ფეხბურთი

0:38 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უცხო გარემოში დაფასებულნი

უცხო მიწაზე დაფასებულნი - ფეხბურთელები, რომლებსაც ტაში მოწინააღმდეგის პუბლიკამ მიაგება და ასეთი შემთხვევა ფეხბურთში არც ისე ხშირია.

დღეს 10 შემთხვევას გავიხსენებთ, თუმცა ისიც ცხადია, რომ ყველა ამ წერილში ვერ მოხვდება, მხოლოდ რამდენიმე მათგანს გავიხსენებთ. ლეგენდებს მეტოქეებიც რომ აფასებდნენ...

დიეგო მარადონა: „რეალი“ – „ბარსელონა“ 2:2 (1982-1983 წლების სეზონი, ესპანეთის თასი)

„რეალის“ გულშემატკივართა ნაწილი ფეხზე წამოდგა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დიეგო მარადონასთვის ტაში მიეგებებინათ, რას შემდეგ, რაც არგენტინელმა დაუვიწყარი გოლი გაიტანა. 1983 წელს, კოპა დელ რეის პირველ მატჩში არგენტინელმა დუბლი შეასრულა, მაგრამ „რეალმა“ ჩამორჩენა აღმოფხვრა და თამაში ფრედ დასრულდა.

რონალდო: „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „რეალი“ 4:3 (2002-2003 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა)

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „რეალის“ მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო თამაში „ოლდ ტრაფორდზე“ „წითელ ეშმაკებთან“ ჩაატარა. 2002-2003 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საკუთარ გუნდს, რომელსაც სახლში 3:1 ჰქონდა მოგებული, ნახევარფინალში გაუძღვა. დამარცხებულ მასპინძლებს არ ჰქონიათ პრობლემა, რომ მეტოქე ფეხზე წამომდგარი ტაშით დაეფასებინათ.

რონალდინიო: „რეალი“ – „ბარსელონა“ 0:3 (2005-2006 წლების სეზონი, ლა ლიგა)

„ბარსელონამ“ 2005-2006 წლების სეზონში „ელ კლასიკო“ მადრიდში 3:0 მოიგო. შოუს მთავარი გმირი რონალდინიო იყო, რომელმაც ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რის შედეგადაც, მადრიდული პუბლიკისგან დამსახურებული ტაში მიიღო.

ალესანდრო დელ პიერო: „რეალი“ – „იუვენტუსი“ 0:2 (2008-2009 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა)

ალესანდრო დელ პიერომ შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა 2008-2009 წლების სეზონში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. იმ დროს იტალიელი 34 წლის იყო, მაგრამ მისი თამაში ბევრს შეცდომაში შეიყვანდა და 25 წლის ეგონებოდა. როდესაც მატჩის მიწურულს შეცვალეს, მთელი „სანტიაგო ბერნაბეუ“ ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა. ის ამას სრულიად იმსახურებდა.

ლიონელ მესი: „ატლეტიკო“ – „ბარსელონა“ 1:3 (2008-2009 წლების სეზონი, ესპანეთის თასი)

პეპ გვარდიოლას პირველ სეზონში ლიონელ მესი შეუჩერებელი იყო. „ატლეტიკოსთან“ 3:1 გამარჯვებაში მან მთავარი როლი შეასრულა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და მასპინძლებმა ტაშით დააფასეს ის ყველაფერი, რასაც მესი მოედანზე აკეთებდა.

ანდრეს ინიესტა: „ესპანიოლი“ – „ბარსელონა“ 1:5 (2010-2011 წლების სეზონი, ლა ლიგა)

ფეხბურთში ალბათ ცოტაა იმაზე მტკივნეული, ვიდრე დერბის წაგება. ამის მიუხედავად, ანდრეს ინიესტას წარმოდგენამ „ესპანიოლის“ ქომაგების აღფრთოვანებაც გამოიწვია და ლეგენდის მისამართით აპლოდისმენტები ვერ დაიშურეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მანამდე ცოტა ხნით ადრე, ინიესტამ მსოფლიო ჩემპიონობა „ესპანიოლის“ გარდაცვლილ ფეხბურთელ დანი ხარკეს მიუძღვნა, რაც მასპინძელ ქომაგებს არ გამორჩენიათ.

ჩავი ერნანდესი: „ბილბაო“ – „ბარსელონა“ 2:5 (2014-2015 წლების სეზონი, ლა ლიგა)

ბილბაოს „ატლეტიკის“ ქომაგებმა „ბარსელონასთან“ 2:5 განადგურების მიუხედავად, ჩავის ტაში დაუკრეს, რადგან ესპანელმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა და ბასკი გულშემატკივრებისგან დასაფასებელი ჟესტიც მიიღო.

ფრანჩესკო ტოტი: „რეალი“ – „რომა“ 2:0 (2015-2016 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა)

ჩემპიონთა ლიგაზე „რეალმა“ „რომა“ ადვილად დაამარცხა და ფრანჩესკო ტოტის განსაკუთრებული თამაში არ ჰქონია, მაგრამ განსაკუთრებული კარიერა ჰქონდა და სწორედ ამიტომ, „ბლანკოსის“ ქომაგებისგან ტაში დაიმსახურა.

კრიშტიანუ რონალდუ: „იუვენტუსი“ – „რეალი“ 0:3 (2017-2018 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა)

„იუვენტუსის“ გულშემატკივართა უმეტესობა კრიშტიანუ რონალდუს ფეხზე წამოუდგა, როდესაც მან საოცარი „მაკრატელა“ გაიტანა ტურინელთა კარში. რონალდუმ იტალიელებს მადლობა მაშინვე გადაუხადა ჟესტით, სამი თვის შემდეგ კი „იუვენტუსში“ გადავიდა.

ლიონელ მესი: „ბეტისი“ – „ბარსელონა“ 1:4 (2018-2019 წლების სეზონი, ლა ლიგა)

ლიონელ მესი ათეულში მეორედ მოხვდა. გასულ სეზონში არგენტინელმა „ბენიტო ვილამარინზე“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და სევილიელი ქომაგები აღფრთოვანებული იყვნენ იმის ყურებით, რასაც მესი იმ დღეს აკეთებდა და მთელმა სტადიონმა ტაში დაუკრა.

0.164569