ფეხბურთი

2:32 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი: "მქონდა სხვა წინადადებებიც, მაგრამ "რასინგი" ავირჩიე"

სანტანდერის „რასინგმა“ გიორგი პაპუნაშვილი ოფიციალურად წარადგინა. მართალია, ჩვენებური ესპანურ გუნდს ჯერ კიდევ იანვარში შეუერთდა და უკვე ორი თამაშიც ჩაატარა, მაგრამ ჟურნალისტების წინაშე პირველად ახლა წარსდგა.

პაპუნაშვილის განცხადებით, „რასინგის“ გამო რამდენიმე წინადადებაზე უარი თქვა და მისთვის საამაყოა ასეთ დიდ გუნდში თამაში.

„ძალიან ბედნიერი ვარ, საამაყოა ასეთ დიდ გუნდში ყოფნა. რა თქმა უნდა, მქონდა სხვა შეთავაზებები, როგორც ესპანეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ასეთი ისტორიული გუნდის გამო უარი ვთქვი.

ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ამას მარტო ვერ მოვახერხებთ. მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მესმის, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ბოლო ადგილზე ვართ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მისზნის მისაღწევად.

სათამაშო პოზიცია? შემიძლია როგორც მარჯვენა ფლანგზე, ისე ცენტრში თამაში, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე მზად ვარ ორივე პოზიციაზე ვითამაშო“, - განაცხადა გიორგიმ.

შეგახსენებთ, პაპუნაშვილი „რასინგს“ ერთი თვის წინ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ჩვენებურმა სანტანდერელთა რიგებში საწყისი ორი თამაში ჩაატარა, მაგრამ შემდეგ სამი მატჩი კუნთების დაზიანების მიზეზით გამოტოვა. „რასინგი“ ლა ლიგა 2-ში 27 ტურის თავზე 24 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

0.156567