ფეხბურთი

14:53 | 13.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოლები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ბედი შეცვალეს (+VIDEO)

აწმყოში ფეხბურთი შეჩერებელია და ისტორიების გასახსენებლად უფრო მეტი დროც მოგვეცა. დღეს გავიხსენებთ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილ ხუთ გოლს, რომლებმაც იმ სეზონის ბედი შეცვალეს.

ხუთივე გოლი იმ გუნდების ანგარიშზეა, რომლებმაც შესაბამის სეზონებში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, თუმცა, რომ არა გოლები, რომელსაც გავიხსენებთ, მათი ჩემპიონობა ნამდვილად არ შედგებოდა. თავიდანვე განვმარტავთ, რომ აქ არ გვექნება საუბარი გოლებზე, რომლებიც ფინალში ან ნახევარფინალში გავიდა. მხოლოდ ის გოლები შევარჩიეთ, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე, მერვედფინალში ან მეოთხედფინალში გაიტანეს.

სტივენ ჯერარდი: „ლივერპული“ – „ოლიმპიაკოსი“ 3:1

2004-2005 წლების სეზონში „ლივერპულმა“ სტამბოლის ფინალში რაც მოახერხა, ყველას კარგად ეხსომება, მაგრამ ბევრს შეიძლება არ ახსოვს, რომ მანამდე რაფაელ ბენიტესის გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა და ჯგუფიდან რის ვაი-ვაგლახით გააღწია.

ბოლო ტურის წინ ინგლისელები 7 ქულით მესამე ადგილზე იყვნენ და „ენფილდზე“ „ოლიმპიაკოსს“ მასპინძლობდნენ, რომლის აქტივში 10 ქულა იყო. „ლივერპული“ ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვების და თანაც მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით მოგებით გავიდოდა, რადგან პირეოსში 0:1 ჰქონდა წაგებული. ინგლისში „ოლიმპიაკოსისთვის“ ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა, პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც ლეგენდარული რივალდოს გოლით და ახლა „წითლებს“ სამი უპასუხო გოლი ჰქონდათ გასატანი, თანაც ერთ ტაიმში. 47-ე წუთზე ფლორენ სინამა პონოლემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 81-ე წუთზე მელორმა მეორეც გაიტანა. ამის მიუხედავად, 2:1 წაგებაც ხელს „ოლიმპიაკოსს“ აძლევდა. თუმცა, 86-ე წუთზე სტივენ ჯერარდმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და „ენფილდი“ გაგიჟდა - 3:1. ამ გოლით „ლივერპული“ ჯგუფიდან გავიდა (10-10 ქულა ორივე გუნდს, მაგრამ „ლივერპულმა“ „ოლიმპიაკოსს“ პირად შეხვედრებში აჯობა 3:1, 0:1 და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა). მოკლედ, რომ არა, ჯერარდის ის გოლი, „ლივერპული“ ჯგუფში ჩარჩებოდა და იმ სეზონს სულ სხვა ისტორია ექნებოდა.

პლეი-ოფში როგორც გაგრძელდა მერსისაიდელთა სვლა ყველამ იცის - „ლევერკუზენთან“, „იუვენტუსთან“, „ჩელსისთან“ და „მილანთან“ ჯამში 7 შეხვედრაში ერთხელაც არ დამარცხებულა და სტამბოლის დაუვიწყარი ფინალიც მოიგო.

კრიშტიანუ რონალდუ: „რეალი“ – „იუვენტუსი“ 1:3

კიდევ ერთი გოლი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის კონკრეტული სეზონის ისტორია შეცვალა, ზუსტად ორი წლის წინანდელით თარიღდება. მადრიდის „რეალი“ მეოთხედფინალში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და ჯერ კიდევ ტურინში გაარკვია ყველაფერი, როდესაც 3:0 მოიგო.

თუმცა, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო - მადრიდში „იუვენტუსმა“ საოცარი ფეხბურთი ითამაშა და სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. მარიო მანჯუკიჩის დუბლითა და ბლეზ მატუიდის გოლებით „იუვე“ 3:0 დაწინაურდა და ორი მატჩის ჯამში თანაფარდობა აღადგინა. მაშინ, როცა ყველა დამატებითი დროისთვის ემზადებოდა, მეჰდი ბენატიამ საჯარიმოში ლუკას ვასკესი წააქცია. ეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და „რეალი“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, ტურნირიც საბოლოოდ მადრიდელთა ტრიუმფით დასრულდა. კონკრეტულად იმ შეხვედრაში კი არავინ იცის რა მოხდებოდა დამატებით დროში, შესაძლოა „ბლანკოსი“ მაინც გასულიყო შემდეგ ეტაპზე, მაგრამ არც საპირისპირო სცენარი გახლდათ ულოგიკო და უტოპია.

