ფეხბურთი

21:07 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას "ანორთოსისის" ხმამაღალი განაცხადი ჩემპიონობაზე: გამარჯვება "აპოელთან" (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ დიდებულად ასპარეზობს და მე-16 ტურში ქვეყნის უძლიერესი გუნდი „აპოელიც“ დაამარცხა. მართალია, ნიქოზიელები ამ ტურამდე ფამაგუსტელებს 6 ქულით ჩამორჩებოდნენ, მაგრამ თამაშით ნაკლები ჰქონდათ ჩატარებული. აქედან გამომდინარე სასწორზე მნიშვნელოვანი ქულები იდო.

„ანორთოსისმა“ კონკურენტი 1:0 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა. ოთხივე ჩვენებური, გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. კაჭარავა შესვენების შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე, ხოლო ოქრიაშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს, დაუშვილმა და ლორიამ კი, შეუცვლელად ითამაშეს.

ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა და თავის გამოჩენა ბერძენმა თეოდოროს ვასილაკაკისმა მოახერხა, რომელმაც ახლო მანძილიდან დალაშქრა ნიქოზიელთა კარი. ჩვენებურებს საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამასობაში „ანორთოსისს“ 15 თამაშში 36 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. უახლოეს მდევარ „ომონიას“ 4 ქულით უსწრებს და მასთან შედარებით თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. „აპოელთან“ უპირატესობა კი, უკვე 9 ქულას შეადგენს.

0.129154