ფეხბურთი

10:30 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილში მოქცეულები

ჩემპიონთა ლიგა გუშინ ორი მატჩით განახლდა, დღეს კი მერვედფინალური ეტაპის მორიგი ორი შეხვედრა შედგება. მართალია აფიშა ისეთი ხმაურიანი ნამდვილად არაა, როგორც გუშინ, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა, მერვედფინალია და უინტერესო თამაში უბრალოდ არ არსებობს.

„ატალანტა“ – „ვალენსია“

იტალიური ფეხბურთის ბობოლები, „მილანი“ და „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა არიან, მაგრამ მათი მშობლიური არენა, ლეგენდარული „სან სირო“ ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის პლეი-ოფს მაინც უმასპინძლებს. სხვათა შორის, „სან სიროზე“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა (2016 წლის ფინალს თუ არ ჩავთვლით) 2014 წლის თებერვალში გაიმართა.

ახლა კი, საფეხბურთო ლა სკალა „ატალანტას“ განკარგულებაშია, რომელიც „ვალენსიას“. ესპანელებს ამ სტადიონთან მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ აკავშირებთ, რადგან 2001 წელს „ბაიერნთან“ დრამატული ფინალი სწორედ აქ წააგეს. თუმცა, მასშემდეგ ორი ათეული წელი გავიდა.

„ატალანტა“ მიმდინარე სეზონში ჩინებულად თამაშობს და იტალიის ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი გუნდი ჰყავს, ოთხეულშიც მყარად იმყოფება და მომდევნო სეზონშიც აპირებს ლიგაზე გარჯას. უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას და ამ სეზონს რაც შეეხება, ჯამპიერო გასპერინის გუნდმა ჯგუფში საწყისი სამი თამაში წააგო, მაგრამ შემდეგ 7 ქულა მოიპოვა, რაც მერვედფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. „ვალენსიამ“ კი თავის მხრივ, ბოლო ტურში ამსტერდამში გასული სეზონის აღმოჩენა „აიაქსი“ დაამარცხა და როგორც ჰოლანდიურ გრანდს, ისე ლონდონის „ჩელსისაც“ გადაასწრო და საკმაოდ რთულ ჯგუფში იპირველა.

„ვალენსია“ იტალიაში ძალიან სერიოზული პრობლემებით ჩავიდა. ალბერტ სელადესის გუნდს მთელი რიგი ფეხბურთელები აკლია და ტრავმების გამო ფლორენცი, კოკელნი, ლი, როდრიგო, გარაი, პიჩინი, ვალეხო, გაბრიელ პაულისტა, ჩერიშევი, სილესენი და პიჩინი ვერ დაეხმარება. როგორც ხედავთ „ღამურებს“ პრაქტიკულად ერთი შემადგენლობა აკლია, რაც ცხადია საგანგაშო დანაკლისია. თავის მხრივ „ატალანტა“ თავს ამ კუთხით არხეინად გრძნობს და ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.

ცნობისთვის, ბერგამოს „ატალანტას“ დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დებიუტი ექნება და რა გასაკვირია, ეს სეზონი ხომ მისთვის პირველია ასეთ მწვერვალზე. „ვალენსია“ თავის მხრივ 2013 წლის შემდეგ დაუბრუნდა მერვედფინალს, როდესაც ორი მატჩის ჯამში პსჟ-სთან 2:3 დამარცხდა. მოკლედ, ორივე გუნდი მოწყურებული და დანატრებულია, ჩინებული შანსი და მოტივაცია გააჩნიათ, რომ მინიმუმ მეოთხედფინალამდე მივიდნენ. არც ისაა უცნაური და არალოგიკური, რომ დღეს „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ გზები ისტორიაში პირველად გადაიკვეთება.

ჯან პიერო გასპერინი („ატალანტას“ მწვრთნელი): „ჩემპიონთა ლიგა ემოციური ტურნირია, საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ, თუმცა ეიფორიაში ჩავარდნა საჭირო არაა. „ვალენსია“ ხარისხიანი გუნდია, რომელმაც სტუმრად „ჩელსი“ და „აიაქსი“ დაამარცხა, ამიტომ ძალიან საშიშია. მაგრამ ჩვენს ფეხბურთზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ყველა ფეხბურთელი ჩემს განკარგულებაშია და მოუთმენლად ველოდებით მატჩის დაწყებას“.

