ფეხბურთი

13:23 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე იმუშავებს

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს. 49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ითამაშა და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. იგი ბოლოს საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა. ამჟამად ვასილ მაისურაძე ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია.

„ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის კარგად იცნობს ჩვენი ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ახალგაზრდებთან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა. ბოლოს მისი საქმიანობა 20-წლამდე გუნდთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობ შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია. ვასილ მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს, ჩვენ გუნდს საინტერესო მატჩები ელოდება წლის ბოლომდე", - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ვასილ მაისურაძის დებიუტი 26 მარტს შედგება. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.

სამწვრთნელო კარიერა

2018-2020 საქართველოს 20 წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი

2017 საქართველოს 18-წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი

2015-2016 საქართველოს 17-წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი

2014-2015 თბილისის ლოკომოტივი - მთავარი მწვრთნელი

2013-2014 საქართველოს 19-წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი

2012-2013 დინამო თბილისი ll - მთავარი მწვრთნელი

2011-2012 საქართველოს 17-წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი

2010 საქართველოს 16-წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126543