ფეხბურთი

12:46 | 18.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ის ზიდანს უყვარდა, მაგრამ მას ალკოჰოლი უყვარდა - ურუგვაელი ფეხბურთელის თავდაყირა ამბავი

1996 წლის ზაფხულში მონტევიდეოს „ნასიონალიდან“ სარდინიულმა „კალიარიმ“ უურგვაელი შემტევი ნახევარმცველი ფაბიან ო’ნილი შეიძინა. სამხრეთ ამერიკელმა იტალიის კუნძულზე თავი ადვილად დაიმკვიდრა და ადგილობრივი პუბლიკის კუმირი უმალვე გახდა.

„კალიარიში“ გატარებული წარმატებული სეზონების შემდეგ ო’ნილი 2000 წლის ზაფხულში ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა. არნახული პლაცდარმი შეექმნა, ზინედინ ზიდანის, ალესანდრო დელ პიეროს, დავიდ ტრეზეგესა და ფილიპო ინძაგის მხარდამხარ თამაშის შანსი გაუჩნდა. მეტიც, მრავლის მნახველი ზიდანის გაოცება არც ისე ადვილი საქმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფრანგი აღფრთოვანებული იყო ურუგვაელით და წლების შემდეგ, როდესაც „ზიზუმ“ კარიერა დაასრულა, ეს ტრფობა არც დამალა:

„ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც მინახავს, ფაბიან ო’ნილი იყო“, - ამბობდა ზინედინი და როდესაც ასეთი ვარსკვლავი ასე გამოგარჩევს, ე.ი მართლაც ნიჭიერი ხარ.

ზიდანს უყვარდა ო’ნილი, თუმცა, თავად ო’ნილს ალკოჰოლი უყვარდა. მისი ტურინული თავგადასავალი მხოლოდ წელიწადნახევარი გაგრძელდა, 14 უგოლო მატჩით შემოიფარგლა.

„ახლა სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ჩემი პრობლემებბი წლების განმავლობაში გრძელდება, პირველ რიგში პრობლემა ალკოჰოლთან დაკავშირებით მქონდა. შარდის ბუშტის ოპერაციის შემდეგ, რომელიც ექვსი თვის წინ გამიკეთეს, ჭიქასთან სამი წელი არ უნდა მივსულიყავი, მაგრამ მხოლოდ ერთი თვე გავძელი“, - ამბობს ურუგვაელი.

ფაბიანი აღიარებს, რომ „იუვენტუსში“ ყველაფერი საათივით გამართული იყო და ამიტომ, გარემო ეუცხოვა:

„ეს მათთვის სამუშაო იყო, ჩვეულებრივი მოვლენა. ვარჯიშზე ჰალტუხით მოდიოდნენ, იცვლიდნენ, ვარჯიშობდნენ, ბანაობდნენ და მიდიოდნენ. ერთხელ მათ წვეულება ინძაგის ბინაში მოაწყვეს და სატელევიზიო შოუს გოგონები მოიწვიეს. ვცეკვავდი და ლუდს ვსვამდი. იმ ღამეს ყველას სექსი ჰქონდა, ჩემს გარდა. რა მშვენიერია არა? მეორე დღეს იგივე გოგონები ტელევიზორში ვნახე და ჩემს მეუღლეს ვუთხარი: შეხედე, გუშინ ღამე ამ გოგონებთან ერთად ვიყავი, მაგრამ მათთან არაფერი მქონია“, - იხსენებს სამხრეთ ამერიკელი.

„იუვენტუსში“ ჩატარებული 14 თამაშის შემდეგ კლუბი 2002 წლის იანვარში დატოვა და სერსე კოზმის „პერუჯაში“ გადავიდა, ცოტა ხანში კი „კალიარის“ დაუბრუნდა, მაგრამ ძველი ო’ნილი გამქრალიყო. ამ პერიოდში მან საკმაო თანხა გამოიმუშავა, განსაკუთრებით „იუვენტუსში“, მაგრამ...

„ჩემი აგენტის წყალობით 14 მილიონი დოლარი გამოვიმუშავე, მაგრამ ყველაფერი დავკარგე, ქალების, ფსონების და სხვადასხვა მანკიერების გამო. ვცხოვრობ, როგორც ღარიბი ადამიანი. „კალიარიში“ გულშემატკივრების კერპი ვიყავი, მაგრამ როდესაც ჩვენ მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძოდით, ტიფოზები მიყვიროდნენ, მთვრალია! შემდეგ მივდიოდი იმავე გულშემატკივრებთან და ვსვამდი, ასე ფუნქციონირებდა იქ ფეხბურთი“, - თქვა ურუგვაელმა.

ფაბიან 'ონილის უცნაური კარიერა უცნაურ ცხოვრებაში გადაიზარდა. მას ჰქონდა თანდაყოლილი ნიჭი, მაგრამ ბევრი უარყოფით თვისება, რამაც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.

0.159408