ალბერტ სელადესი („ვალენსიას“ მწვრთნელი): „ძალიან შემტევი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელსაც იტალიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და საოცარ სეზონს ატარებს. დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ვეცდებით იმ ფეხბურთელებით შევცვალოთ, რომლებიც გვყავს. სტუმრად კარგად ვერ ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ლონდონსა და ამსტერდამში. ახლა დღევანდელ შეხვედრაზე ვართ ორიენტირებული“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; ტოლოი, პაოლომინო, ჯიმსიტი; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; გომესი, ილიჩიჩი; ძაპატა

„ვალენსია“ (4-4-2): დომენეკი; ვასი, დიახაბი, მანგალა, გაია; ფერან ტორესი, პარეხო, კონდოგბია, სოლერი; გედეში, მაქსი გომესი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

„ტოტენჰემი“ – „ლაიფციგი“

დღის მეორე მატჩი ლონდონში, „ტოტენჰემსა“ და „ლაიფციგს“ შორის შედგება. აფიშა საინტერესოა, ჟოზე მოურინიოსა და იულიან ნაგელსმანის დუელი დიდ ინტერესს იწვევს. „დეზებს“ რთული სეზონი აქვთ და ჯგუფური ეტაპი მთლიანობაში პრობლემების გარეშე გაიარა, მაგრამ მიუნხენის „ბაიერთან“ შინ 2:7 განცდილი მარცხი, მაინც საგანგაშო სიგნალი იყო. თუმცა, მასშემდეგ „ტოტენჰემში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, მაურისიო პოჩეტინოს ადგილი ჟოზე მოურინიომ დაიკავა და ლონდონელთა მდგომარეობაც ოდნავ გაუმჯობესდა.

„ლაიფციგს“ კი შესანიშნავი სეზონი აქვს, ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონი გახდა და მართალია, პაუზის შემდეგ ლიდერობა დაკარგა, მაგრამ „ბაიერნს“ მხოლოდ ერთი ქულა აშორებს და ბუნებრივია, „ვერცხლის სინისთვის“ მთელი ძალით იბრძვის. ჩემპიონთა ლიგაზეც რედ ბულელებმა ჯგუფი ადვილად გაიარეს. ცხადია, სხვა ჯგუფებთან შედარებით, გერმანელების მეტოქეები ისე მრისხანედ არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ პირველი ადგილის დაკავება არცერთ კომპანიაში ადვილი და სახუმარო საკითხი არაა.

„ტოტენჰემს“ შემადგენლობაში სერიოზული პრობლემები აქვს. არა რაოდენობრივად, არამედ ხარისხობრივად, რადგან ჰარი კეინისა და მუსა სისოკოსშემდეგ „მამლებს“ კიდევ ერთი ლიდერი, ჰონ-მინ სონი გამოაკლდათ. გარდა ამისა, საეჭვოა ერიკ ლამელასა და ბენ დევისის თამაშიც. დანაკლისი აქვს იულიან ნაგელსმანსაც, რომელსაც ფონს გასვლა, ადამსის, კამპლის, კონატეს, ორბანისა და უპამეკანოს გარეშე მოუწევს.

„ტოტენჰემისთვის“ მერვედფინალი უკვე უცხო ხილია არაა, უკვე ზედიზედ მესამედ თამაშობს ამ ეტაპზე, შარშან ფინალსაც უწია, რაც მისთვის საუკეთესო შედეგი იყო. თავის მხრივ, „ლაიფციგისთვის“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი სიახლეა, რადგან პირველად უწია მერვედფინალურ ეტაპს.

„ლაიფციგი“ ინგლსიური გუნდის წინააღმდეგ ისტორიაში პირველად ითამაშებს და ცხადია, „ტოტენჰემთან“ ურთიერთშეხვედრების ათვლაც დღეიდან დაიწყება.

ჟოზე მოურინიო („ლაიფციგის“ მწვრთნელი): „სონი ტრავმირებულია და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ვაპირებთ შევცვალოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ახლა ჩემს განკარგულებაში არიან. იყო პერიოდი, როდესაც ვდარდობდი, რომ სათადარიგო სკამზე შეტევის გაძლიერების ვარიანტი არ მქონდა, ახლა კი უშუალოდ მოედანზე არ გვაქვს შეტევაში არჩევანი“.

იულიან ნაგელსმანი („ლაიფციგის“ მწვრთნელი): „ყოველი თამაშის წინ ცოტა ვნერვიულობ. თუმცა ეს არაა კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვაინი თამაში. ცხადია მეოთხედფინალში გასვლა გვინდა, მაგრამ მანამდე სტუმრად კარგად უნდა ვითამაშოთ. ჟოზე მოურინიოს უზარმაზარ პატივს ვცემ, მან უამრავი ტიტული მოიგო და ევროპულ ფეხბურთზე გავლენა მოახდინა“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„ტოტენჰემი“ (4-3-2-1): ლორისი; ორიე, სანჩესი, ალდერვეირელდი, ტანგანგა, ვინკსი, დაიერი, ბერგვინი; ალი, ლო სელსო; ლუკასი

„ლაიფციგი“ (4-2-2-2): გულაში; მუკიელე, კლოსტერმანი, ჰალსტენბერგი, ანხელინო; ლაიმერი, ჰაიდარა; ფორსბერგი, ზაბიცერი; ვერნერი, შიკი

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

0.116218