ფეხბურთი

21:55 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ახალი სეზონი, ახალი მოლოდინი - ეროვნული ლიგის ყველა კლუბის წარდგენა

ხვალიდან საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი, 2020 წლის სეზონი დაიწყება. ყველაფერი ახალი იმედთან ასოცირდება და ჩვენც იმედიანად შევყურებთ დამდეგ სეზონს და ვიმედოვნებთ, რომ წინარმობედებზე საინტერესო და უფრო მაღალი ხარისხის იქნება.

თუმცა, რეალობას თვალებში რომ ჩავხედოთ, დიდი ცვლილებების იმედი არ უნდა გვქონდეს. ქართულ სინამდვილეში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, ყოველი სეზონის წინ პრაქტიკულად ახალი გუნდის გაკეთება. ცხადია, სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის დაკომპლექტება ბუნებრივი და მეტიც, ლოგიკური მოვლენაა, მაგრამ ის, რასაც ქართულ სატრანსფერო რეალობაში ვხედავთ და თანაც საუბედუროდ დაუსრულებლად, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება.

4-5 ახალწვეული და (შესაბამისად, დაახლოებით იგივე რაოდენობით გუნდიდან წასვლა) ჩვეულებრივი, გარდაუვალი და საჭირო პროცესია, მაგრამ როდესაც ლამის მთელი შემადგენლობა იცვლება, 10, 12, 14, 15 და უფრო მეტი ფეხბურთელის შეცვლა ცოტა არ იყოს უცნაურია. და მაინც, ამას უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ და კარს მომდგარ გაზაფხულზეც არ გამოჩენილან მერცხლები.

არის გამონაკლისები - მაგალითად „დინამო ბათუმი“, რომელმაც გასული სეზონის ძირითადი ბირთვიც შეინარჩუნა და რამდენიმე კარგი მოთამაშეც დაიმატა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფურცელზე გაძლიერდა, დანარჩენი კი მოედანზე უნდა გამოჩნდეს. იგივე ჩემპიონატის დებიუტანტი თბილისის „მერანი“, რომელსაც სულ სამი ახალწვეული ჰყავს და ფონს გასვლას შარშანდელი ბირთვით ეცდება. არც თბილისის „ლოკომოტივს“ შეუცვლია ყველაფერი, მაგრამ დანარჩენ გუნდებში ძალიან ბევრი ცვლილებებია და ვეცდებით ყველა მათგანზე ორიოდ სიტყვით გიამბოთ.

„დინამო თბილისი“

„დინამო თბილისისგან“ ყოველთვის დიდი მოლოდინია და რა გასაკვირია - ჩვენი ფეხბურთის ფლაგმანია. ბუნებრივია, რომ მისი სატრანსფერო პოლიტიკა თუ სათამაშო ხარისხი მუდამ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს.

გასულ სეზონში თბილისელებმა 2016 წლის შემდეგ ჩემპიონობა დაიბრუნეს და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს გარჯა, რაც ცხადია დიდი პასუხისმგებლობაა. დედაქალაქურ გუნდში ამ ზამთრს ბევრი, მეტისმეტად ბევრი ცვლილება მოხდა. უპირველეს ყოვლისა სამწვრთნელო შტაბის ცვლილება უნდა ვახსენოთ. გუნდი გაჩემპიონდა, მაგრამ ესპანური დუეტი, ჩისკო და ფელის ვისენტე მაინც წავიდნენ. ისინი ქუთაისის „ტორპედოდან“ კახა ჩხეტიანმა ჩაანაცვლა, რომელიც საქართველოში ტიტულოვანი მწვრთნელია.

სამწვრთნელო შტაბის ცვლილებამ კი, გუნდის კომპლექტაციას შეცვლაც გამოიწვია. სხვა თუ არაფერი, „დინამომ“ ერთბაშად სამი მეკარე დაიმატა, ერთი შეხედვით შესაძლოა სხვა პოზიციებზე უფრო მეტად მართებდა ბალანსირება, მაგრამ ფაქტია - როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი და ბოლოს ხოსე პერალესი. დიახ, ესპანელმა შარშანდელ ჩემპიონობაში დიდი როლი შეიტანა, მერე გუნდი საკმაოდ მოულოდნელად დატოვა, გავიდა ერთი თვე და უკან დაბრუნდა. ესეც დიდი მოულოდნელად და ცოტა გაუგებარი სვლა იყო. მარტივად, რომ ვთქვათ, ან წასვლა რა იყო და ან მოსვლა?.. ახლა „დინამოს“ ორი ერთნაირად მაღალი დონის და მესამე გამოცდილი კიპერი. თუმცა, ყველაფერში არის რაღაც დადებითი და ჩხეტიანის გუნდში სად თუ არა, მეკარის პოზიციაზე მართლაც უდიდესი კონკურენციაა.

