სხვა

17:12 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ გერმანულ ხასიათთან წააგო და ევროპის ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა. რევაზ ჩომახიძის გუნდი მეცხრე პოზიციისთვის შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტად დასანანი მარცხი განიცადა.

დასანანი, რადგან საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა წაგებას არაფერი მოასწავებდა. გერმანია მატჩის დაწყებიდან წუთსა და 2 წამში დაწინაურდა. ეს საყურადღებო მომენტია, რადგან ალემანები ამ მომენტიდან მეორედ ანგარიშში თამაშის დასრულებამდე 2 წუთითა და 34 წამით ადრე გავიდნენ წინ და თამაშიც მოიგეს.

ქართველი წყალბურთელები შესანიშნავად თამაშობდნენ, პირველი ტაიმი 5:2 მოიგეს, ხოლო მესამე პერიოდი დასრულებამდე 58 წამით ადრე სხვაობა საერთოდაც 4-ბურთიანი იყო 7:3. უნდა გამოვყოთ ჩვენი ნაკრების მეკარის ირაკლი რაზმაძის დამაჯერებელი თამაშიც.

თუმცა, მესამე პერიოდის დასკვნით ერთ წუთში ყველაფერი თავდაყირა დადგა. გერმანიამ ორი ბურთი გაიტანა და სხვაობა შეამცირა - 7:5. რეგრესი გადამწყვეტ პერიოდშიც გაგრძელდა და სულ მალე ანგარიში პირველი პერიოდის შემდეგ პირველად გათანაბრდა - 7:7. მართალია იქვე ანდრია ბითაძემ ისევ დაგვაწინაურა (8:7), მაგრამ თამაშის ჩარხი უკვე გერმანელთა სასარგებლოდ იყო. დარჩენილ დროში საქართველოს შეტევაში არაფერი გამოუვიდა და თავად ორი უპასუხო გოლი მიიღო. შედეგად, მარცხი 8:9.

კიდევ გავმეორდეთ, რომ თამაშის დასრულებამდე ზუსტად 9 წუთით ადრე, ჩომახიძის გუნდი ოთხბურთიანი უპირატესობას ფლობდა (7:3), მაგრამ ხსენებული მონაკვეთი 1:6 წააგო და თამაშშიც დამარცხდა - 8:9. მეტად დასანანი მარცხი იყო, რომელმაც გერმანული მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა, რაც საუკეთესო შედეგია. აქამდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მე-12 ადგილი გახლდათ. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთთან 9:7 და თურქეთთან 12:6 მოიგო, ხოლო საბერძნეთთან 10:17, იტალიასთან 6:18, რუსეთთან 13:14 და გერმანიასთან 8:9 დამარცხდა.

საქართველო - გერმანია 8:9 (3:2, 2:0, 2:3, 1:4)

გოლები: 0:1 რესტოვიჩი (06:58), 1:1 ვაპენსკი (06:30, პენ), 2:1 ვაპენსკი (02:51), 2:2 აიდნერი (01:48), 3:2 იმნაიშვილი (01:27), 4:2 ცრეპულია (05:22), 5:2 ბაღათურია (03:38), 5:3 რეიბელი (07:29), 6:3 მაგრაქველიძე (05:51), 7:3 რურუა (03:41), 7:4 სტამი (00:51, პენ), 7:5 აიდნერი (00:23), 7:6 იუნგლინგი (07:12), 7:7 სტამი (06:04), 8:7 ბითაძე (05:24), 8:8 გილენი (03:19), 8:9 რესტოვიჩი (02:34)

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია, იმნაიშვილი, ბითაძე, ელაჩა, ჯახაია, ბაღათურია, რურუა, მაგრაქველიძე, ბარალდი, ვაპენსკი, რაზმაძე

გერმანია: შენკელი, რეიბელი, ვან დერ ბოში, რეალი, შულცი, იუნგლინგი, სტრელენცკი, გელენი, სტამი, ჩუკი, რსტოვიჩი, აიდნერი, გოეტცი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124017