარალიზების რისკი

18 წლის ასაკში კაკას სერიოზული უბედურება ეწვია, რასაც შეეძლო მისი ცხოვრება სამუდამოდ შეეცვალა. 2000 წლის ოქტომბერში აუზში ჩასვლისთანავე დაეცა და ხერხემლის მოტეხილობა მიიღო. ამის შემდეგ კაკას ყოველთვის სჯეროდა, რომ მაშინ ღმერთი დაეხმარა და უმძიმეს ტრავმას გადაურჩა, ამიტომ, ყოველი გოლის შემდეგ ხელებს ზეცისკენ მიმართავდა.

2007 წლის „ოქროს ბურთი“

ბრაზილიელმა ფანტაზისტამ 2007 წელს ყველა ფეხბურთელისთვის სასურველი და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, „ოქროს ბურთი“ მოიგო. მაშინ კაკამ 444 ხმა მიიღო და აჯობა კრიშტიანუ რონალდუს (277) და ლიონელ მესის (255). ეს იყო ბოლო შემთხვევა, მესისა და რონალდუს გრძელვადიან დუელამდე, როდესაც „ოქროს ბურთი“ სხვა ფეხბურთელმა მოიგო. კაკას შემდეგ სერია 2018 წელს ლუკა მოდრიჩმა დაარღვია.

შედარება სერეზოსთან

როდესაც კაკა „მილანშ“ გადავიდა, მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ახალგაზრდა ბრაზილიელის შესაძლებლობებს კარგად არ იცნობდა და წლების შემდეგ ეს თავად აღიარა.

„კაკას შესახებ პრესკონფერენციაზე მკითხეს, მაგრამ მე მისი თამაში არასდროს მენახა, ვიდეოზეც კი. აქედან გამომდინარე, ვთქვი, რომ ის კარგი ნახევარმცველი იყო, რომელსაც გამთამაშებლადაც თამაში შეეძლო, არც თუ ისე სწრაფი იყო, მაგრამ კარგი ტექნიკა ჰქონდა. მაშინ ვთქვი, რომ სერეზოს მაგონებდა, რომელიც ჩემი თანაგუნდელი იყო“, - იხსენებს ანჩელოტი.

მას შემდეგ, რაც კარლომ კაკა საქმეში უშუალოდ ნახა, აზრი უმალვე შეიცვალა:

„ერთი ვარჯიშიც საკმარისი გამოდგა. გალიანის დავურეკე და ვუთხარი: „კი მაგრამ, რომელი სერეზო, შენ ნამდვილი ჩემპიონი იყიდე!“, - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

ღმერთის დიდი რწმენა

რამდენიმე წლის წინ კაკამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიძლებოდა ევანგელური პასტორი გამხდარიყო:

„ძალიან მომწონს, მაგრამ ძალიან მოთხოვნადი გზაა. თეოლოგიის შესწავლაა საჭირო, კურსების გავლა, ბიბლიის ცოდნის გაღრმავება. ევანგელური პასტორი გადმოცემს ბიბლიის წინასწარმეტყველებას, რაც დღევანდელ საზოგადოებაში ადვილი არაა“, - თქვა კაკამ.

„ბარსელონას“ იმედგაცრუება

2015 წელს კაკამ ლიონელ მესის „ოქროს ბურთი“ გადასცა (კარიერაში მეხუთე). შემდეგ ითქვა, რომ „ბარსელონა“ უკმაყოფილო იყო ფიფას ამ ჟესტით და სურდა მესი სხვა ფეხბურთელს დაეჯილდოვებინა. ალბათ იმიტომ, რომ კაკა ადრე მადრიდის „რეალში“ ოთხი სეზონი თამაშობდა.

„ბარსელონაში“ უნდოდათ, რომ მესი ლუის სუარესს (1960 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული) ან ხრისტო სტოიჩკოვს (1994 წლის გამარჯვებული), დაეჯილდოვებინა, მაგრამ ფიფას გეგმების შეცვლა არ სურდა.

გაფრთხილება სელფისთვის

2019 წლის ოქტომბერში კაკამ საქველმოქმედო მატჩში ითამაშა, რომელშიც მონაწილეობას ფეხბურთის ისეთი ლეგენდები იღებდნენ, როგორებიც ბებეტო, რობერტო კარლოსი და რონალდინიო იყვნენ. კაკა მსაჯმა, ლილია ასოლინმა გააფრთხილა. მაგრამ ყვითელი ბარათი რეალურად მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ კაკასთან ახლოს მისულიყო და სელფი გადაეღო.

კაკა ჰარვარდში

როდესაც კაკა მილანში 2003 წლის ზაფხულში პირველად ჩავიდა, ბევრი გააკვირვა ჩაცმულობით და გარეგნობით. ნაცრისფერი კოსტიუმი, წითელი ჰალსტუხი და სათვალე... ანჩელოტი ამბობდა: „მას მხოლოდ წიგნების საქაღალდე აკლდა“.

წლების შემდეგ კაკა პრაქტიკულად დაუბრუნდა სტუდენტის როლს პრესტიჟულ ჰარვარდში ბიზნესის, სპორტისა და მედიის კურსები გაიარა.

22

შეუძლებელია კაკა შავ-წითელი მაისურით წარმოიდგინო და ზურგზე 22 ნომრის გარდა სხვა ნომერი ეწეროს. ბრაზილიელმა ჩემპიონმა 22 ძალიან მარტივად და უბრალოდ აირჩია: 22 აპრილს დაიბადა. თავად კაკამ „მილანში“ მეორე და ბოლო თავგადასავლის ბოლოს განაცხადა, რომ ამ ნომრით არცერთ სხვა გუნდში არასდროს ითამაშებდა.

„პატივისცემის ნიშნად დავტოვებ 22 ნომერს, ჩემი 22 სამუდამოდ დარჩება ექსკლუზიურად აქ, მილანში. ვფიქრობ, რომ ბრაზილიაში 8, ხოლო ამერიკაში 10 ნომრით ვითამაშებ“.

თეგებიკაკამილანი
0.110356