ხსენებული სამი კიპერის გარდა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს კიდევ 10 ფეხბურთელი შეუერთდა. გამოდის, რომ გუნდმა ზამთარში 13 ფეხბურთელი(!) დაიმატა, რაც პრაქტიკულად ახალ გუნდს ნიშნავს და მათ შეთამაშებას დრო დასჭირდება. და, ეს რომ ასეა, თურქული შეკრების სპარინგებმაც დაადასტურა და საქართველოს სუპერთასის მატჩმაც, სადაც „დინამოს“ კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. ახლა, ყველაზე დადებითი ის გახლავთ, რომ ევროტურნირებამდე დიდი დროა, რომ გუნდის ათამაშება-შეთამაშება მოხდეს, თუ რა თქმა უნდა, ზაფხულში იგივე წრე არ ვიხილეთ. შარშანდელი შემადგენლობიდან უნდა გამოვყოთ ნიკა ნინუას შენარჩუნება, რომელსაც მსურველები არ აკლდა და ის მნიშვნელოვანი ძალა იქნება საქართველოს ჩემპიონისთვის. გუნდს დაუბრუნდნენ ლუკა ლოჩოშვილი, ირაკლი ბუღრიძე და გიორგი კუცია, საინტერესოდ წარმოაჩინა თავი შეკრებაზე 18 წლის თორნიკე ახვლედიანმა, არის რამდენიმე ლეგიონერიც, რომელთა შესაძლებლობები მწვანე მინდორზე უნდა გამოჩნდეს. „დინამო“ ახალ სეზონს ხვალ „თელავთან“ მატჩით გახსნის „დინამო არენაზე“

„დინამო თბილისის“ ახალწვეულები

ომარ მიგინეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ნიკა სანდოხაძე, გიორგი კუცია, ირაკლი ბუღრიძე, თორნიკე კაპანაძე, თორნიკე ახვლედიანი, ფილიპ ორშულა, ივან ტრუბოჩკინი, საიმონ ბენიო, პერნამბუკუ, როინ კვასხვაძე, ხოსე პერალესი

„დინამო ბათუმი“

საქართველოს ვიცე-ჩემპიონში საინტერესო სიახლეებია. არამარტო ბათუმი, მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდება ახალი სტადიონის გახსნას, რომელიც უკვე დასკვნით ფაზაშია და ისეთი ლამაზი გამოვიდა, ერთი შეხედვით წუნს ნამდვილად რომ ვერ მოუძებნი. გია გეგუჩაძის გუნდმა შარშანდელი შემადგენლობა თითქმის შეინარჩუნა, მათ შორის გუნდის ლიდერი ჯოვინი ფლამარიონი, რომელიც ისევ შეუტევს მეტოქეებს. ამის პარალელურად, ზღვისპირელებმა მეტად საინტერესო შევსება მიიღეს. სულ ექვსი ახალი ფეხბურთელი, რაც სხვათა შორის სტანდარტული და ჩვეულებრივი რაოდენობრივი შევსებაა და ეს უკვე კარგია. ძალიან საინტერესოა 18 წლის ჟულიო ვინისიუსი, რომელიც ბათუმში ბრაზილიიდან ჩამოვიდა და როგორც ამბობენ, ნიჭიც არ აკლია. ვაგნერ გონსალვეში გუნდმა „საბურთალოდან“ დაიმატა, იმავე პოზიციაზე კი მათე ცინცაძეც მშვენიერი ტრანსფერია. დაცვის ცენტრს გამოცდილი ნიგერიელი გოდფრი ობოაბონა შეუერთდა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშია, ოღონდ ეგაა, რომ 6 წლის წინ და მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ტრავმებიც აწუხებდა და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს საქართველოში. ყველაზე საინტერესოდ კი, მაინც გამოცდილი ბრაზილიელი ფორვარდის რეინალდოს ტრანსფერი მოსჩანს. სამხრეთ ამერიკელს საკმაოდ მაღალ დონეზე უთამაშია, მეტწილად აზერბაიჯანული „ყარაბაღის“ მაისურით და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გოლები გაუტანია. „დინამო ბათუმი“ ძალზე საინტერესო გუნდი უნდა იყოს, მალე ახალი სტადიონის ეფექტიც შეეშველება, მერე კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც კარს მოადგება. ვნახოთ, გია გეგუჩაძის გუნდისგან სასიამოვნო სიურპრიზებს ნამდვილად უნდა ველოდოთ. ბათუმელებისთვის სეზონი შაბათს, თბილისის „მერანთან“ მატჩით დაიწყება.

