ჩოგბურთი

19:45 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: "რომ ვიხსენებ რა ცხოვრება გავიარე, ეს შთამაგონებს და წარმატების მისაღწევად დიდ მოტივაციას მაძლევს"

ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჟურნალსიტების კითხვებს უპასუხა.

პირველ რიგში გილოცავთ მე-17 დიდი სლემის ტურნირის მოგებას. რა უთხარით საკუთარ თავს მესამე სეტის შემდეგ? ფიქრობდით რომ შეძლებდით თამაშში დაბრუნებას?

ნამდვილად არ ვგრძნობდი თავს კარგად. ვცდილობდი, რომ ჩემი თავი ემოციურად გამომეცოცხლებინა. ცოტა შოკში ვიყავი, რადგან თამაშამდე და პირველი სეტის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო. თუმცა, ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. მეოთხე სეტში ბრეკპოინტი კრიტიკული მომენტი იყო და ამ დროს შემოტრიალდა ყველაფერი. ვიგრძენი რომ უკეთესად ვაწვდიდი, უკეთესად გადავაადგილდებოდი კორტზე. ტიმმა კი დაიწყო შეცდომების დაშვება. ვიგრძენი რომ შანსი გამიჩნდა და ამ შანს ჩავეჭიდე. მეხუთე სეტის დასაწყისშივე ბრეიკის გაკეთებით ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვე და ეს საკმარისი აღმოჩნდა მოსაგებად.

აქამდე არასდროს მოგიგიათ დიდი სლემის ფინალი სეტებში 1:2-ის წაგების შემდეგ. ფიქრობდით ამაზე თამაშის დროს? ტელევიზორის ეკრანებზე აჩვენეს, რომ თქვენი გუნდის წევრები რაღაც სითხეს და ფხვნილს ურევდნენ ერთმანეთს ყოველი სეტის დროს და ბოლ ბოის ისინი თქვენთან მოჰქონდათ. რა იყო ეს და როგორ დაგეხმარათ?

სტატისტიკა არ მინახავს და არ ვიცოდი, რომ აქამდე სეტებში 1:2-ის წაგების შემდეგ დიდი სლემის ფინალი არ მქონდა მოგებული. ასე რომ, ამაზე არ ვფიქრობდი თამაშის დროს. ეს იყო „ჯადოსნური წამალი“, რომელსაც ჩემი ფიზიოთერაპევტი ამზადებს თავის ლაბორატორიაში. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

მე-17 დიდი სლემის ტურნირის მოგებით კონკურენცია თქვენს, ნადალსა და ფედერერს შორის კიდევ უფრო გამწვავდა. რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერც იფიქრებდით, რომ ყველაზე მეტი დიდი სლემის ტურნირის მოგების შანსი გექნებოდათ. როდის გახდა ეს ამბიცია რეალური?

ჩემი კარიერის დასაწყისში რაც შეიძლება მეტი დიდი სლემის ტურნირის მოგებაზე ვოცნებობდი. როდესაც ერთ წელიწადში რამდენიმე დიდი სლემის ტურნირის მოგება დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ მეც შემიძლია კონკურენციის გაწევა.

ფინალის დროს ორი გაფრთხილება მიიღეთ და კორტის მხარეების გაცვლის დროს მსაჯის ფეხსაცმელს ხელით შეეხეთ, რაც პროტოკოლის დარღვევაა?

ვფიქრობ, მეორე გაფრთხილება არ იყო საჭირო. ასეთი მომენტები ხშირად წყვეტს თამაშის ბედს. არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა მსაჯს ხელით შევხებოდი. ეს არ იყო აგრესიული ფიზიკური შეხება.

თქვენ, ფედერერი და ნადალი ხშირად ახერხებთ თამაშში უკან დაბრუნებას. რა გეხმარებათ წარმატების ასე ხშირად მიღწევაში?

რთულია ფედერერის და ნადალის სახელით ვილაპარაკო. ჩემზე ვიტყვი. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სიტუაციებში გავიზარდეთ. მე სერბეთში გაიზარდე 90-იან წლებში ომების დროს. პურის, რძის, წყლის და სხვა საკვების მისაღებად რიგში გვიწევდა დგომა. რომ ვიხსენებ საიდან მოვდივარ, რა ცხოვრება გავიარე, ეს შთამაგონებს და წარმატების მისაღწევად დიდ მოტივაციას მაძლევს.

0.122627