ჭიდაობა

20:37 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ორი ფინალისტი ევროპის ჩემპიონატზე

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებს ორი ფინალისტი ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონები ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ახლა უკვე კონტინენტის პირველობის მოგებას უმიზნებენ.

125 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ნახევარფინალში ალექსანდრ ხოციამინსკი ადვილად 7:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქართველმა ფალავანმა საწყის წრეში ესპანელ ხოსე ვასკესს მარტივად, 10:0 აჯობა და მეოთხედფინალში რუსი ნალდან ციჟიპოვიც არ ყოფილა პრობლემა და სამ წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა, რომ 11:0 ემარჯვა. პეტრიაშვილი ფინალში პოლონელ რობერტ ბარანს დაეჭიდება.

61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ინტიგამ ვალიზადა მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს. მანამდე ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა რუმინელი ნიკოლაი ოხლოპკოვი 10:0 და მოლდოველი ლეომიდ კოლესნიჩი 10:0 დაამარცხა. ლომთაძე ხვალ ფინალში რუს ალექსანდრ ბოგომოევს დაუპირისპირდება.

92 კგ წონით კატეგორიაში ახლოს იყო ფინალთან ირაკლი მწითური, რომელიც ნახევარფინალში გავიდა და თურქ სულეიმან კარადენიზს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა ბოლო წამებზე. მწითურმა ნახევარფინალამდე კოსოვოელი ედონ შალა 12:0 და მოლდოველი გეორგი რუბაევი 7:5 დაამარცხა, ხვალ კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ეცდება.

86 კგ წონით კატეგორიაში ძალიან ახლოს იყო ნახევარფინალთან დავით მარსაგიშვილი, მაგრამ წამები დააკლდა. თავდაპირველად მარსაგიშივილმა მძიმე შეხვედრაში თურქი ფათიჰ ერდინი უფრო მაღალ ქულიანი გდების წყალობით დაამარცხა (4:4) და შემდეგ მეოთხედფინალში სლოვაკ ბორის მაკოევთან დასაწყისშივე დაწინაურდა 2:0. ამ ანგარიშს მარსაგიშვილი შეხვედრის დასრულებამდე 29 წამით ადრე ინარჩუნებდა, მაგრამ შემდეგ თავად მიიღო 2 ქულა და შეხვედრა 2:2 დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულების წყალობით შემდეგ ეტაპზე მაკოევი გავიდა, რომელიც თავის მხრივ ნახევარფინალში დამარცხდა და ქართველი რეპეშაჟში ვერ ჩაერთვება.

საწყისი შეხვედრა მოიგო 74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემაც, რომელმაც სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 9:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს შეერკინა, რომელთანაც 2:9 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. რუსი ფინალში გავიდა და ჩვენებურს რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მიეცა, რომლის პირველ წრეში ესპანელ ჯონათან დიასს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში უკვე ბრინჯაოს მედლისთვის მოუწევს ჭიდაობა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ მირზა სხულუხია (70 კგ), რომელიც თურქ ჰაიდარ იავუზს დაუპირისირდება და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), რომლის მეტოქე აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევი იქნება.

0.134893