„დინამო ბათუმის“ ახალწვეულები

მათე ცინცაძე, ვაგნერ გონსალვეში, ჟულიო ვინისიუსი, რეინალდო, გოდფრი ობოაბონა, იჰორ ლევჩენკო

„საბურთალო“

„საბურთალომ“ გასული სეზონი საქართველოს თასით დაასრულა და ახალი ერთი კვირის წინ სუპერთასის მოგებით გახსნა. „საბურთალოშიც“ საკმაოდ საინტერესოდ და მეტიც, სენსაციურად განვითარდა მოვლენები.

თავდაპირველი სიახლე გუნდიდან გიორგი ჭიაბრიშვილის წასვლა იყო, რომელიც გია ცეცაძემ შეცვალა. თავისთავად მწვრთნელის ცვლილება უკვე მნიშვნელოვანი დეტალია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდა. ცეცაძემ „საბურთალო“ ესპანურ შეკრებაზე დატოვა, მაშინ, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა ერთი თვით ადრე, საზეიმოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ირწმუნებოდა, რომ დიდი გეგმები იყო ახალ თავკაცთან ერთად და სამწლიანი გეგმაც წარმოადგენეს. სამი წელი არა, მაგრამ ერთი თვე ნამდვილად გაგრძელდა. ამბობენ, რომ ცეცაძემ ფეხბურთელებს შორის წარმოქმინილი კონფლიქტის გამო დატოვა გუნდი და ის თემურ შალამბერიძემ ჩაანაცვლა.

„საბურთალომ“ ცეცაძის დანიშვნიდან მალევე გიორგი ჭანტურია დაიმატა, რომელიც წელიწადზე მეტი უქმობდა და ქართველი მწვრთნელის გუნდიდან წასვლიდან რამდენიმე დღეში კონტრაქტი საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთანაც გაწყდა. მოკლედ, უცნაურად ვითარდებოდა მოვლენები თბილისურ გუნდში და ვერავინ იტყვის, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, მეტიც, ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

სხვა მხრივ, საქართველოს 2018 წლის ჩემპიონს ცხრა ახალწვეული ჰყავს, მათ შორის, ნიდერლანდელი ლეგიონერები ჯულიუს ბლეკი და იეროენ ლუმუ, აქვე არიან პორტუგალიელი ჟარდელ ნაზარე და უკრაინელი ოლექსანდრ ბელიაევი. დანარჩენები ქართველი ფეხბურთელები არიან, რომელთაც ჯერ დასამტკიცებელი ბევრი აქვთ. ამ ყველაფრის ფონზე შალამბერიძის გუნდმა შარშანდელი ბირთვი თითქმის შეინარჩუნა, რაც ნამდვილად დადებითი მომენტია. გუნდში არიან, ნიკოლოზ მალი და ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი კოხრეიძე და ლაზარე კუპატაძე, რომელთა მხრებზე წესით ბევრმა მატჩმა უნდა გადაიაროს. დანაკლის რაც შეეხება, ვაგნერ გონსალვეში, თორნიკე გორგიაშვილი, ოგნიენ როლოვიჩი და გეგა დიასამიძე უნდა ვახსენოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ თბილისური გუნდი ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. „საბურთალო“ ახალ სეზონს კვირას, „ჩიხურასთან“ შეხვედრით გახსნის.

