ძიუდო

22:33 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილის ოქრო და ღვინიაშვილის ბრინჯაო დიუსელდორფის გრან პრიზე!

დიუსელდორფის გრან პრი საქართველოს ჰიმნით დაიხურა! გურამ თუშიშვილმა დიდებულად იასპარეზა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. მის გარდა, ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ბრინჯაოს მედალი ბექა ღვინიაშვილმაც მოუტანა.

+100 კგ წონით კატეგორიაში გურამმა საწყის ეტაპზე უზბეკი ალიშერ იუსუპოვი, ტაჯიკი შაკარმამად მირმამადოვი და სამხრეთ კორეელი მინჯონგ კიმი დაამარცხა და ნახევარფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვას ბარიერიც დაძლია. ჩვენებური ფინალში გერმანელ იოჰანეს ფრაის გაეჯიბრა და ძალიან ადვილად, იპონით სწრაფადვე დაამარცხა. შედეგად, ოქროს მედალს დაეუფლა.

ამავე წონით კატეგორიში ონისე ბუღაძე გამოდიოდა, რომელმაც საწყისი დაპირისპირება მოიგო, მაგრამ მეორე წრეში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

90 კგ წონით კატეგორიაში ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური, რომლებმაც ერთი და იგივე მეტოქესთან წააგეს. ლაშამ თავდაპირველად ლატვიელ ალეკსეის ზარუდანევსს მოუგო, მაგრამ შემდეგ უზბეკ დავლატ ბობონოვთან დამარცხდა. ბექაურთან მოგების შემდეგ უზბეკმა ღვიანიაშვილს სძლია.

თავის მხრივ ბექამ მანამდე ყირგიზი ერლან შეროვი დაამარცხა, ხოლო ბობონოვთან მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ჩინებულად იასპარეზა და ჯერ ჩეხ დავიდ კლამერტს აჯობა, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

100 კგ წონით კატეგორიაში ნიაზ დიასამიძემ ერთი წრე გაიარა, მაგრამ მეორე შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ამავე წონაში ახლოს იყო ბრინჯაოს მედალთან გიორგი ჩიქოვანი, მაგრამ რეპეშაჟის პირველ წრეში მარცხი განიცადა და მედლისთვის ბრძოლის უფლება ვერ მიიღო.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიუსელდორფში თუშიშვილამდე და ღვინიაშვილამდე ტატო გრიგალაშვილი ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრი 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

0.137429