ფეხბურთი

20:21 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესისთვის სეზონი დასრულდა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი იმაზე დიდხანს იუქმებს, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ურუგვაელმა დღეს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ოთხი თვის ლაზარეთში გატარება მოუწევს.

არადა, თავდაპირველი ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელს 4-დან 6 კვირამდე უნდა ეუქმა, მაგრამ „ბარსელონას“ ვებგვერდმა თავისი გულშემატკივრებისთვის მეტად არასასიამოვნო ცნობა დაადასტურა:

„დღეს ლუის სუარესს მარჯვენა მუხლზე რამონ კუგატის ხელმძღვანელობით ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. მოედანზე დაბრუნების ვადა დაახლოებით 4 თვემდე განისაზღვრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ლუისისთვის მიმდინარე სეზონი პრაქტიკულად დასრულდა და მინდორზე ოდენ მაისის მეორე ნახევარში თუ დაბრუნდება, როდესაც უკვე სეზონი სრულდება. მოსალოდნელია, რომ ამის გამო „ბარსა“ მიმდინარე თვეში თავდამსხმელის დამატებას ეცდება.

ლუის სუარესმა ამ დრომდე 23 თამაშის ჩატარება მოასწრო და 14 გოლთან ერთად 11 საგოლე პასიც შეასრულა.

0.120447