„საბურთალოდ“ ახალწვეულები

ჟარდელ ნაზარე, ჯულიუს ბლეკი, ანრი ჭიჭინაძე, ოლექსანდრ ბელიაევი, ლევან მაჭარაშვილი, ბექა ქავთარაძე, იეროენ ლუმუ, გურამ გოშთელიანი, დავით კუპატაძე

„ლოკომოტივი“

კიდევ ერთი გუნდი, რომელიც ევროპა ლიგაზე ითამაშებს, „ლოკომოტივია“. „რკინიგზელები“ ევროსარბიელს 15-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან, რაც ძალიან სასიამოვნოა. ლევან კორღალიძემ თითქმის შეუძლებელი შეძლო და გუნდი, რომელიც სეზონის სტარტზე მეტად არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მეოთხე ადგილზე გაიყვანა, პარალელურად კი საქართველოს თასის ფინალიც ათამაშა.

სხვათა შორის, „ლოკომ“ არაქართული თვისება გამოიჩინა და შემადგენლობის თავიდან აწყობა არ დაუწყია, უბრალოდ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა და შემადგენლობა უფრო დააბალანსა. თუმცა, არის ერთი დიდი - თუმცა... იმისდა მიუხედავად, რომ „რკინიგზელებმა“ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს, შემადგენლობის გაძლიერების ნიშნები არ ჩანს. საქართველოში დაბრუნდა ვეტერანი ქართველი შემტევი და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი სანდრო კობახიძე, დანარჩენები კი ახალგაზრდა მოთაშეები არიან. ცხადია, ეს ბირთვი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი სიტყვის თქმას დიდი ალბათობით მოახერხებს, მაგრამ უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ერთია ეროვნული ლიგის მოთხოვნები და მეორე - ევროტურნირების. „“ლოკომოტივის“ კი წინ ევროპა ლიგა ელოდება, მანამდე სეზონს „სამტრედიასთან“ მატჩით გახსნის.

„ლოკომოტივის“ ახალწვეულები

გიორგი მამარდაშვილი, სანდრო კობახიძე, იმრან ულად ომარი, ბექა დარცმელია, ლევან ჟორდანია, გიორგი ჯინჯოლავა, ცოტნე კაპანაძე

„ტორპედო“

ქუთაისის „ტორპედოს“ თემა ალბათ თითქმის დასრულებულ ზამთარში ყველაზე ცხელი იყო. დიდი ხნის განმავლობაში კლუბის მომავალი საერთოდ ბუნდოვანი იყო და არავინ იცოდა გააგრძელებდა თუ არა ტიტულოვანი გუნდი არსებობას. საბოლოოდ, ზღაპრის ბოლო კეთილი გამოდგა და „ტორპედოს“ მხსნელად იტალიელი ფაბიო მანინო მოევლინა.

მანინო დროში საკმაოდ შეზღუდული იყო, რადგან „ტორპედო“ ფეხბურთელებისგან სრულად დაიცალა და შესაბამისად, შევსებაც გვიან დაიწყო. ამის ფონზე მეტ-ნაკლებად და შეძლებიდაგვარად მოხერხდა სელექცია. ქუთათურებს 15 ახალი ფეხბურთელი ჰყავთ, დანარჩენ ადგილებს კი აკადემიის მოთამაშეები შეავსებენ. არის ორი ლეგიონერიც და რამდენიმე საკმაოდ გამოცდილი ქართველი ფეხბურთელები. კახა ჩხეტიანის „დინამოში“ წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვეტერანმა ფეხბურთელმა და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრმა, მიხეილ აშვეთიამ დაიკავა, რომლისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტი პირველი გამოცდილება იქნება.

ამ ეტაპზე ყველაზე დადებითი ისაა, რომ იმერული გუნდი გადარჩა, დანარჩენს, იტალიელი ინვესტორის გეგმებსა და საიმედოობას ახლო მომავალიც ნათლად გამოაჩენს. ფაქტია, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ისევ ეცდება ქართული მწვერვალების დაპყრობას. ახალი „ტორპედოს“ დებიუტი კვირას „რამაზ შენგელიაზე“, გორის „დილასთან“ შედგება.