იონ დალ ტომასონი: „მილანი“ – „აიაქსი“ 3:2

2002-2003 წლების სეზონი „მილანის“ ტრიუმფით დასრულდა. თუმცა, კარლო ანჩელოტის გუნდი პლეი-ოფის სტადიაზე ერთ ნაბიჯში იყო ტურნირს, რომ დამშვიდობებოდა. „მილანი“ მეოთხედფინალში „აიაქსს“ დაუპირისპირდა. ამსტერდამში გოლი არ გასულა, ხოლო „სან სიროზე“ ამის ნაკლებობა არ ყოფილა.

ფილიპო ინძაგის გოლით მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს, რასაც მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე იარი ლიტმანენმა უპასუხა. თუმცა, ნიდერლანდელთა სიხარული ნაადრევი იყო, ორ წუთში ანდრეი შევჩენკომ ისევ „მილანი“ დააწინაურა. 78-ე წუთზე კი „აიაქსმა“ წონასწორობა კვლავ აღადგინა - 2:2. ეს შედეგი რონალდ კუმანის გუნდის სასარგებლოდ მეტყველებდა და „მილანი“ ასპარეზობას ეთიშებოდა.

თუმცა, 90-ე წუთზე ფილიპო ინძაგიმ მცველს და მეკარეს დაასწრო და მატჩის გმირი გახდა. მართალია, გოლი იონ დალ ტომასონს ჩაეთვალა, მაგრამ ბურთი დანიელის გარეშეც გადაკვეთდა კარის ხაზს. ასეა თუ ისე, ინძაგი-ტომასონის სანახევრო გოლით იმ სეზონის ისტორია შეიცვალა და საბოლოოდ „მილანმა“ თასი აღმართა. მიუხედავად იმისა, რომ პლეი-ოფის ხუთი მატჩიდან (ფინალის ჩათვლით) მხოლოდ ერთხელ მოიგო (სწორედ ეს თამაში „აიაქსთან“).

ბრანისლავ ივანოვიჩი: „ჩელსი“ – „ნაპოლი“ 4:1

2011-2012 წლების სეზონი ლონდონის „ჩელსის“ ტრიუმფით დასრულდა. რობერტო დი მატეოს გუნდმა ბეწვის ხიდზე მაშინ არაერთხელ გაიარა, მაგრამ მერვედფინალში „ნაპოლისთან“ დრამა მაინც გამორჩეულია.

იტალიაში პირველი თამაში მასპინძლებმა 3:1 მოიგეს და „ჩელსი“ რთულ ვითარებაში ჩააგდეს. თუმცა, ლონდონში ინგლისური გუნდი მხოლოდ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის გავიდა მოედანზე. დიდიე დროგბასა და ჯონ ტერის გოლებით „ჩელსი“ მეოთხედფინალის გზას დაადგა, მაგრამ 55-ე წუთზე გოქან ინლერმა გაიტანა და ეს შედეგი უკვე იტალიელებს აძლევდა ხელს. თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ფრენკ ლამპარდმა პენალტით მესამე გაიტანა და ორი მატჩის ჯამში სრული თანაფარდობა დაფიქსირდა - 1:3, 3:1. დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც 105-ე წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩის გატანილი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და „ჩელსი“ მეოთხედფინალში გავიდა, საბოლოოდ კი ჩემპიონის გახდა.

კოშტინია: „მანჩესტერი“ – „პორტუ“ 1:1

2003-2004 წლების სეზონი სენსაციურად „პორტუს“ ტრიუმფით რომ დასრულდა, ცხადია ყველას მოეხსენება. ჟოზე მოურინიოს გუნდის ჩემპიონობა მაშინ მართლაც დიდი სენსაცია იყო. „დრაკონებმა“ მერვედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ აჯობეს.

პორტუგალიაში ბენი მაკარტის დუბლით მასპინძლებმა მოიგეს 2:1 და „ოლდ ტრაფორდზე“ მცირე უპირატესობით ჩავიდნენ. „ოცნების თეატრში“ კი 31-ე წუთზე პოლ სქოულზმა მასპინძლები დააწინაურა. ეს შედეგი სერ ალექს ფერგიუსონს გუნდს ხელს აძლევდა და სტუმრად გატანილი გოლით შემდეგ ეტაპზე გადიოდა. თუმცა, 90-ე წუთზე კოშტინიამ ტიმ ჰოვარდის შეცდომით გაათანაბრა და „პორტუ“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

ალბათ გახსოვთ მოურინიოს ცნობილი გოლის აღნიშვნა „ოლდ ტრაფორდზე“, ის სწორედ კოშტინიას გოლს ზეიმობდა, რამაც „პორტუს“ და იმ სეზონის ბედი მთლიანად შეცვალა.

0.119257