ჩოგბურთი

19:17 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის დრამატული და საიუბილეო გამარჯვება ავსტრალიის ღია პირველობაზე (+VIDEO)

ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში მასპინძელი ჯონ მილმანი დრამატულ, მარათონულ ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრის ბედი სუპერ ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც შვეიცარიელი 4:8-ს აგებდა, მაგრამ მობილიზება მოახერხა და დაუჯერებელ სტილში გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა და „მხიარულმა როჯერმა“ 4:6, 7:6, 6:4, 4:6, 7:6 იმარჯვა.

შვეიცარიელს დიდი სლემის ხუთსეტიანი მატჩები კარიერის განმავლობაში სამჯერ აქვს წაგებული. 2019 წელს როჯერი ჯერ უიმბლდონის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა, ხოლო ამერიკის ღია ჩემპიონატზე - გრიგორ დიმიტროვთან. ასევე, მესამე დაპირისპირება 2018 წელს კევინ ანდერსონთან უიმბლდონზე წააგო. მილმანამდე კი ხუთსეტიანი დაძაბული ბრძოლა ტაი ბრეიკზე ფედერერმა მხოლოდ ერთხელ მოიგო - ორი წლის წინ, როდესაც ამავე ტურნირზე მარინ ჩილიჩს სძლია და კარიერაში მე-20 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობაზე კარიერაში საიუბილეო, მე-100 თამაში მოიგო.

მილმანთან მატჩში უნდა აღინიშნოს, რომ ფედერერს თითქმის ორჯერ მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ვიდრე ავსტრალიელს - 82:48. სამაგიეროდ ვინერსებში შვეიცარიელმა მეტოქეს აჯობა - 62:40. როჯერმა 16 ეისი შეასრულა, ხოლო ჯონმა - 11. საბოლოო ჯამში გათამაშებებიდან ფედერერმა მეტოქეზე ორჯერ მეტი ქულა აიღო (180:178) და მომდევნო წრის საგზური დაძაულ ბრძოლაში მოიპოვა.

მერვედფინალში ფედერერი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდება. შვეიცარიელი და უნგრელი აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, ორიმე მატჩი ჰარდზე გაიმართა და შვეიცარიელმა მეტოქეს სეტიც არ დაუთმო. როჯერმა მარტონი 2018 წელს ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე მერვედფინალში დაამარცხა, ხოლო 2019 წელს - დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში. ფუჩოვიჩმა ავსტრალიაში პირველ წრეში დენის შაპოვალოვს მოუგო, მეორე წრეში 2019 წლის ATP-ის წლის შემაჯამებელი ახალგაზრდული ტურნირის გამარჯვებული იანიკ სინერი დაამარცხა, ხოლო მესამე წრიდან ასპარეზობას ტომი პოლი გამოთიშა.

0.117083