„ტორპედოს“ ახალწვეულები

დემეტრე ბულისკერია, გურამ ადამაძე, ლაშა კასრაძე, ცოტნე ნადარაია, ბაქარ მირცხულავა, თორნიკე გრიგალაშვილი, ივან ბობკო, ლაშა გვალია, ირაკლი ძარია, გიორგი ჯანელიძე, ვანია მარკოვიჩი, ოთარ კობახიძე, გიორგი ივანიშვილი, ზაზა ციცქიშვილი, გიორგი ფანცულაია

„დილა“

ჩვენი შემდეგი გაჩერებაც სწორედ „დილა“ გახლავთ. გუნდი, რომელშიც წლიდან წლამდე ბევრი რამ იცვლება, მაგრამ თან არაფერი. ჩვეული სცენარი, კარუსელი - წასულები და მოსულები. შიდა ქართლელები ამჯერად 9 ახალი ფეხბურთელით "დაკმაყოფილდნენ", მათ შორის რამდენიმე დაბრუნება შედგა. დავით ხურცილავა, ალეფ სანტოსი, ლუკა გუგეშაშვილი გორში აქამდეც ირჯებოდნენ და ახლაც გაირჯებიან. „დილას“ შეუერთდა გამოცდილი შუახაზელი თორნიკე გორგიაშვილი და ორი ლეგიონერი, მათ შორის, მალის ნაკრების შემტევი მამაიე კულიბალი.

გიორგი ნემსაძის გუნდის ამბიციებზე საუბარი ახლა მანც ძალიან რთულია, რადგან ბოლო წლებში ამ გუნდისგან არასტაბილურობას დავეჩვიეთ. რაც თვალშისაცემია, „დილამ“ გუნდის ლიდერი ალვინ ფორტესი ვერ შინარჩუნა. გორელები სეზონს როგორც უკვე ვთქვით, ქუთაისში გახსნიან.

„დილას“ ახალწვეულები

ლუკა გუგეშაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, მამაიე კულიბალი, გიორგი ლაცაბიძე, ალეფ სანტოსი, ფრანცისკო მადინგა, დავით მაისაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, დავით ხურცილავა

„ჩიხურა“

ახალი გუნდი იქნება საჩხერის „ჩიხურა“, უპირველესად კი იმიტომ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცვლილება მოხდა. 12 წელი ერთ გუნდში, ეს არამარტო ქართულ რეალობაში, ზოგადად მეტად იშვიათი შემთხვევაა. სოსო ფრუიძემ იმერულ გუნდში სწორედ ეს პერიოდი გაატარა, მაგრამ გუნდი დატოვა და ახლა საჩხერელთა ისტორიაში ახალი ერა იწყება. მართლაც ასეა, „ჩიხურას“ წარმატებებში ფრუიძეს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის, მისი რთული მემკვიდრეობა კი ვახტანგ თურმანიძეს ერგო, რომელიც პირველად იმუშავებს ეროვნულ ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში.

„ჩიხურას“ განსაკუთრებულად არ უაქტიურა სატრანსფერო ბაზარზე, შესაძლებლობის ფარგლებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა, რომელთაგანაც ლევან ნონიკაშვილი, ლუკა კიკაბიძე და ვილი ისიანი უნდა გამოვყოთ. „ჩიხურა“ პირველ ტურში თბილისში „საბურთალოს“ ეწვევა.

„ჩიხურას“ ახალწვეულები

ვილი ისიანი, ლუკა კიკაბიძე, კახაბერ კახაბრიშვილი, გოდერძი მაჩაიძე, შოთა გვაზავა, ლევან ნონიკაშვილი, დავით მუჯირი

„მერანი“

თბილისის „მერანი“ ეროვნულ ლიგაში ახალი სახეა. ავთანდილ შენგელიას გუნდი მეთოდურად მიემართებოდა ელიტისკენ და გასულ სეზონში საწადელსაც მიაღწია, თანაც ერთი ამოსუნთქვით. „მერანმა“ ეროვნული ლიგა 2 დამაჯერებლად მოიგო და ერთი ლიგით დამსახურებლად აღზევდა.

