ფეხბურთი

11:20 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

შთამბეჭდავი არველაძე "ალკმაარში" და დუბლი "სანჩეს პისხუანზე" სევილიასთან" (+VIDEO)

2005 წლის ზაფხულში შოტლანდიაში გატარებული ოთხწლიანი პერიოდის შემდეგ შოთა არველაძე „რეინჯერსი“ დატოვა და „ალკმაარის“ ფეხბურთელი გახდა. ჩვენებური ნიდერლანდებს (მაშინ ჰოლანდიას) სწორედ 4 წლის შემდეგ დაუბრუნდა, რადგან მანამდე ამსტერდამის „აიაქსში“ ირჯებოდა.

„ალკმაარში“ ძველი ნაცნობი ლუის ვან გაალი ხელგაშლილი ელოდა და თამაშს მასზე აწყობდა. გამოცდილი სპეციალისტი არც ცდებოდა. ქართველი „ალკმაარის“ მთავარი ფიგურა უმალვე გახდა.

პირველივე სეზონში უშუალოდ ერედივიზიონში შოთამ 31 მატჩში 22 გოლი გაიტანა და დიდი წვლილი შეიტანა, რომ მისი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, გაასწრო რა, „აიაქსსა“ და „ფეიენოორდს“ ჩამორჩა მხოლოდ პსვ ეინდჰოვენს. მეორე ადგილზე გავიდა თავად არველაძეც, ბომბარდირთა დავაში. მხოლოდ კლაას-იან ჰუნტელაარს ჩამორჩა, რომელსაც ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა (33 გოლი გაიტანა). ჩვენებურმა კი დირკ კუიტს, ჯეფერსონ ფარფანსა და სალომონ კალუს აჯობა. მთლიანად სეზონში 42 თამშში 25 დააგროვა.

შოთას მომდევნო სეზონიც ბრწყინვალე ჰქონდა. მართალია, ერედივიზიონში 29 მატჩში „მხოლოდ“ 14 გოლი გაიტანა და ბომბარდირ ალფონსო ალვეშს მთელი 20 გოლით ჩამორჩა, მაგრამ სამაგიეროდ, უეფას თასზე ბრწყინავდა, სადაც 11 შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ვალტერ პანდიანის (11 გოლი) და კლაუდიო ნიკულესკუს (8 გოლი) ჩამორჩა მის მსგავსად 7-7 გოლი გაიტანეს კლაას-იან ჰუნტელაარსმა და დიმიტარ ბერბატოვმა. სამაგიეროდ, ისეთ სახელოვან ფორვარდებს გაუსწრო, როგორებიც პედრო პაულეტა, ობაფემი მარტინსი, კრისტიანო ლუკარელი, რობი კინი და ლუის გარსია იყვნენ... იმ წელს „ალკმაარი“ ერედივიზიონში ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ ბოლოსკენ ხელიდან გაუშვა უპირატესობა და საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელ პლეი-ოფის ფინალში „აიაქსთანაც“ დამარცხდა, ხოლო უეფას თასზე მაქსიმუმი მეოთხედფინალი გამოდგა. 2006-2007 წლების სეზონში ქართველმა გოლეადორმა ყველა ტურნირზე 47 მატჩში 23 გოლი გაიტანა (ორჯერ ნიდერლანდების თასზე იხეირა). იმ სეზონში, არველაძემ უეფას თასზე „ნიუკასლ იუნაიტედს“ ჩინებული გოლი გაუტანა (აღარ ვახსენებთ ერედივიზონში გატანილ რამდენიმე შედევრს), მაგრამ ახლა ჯგუფური ეტაპის მატჩს გავიხსენებთ.

2006 წლის 14 დეკემბერს, „ალკმაარი“ ტურნირის მოქმედ და სხვათა შორის, მომავალ ჩემპიონს, „სევილიას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. „სანჩეს პისხუანზე“ სტუმართა ქართველი კაპიტანი იყო მთავარ როლში. მეორე ტაიმის დასაწყისში ხავიერ ერნესტო ჩევანტონმა ესპანელები დააწინაურა, მაგრამ 63-ე და 90-ე წუთებზე არველაძემ დუბლი შეასრულა და „ალკმაარს“ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

საბოლოოდ, ქართველი ფეხბურთელი "აზ ალკმაარის" ღირსებას 2005-2007 წლებში იცავდა და იქაურ ისტორიაში წარუშლელი კვალიც დატოვა - 89 თამაში და 48 გოლი!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114771