ფეხბურთი

0:37 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოუ "ბაი არენაზე"

გერმანიის ბუნდესლიგის XXI ტურის მთავარი თამაში კვირას „ბაიერნსა“ და „ლაიფციგს“ შორის გაიმართება. ინტერესი დიდია, რადგან გათამაშების ლიდერები შეერკინებიან და „რეკორდმაისტერმა“ „რედ ბულს“ წინა ტურში გადაასწრო.

თუმცა, იქამდე ერთი მაგარი თამაში შედგა, „ბაი არენაზე“ „ლევერკუზენმა“ და „დორტმუნდმა“ ნამდვილი შოუ შესთავაზეს ქომაგებს.

„ყვითლების“ რიგებში ჩინებული სერია დაასრულა ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მეტოქის ამჯერზე ვერ აიღო და თამაში უგოლოდ დაასრულა. ამის გარეშეც ლუსიენ ფავრის გუნდმა გოლები გაიტანა, მაგრამ დაცვაში მეტისმეტად ცუდად ითამაშა, რაც უქულოდ დარჩენად დაუჯდა.

კევინ ვოლანდმა პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა, თუმცა გერმანელის გოლებს შორის, მატს ჰუმელსმა და ემრე ჯანმა გაიტანეს. ამ უკანასკნელმა ბუნდესლიგაში „დორტმუნდის“ რიგებში პირველი თამაში ჩაატარა და ისეთი გოლი გაიტანა, თქვენგან მოწონებული. მეორე ნახევარში სტუმრები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, მაგრამ „დორტმუნდს“ გამარჯვება არ ეწერა. ლეონ ბაილიმ და ლარს ბენდერმა მატჩის მიწურულს ერთწუთიან ინტერვალში ორჯერ დაამწუხრეს „ბორუსია“ – 4:3.

„დორტმუნდმა“ ამ წაგებით კარგი შანსი გაანიავა, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ხვალ მისი კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან და შეეძლო ამით ესარგებლა, მაგრამ ვერ შეძლო.

სამაგიეროდ, „ლევერკუზენი“ მიუახლოვდა ლიდერებს, ხოლო იგივეს გაკეთების შანსი „შალკესაც“ ჰქონდა, მაგრამ შინ „პადერბორნთან“ ბოლოსკენ გაუშვა და კინკილა ქულას დასჯერდა.

კვირას 21-ე ტური „ბაიერნი“ – „ლაიფციგისა“ და „გლადბახი“ – „კიოლნის“ მატჩით დასრულდება.

„შალკე“ – „პადერბორნი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 კუტუჯუ (63), 1:1 გაისულა (81)

„ჰერტა“ – „მაინცი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ქუაისონი (17), 0:2 ქუაისონი (82), 1:2 ბრუმა (84, ა.გ), 1:3 ქუაისონი (90, პენ)

„ფრაიბურგი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ვალდშმიდტი (40, პენ)

„ვოლფსბურგი“ – „დიუსელდორფი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ციმერმანი (13), 1:1 სტეფენი (50)

„ვერდერი“ – „უნიონი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბუტლერი (52), 0:2 ბუტლერი (72)

„ლევერკუზენი“ – „დორტმუნდი“ 4:3 (2:2)

გოლები: 1:0 ვოლანდი (20), 1:1 ჰუმელსი (22), 1:2 ემრე ჯანი (33), 2:2 ვოლანდი (43), 2:3 გერეირო (65), 3:3 ბაილი (81), 4:3 ლ. ბენდერი (82)

თეგებიბუნდესლიგა
0.152206