ეს ძირითადად გამოცდილი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებიც ამ გუნდის ღირსებას იცავენ - გოგი ფიფია, რევაზ თევდორაძე, დაჩი ფოფხაძე, რევაზ გეწაძე, დავით ბოლქვაძე, გიორგი დათუნაიშვილი... გუნდმა გარკვეული შევსებაც მიიღო და მათ შორის ბიძინა მახარობლიძისა და „ჩიხურადან“ მიშიკო სარდალიშვილის ტრანსფერია, რომელიც შარშან იმერლებს ლიდერობდა. თუმცა, მთლიანობაში „მერანის“ ჯაფის გაწევა ისევ ძველ გარდიას მოუწევს. თბილისური გუნდის დებიუტი ხვალ, „დინამო ბათუმთან“ შედგება.

„მერანის“ ახალწვეულები

ბიძინა მახარობლიძე, გიორგი ვასაძე, მიშიკო სარდალიშვილი

„სამტრედია“

„სამტრედიამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნდა და სხვათა შორის დიდი გეგმებიც აქვს. კახი კაჭარავას გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, 14 ფეხბურთელით გაძლიერდა, გუნდი დატოვა გურამ სამუშიამ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის აღზევებაში, მაგრამ მისი ჩანაცვლება მოხდა, ყოველშემთხვევაში კადრობრივად და ვნახოთ რამდენად მოხდებ ხარისხობრივად.

იმერლებს საინტერესო ლგიონერები შეუერთდნენ, მათ შორის განის ნაკრები ყოფილი განაპირა მცველი სამუელ ინკუმი, რომელმაც 2010 წელს მუნდიალზე ითამაშა, მაგრამ მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, გამოჩნდება რამდენად არის სასურველ ფორმაში. სტეფან სიკაჩი ქართველი გულშემატკივრისთვის ისედაც ნაცნობია, სამაგიეროდ ახალი სახეა სერბი ფორვარდი სტრაჰინია კრსტევსკი, რიკარდო ფერეირა, კაბა და დიეგო დიზი. საქართველოში დაბრუნდა ლაშა თოთაძე, გამოცდილი ქართველი მცველი და „სამტრედიაში“ ითამაშებს გუჯა რუხაიაც, რომელიც ბოლოს „დინამოს“ ღირსებას იცავდა. „სამტრედიას“ ახალი დებიუტის სტარტი „ლოკომოტივთან“ ელოდება.

„სამტრედიას“ ახალწვეულები

სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, სამუელ ინკუმი, ლაშა თოთაძე, დიეგო დიზი, მათე კვირკვია, გიორგი ილურიძე, ლუკა რობაქიძე, სტრაჰინია კრსტევსკი, გოგი კულუა, ლაშა ქოჩლაძე, რიკარდო ფერეირა, კაბბა.

„თელავი“

საქართველოს ეროვნულ ლიგას საკმაო პაუზის შემდეგ კახური გუნდიც ეყოლება - „თელავი“. კახელებმა შარშან პლეი-ოფის ხარჯზე შეძლეს დაწინაურება და საინტერესო გუნდიც ჩანს. რევაზ გოცირიძის გუნდის შესაძლებლობები (ისევე, როგორც ყველა დანარჩენის) მოედანზე გამოჩნდება, მაგრამ გუნდმა შევსება მიიღო, ცხრა ახალი ფეხბურთელი წარადგინა, რომელთა უმეტესობას ეროვნულ ლიგაში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს.

კახურმა გუნდმა შარშანდელი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი უმეტესად კი შეინარჩუნა, მაგრამ გუნდის მთავარი არსენალი მაინც ახალწვეულები უნდა გამოდგნენ. „თელავი“ ახალ სეზონს ხვალ, „დინამო თბილისთან“ გახსნის და პირველ გამოცდასაც ჩააბარებს.

„თელავის“ ახალწვეულები

ოთო გოშაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, რაფაელ ჩუკურა, ცოტნე მოსიაშვილი, ვლადიმირ დიმიტროვსკი, ლაშა კოხრეიძე, ჰოვანეს პოღოსიანი, ვლადისლავ კრაევი, გურამ სამუშია

29 თებერვლიდან საქართველოში ახალი სეზონი ოფიციალურად დაიწყება და ინტერესით ველოდებით, წესით, წინ ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი გველოდება. ცხადია, ქართული კლუბების მთავარი საზომი ევროშედეგები იქნება და ეგებ, ახლა მაინც გადავგდათ ნაბიჯი წინ...

0.113712