ფეხბურთი

21:20 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ ამერიკელი "გიჟების" ნაკრები

ფეხბურთი შეჩერდა, ისტორიების დროა. დღეს გავიხსენებთ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ყველაზე ექსტრავაგანტულ წევრებს და ერთგვარ სიმბოლურ ნაკრებსაც შევადგენთ ფეხბურთელებისგან, რომელთაც წარმატებული კარიერაც ჰქონდა (ზოგ შემთხვევავში ახლაც აქვთ) და თან მოედანზე თუ ცხოვრებაში ზუსტად სამხრეთ ამერიკელებისთვის დამახასიათებელი არაერთი სიგიჟე ჩაუდენიათ.

ბუნებრივია, ამ სიმბოლურ გუნდს სიმბოლურადვე მთავარი მწვრთმელიც ეყოლება. სხვათა შორის, ისეთი ვარსკვალვური შემადგენლობა გამოვიდა, მათი მოედანზე ერთად ხილვის სურვილიც ბევრს უნდა გაუჩნდეს, თუმცა, ეს ცხადია არაერეალური და გიჟური იდეაა.

რენე იგიტა (კოლუმბია)

კარში ადგილს რა თქმა უნდა, რენე იგიტა დაიკავებს. კოლუმბიელი სრულად აკმაყოფილებს წერილის შინაარსს, მეკარეები ცოტა უფრო მეტად „გიჟები“ არიან. ის ფეხბურთის ისტორიაში ცნობილი „მორიელის“ დარტყმით შევიდა. თუმცა, არც მოედნის მიღმა დარჩენილა ჩრდილში, ყოველშემთხვევაში, ადამიანის გატაცების მცდელობაში ბრალდებული ბევრი არ ყოფილა.

ოსკარ რუჯერი (არგენტინა)

1978-1990 წლებში ფეხბურთში ამინდის ერთ-ერთი მთავარი შექმნელი არგენტინის ნაკრები იყო, რომელმაც ამ პერიოდში ორჯერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ბუნებრივია ეს იყო მაგარი ბიჭებით დაკომპლექტებული ნაკრები, მაგალითად ოსკარ რუჯერი. ის უკან იცავდა საკუთარ გუნდს, შემდეგ ბურთს დიეგო მიიღებდა და რაღაც ლამაზი ხდებოდა.

პაოლო მონტერო (ურუგვაი)

პაოლო მონტეროს გახსენება განსაკუთრებით „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს არ გაუჭირდებათ. „მკვლელის“ მეტსახელით ცნობილი ურუგვაელი მცველი, რომლისთვის მოედანზე არათუ ავტორიტეტები, არამედ არავინ არსებობდა. მონტერო სახელგანთქმულია თავისი ზღვარგადასული ხისტი თამაშის სტილით და კარიერაში 21 წითელი ბარათიც მოაგროვა, მათ შორის 16 სერია A-ში.

დანიელ პასარელა (არგენტინა)

დანიელ პასარელას ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. პასარელა გამორჩეული იყო მოედანზეც და მოედნის მიღმაც. ჰქონდა განსაკუთრებული პიროვნული მახასიათებლები. სხვათა შორის, სწორედ მან მუნდიალზე თამაშის მიზნით ფერნანდო რედონდოს და გაბრიელ ბატისტუტას თმები შეააჭრევინა. ამ გადმოსახედიდან მეტად უცნაურია, მაგრამ პასარელას თავისი წესები ჰქონდა.

ფელიპე მელო (ბრაზილია)

დაცვის წინ რა თქმა უნდა, ფელიპე მელო განთავსდებოდა. „ფეხბურთი რომ არა, შეიძლება მკვლელი გავმხდარიყავი“ - თქვა ერთხელ ბრაზილიელმა. ყველაფერი გასაგებია, ის მოედანზეც ამ რეპუტაციით სარგებლობს, მელო ერთ-ერთი ყველაზე უხეში და გიჟი ხასიათის მატარებელი ბრაზილიელია.

