ფეხბურთი

19:55 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ როგორც იქნა გამარჯვების გემო გაიხსენა. ფამაგუსტელებმა XXIII ტურში ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლეს და 3:0 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ „ანორთოსისმა“ ერთი კვირის წინ სწორედ აეკ-თან შინ 1:2 წააგო. მაშინ ლარნაკელთა რიგებში ჩრდილოეთ მაკედონიელმა ივან ტრისკოვსკიმ დუბლი შეასრულა და ახლაც მან გახსნა ანგარიში. ოღონდ, მე-5 წუთზე საკუთარი კარი დალაშქრა და ამჯერზე ავტოგოლით „გამოირჩა“.

51-ე წუთზე სხვაობა ორამდე თორნიკე ოქრიაშვილმა გაზარდა. ქართველმა შემტევმა ჯარიმა გაიტანა, თუმცა უნდა ითქვას, რომ დარტყმა იდეალური არ იყო და სტუმართა ესპანელმა კიპერმა ტონომ უხეში შეცდომა დაუშვა. საბოლოო ანგარიში კი, 67-ე წუთზე გორდონ შილდენფილდმა დააფიქსირა.

თორნიკემ მიმდინარე სეზონში უშუალოდ კვიპროსის ჩემპიონატში მე-14 შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა (ერთხელ თავი სათასო ტურნირზეც გამოიჩინა).

ქეცბაიამ ოთხი ჩვენებური გაამწესა ძირითად შემადგენლობაში - გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, თორნიკე ოქრიაშვილი 81-ე წუთამდე იყო მინდორზე, ხოლო ჯანო ანანიძე 55-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ნიკა კაჭარავას, ქართველმა ფორვარდმა ბოლო 20 წუთი ითამაშა.

„ანორთოსისს“ 46 ქულა აქვს და საჩემპიონო ჯგუფში ნიქოზიის „ომონიასთან“ ერთად ლიდერობას იყოფს. მომდევნო შეხვედრას ჩვენებურების გუნდი 14 მარტს, ნიქოზიაში, „აპოელთან“ ჩაატარებს, რომელსაც ამ დროისთვის 7 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120389