არტურო ვიდალი (ჩილე)

ფელიპე მელოს გვერდს არტურო ვიდალი უმშვენებს. ის ერთ-ერთია, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ნერვებისა და პოლემიკის ფონზე. სახიფათოა როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს მიღმა. მისი გიჟური თვისებების პარალელურად, არტუროს ტრიუმფალური კარიერა აქვს, ორჯერ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონიც გახდა ჩილეს ნაკრებში, რომელსაც მანამდე იგივე წარმატება არ ღირსებია.

კლაუდიო კანიჯა (არგენტინა)

„ქარის შვილი“ - კლაუდიო კანიჯა. მისი ერთ-ერთი ისტორიული კადრი „ბოკა ხუნიორსს“ უკავშირდება, როდესაც თანაგუნდელ დიეგო მარადონას ტუჩებში ვნებიანად აკოცა. ეს 1996 წელს, „ველეს სარსფილდთან“ შეხვედრაში მოხდა. მაგრამ მერე რა, ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან. კანიჯამ სიგიჟეების გარდა, 1990 წლის მუნდიალზე „ალბისელესტეს“ ვიცე-ჩემპიონობაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

კარლოს ვალდერამა (კოლუმბია)

კოლუმბიის ნაკრების კაპიტანი და სიმბოლო კარლოს ვალდერამა. ყველაზე ძლიერი და შეშლილი ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად ანსახიერებდა საკუთარ ქვეყანას ათასგვარ წინააღმდეგობაში. ოქროს ულვაშები და პლატინის ფეხები, მისი თმები კი მას ძალიან ცნობადს ხდის. თავის ნაკრებთან ერთად ტიტულებს ვერ შესწვდა, მაგრამ ის იყო აბსოლუტური ტალანტი და გიჟი.

ფაუსტინო ასპრილია (კოლუმბია)

ფაუსტინო ასპრილია - ბურთი, იარაღი და პრეზერვატივი. ნამდვილი გიჟი, რომელსაც ნიჭი ინსტიქტურად ბოლომდე რომ გამოეყენებინა, ალბათ თავის თაობაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა. ასპრილიას მოედანზე შეეძლო ყველაფერი, უკეთესიც და უარესიც. გარდა ამისა, მისთვის მანქანების დამტვრევა, სახლში ტყვიებიც არ ყოფილა უცხო. კარიერის შემდეგ? წარმატებული ბიზნესმენი: შექმნა პრეზერვატების ახალი ბრენდი - „ტინო“.

ადრიანო (ბრაზილია)

იმპერატორის სიგიჟეები. დისნეის ფილმის სათაურია, მაგრამ სრულყოფილად ასახავს ადრიანოს კარიერის და ცხოვრების წეს-ჩვეულებებს. მის თაობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნდა, მაგრამ მისი ნიჭი ჩამოინგრა დეპრესიის, ალკოჰოლის, წვეულებების, იარაღისა და ცუდი თანმხლები პირების გამო.

დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა)

ღმერთი, რომელიც დემონებით ცხოვრობდა. დიეგო არმანდო მარადონამ ფეხბურთი შეცვალა, ის ფეხბურთის უგვირგვინო მეფეა და ბევრისთვის დღემდე ინსპირაციის მთავარი წყაროა საფეხბურთო მინდორზე. ბრწყინავდა და უდიდესი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ მისი ცხოვრება მშვიდი არასდროს ყოფილა. 1994 წელს მუნდიალზე დისკვალიფიკაციაც მიიღო, კოკაინის მოხმარებაში მას მერეც არაერთხელ ამხილეს. მიუხედავად ამისა, დიეგო მარადონა ფეხბურთის მეფეა.

მარსელო ბიელსა (არგენტინა)

ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რა თქმა უნდა, მარსელო ბიელსა უნდა იყოს. სკამის გურუ. ის ერთ-ერთია, ვინც მეკარეებს უბრძანებს, რომ ბურთი პირდაპირ აუტში მოიგერიონ. რომანტიული და მეტაფორული მარსელო ბიელსა, რომელსაც მეტსახელიც შესაბამისი აქვს - გიჟი.

0.127331