ბლოგი

12:15 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გენიალური მაფიოზი

როგორი უცნაური მმართველი არ ახსოვს იტალიის მრავლისმნახველ მიწას. ყოვლისმპყრობელი კეისრები თუ, სისხლისმსმელი დიქტარორები. რომის გადამწველი ნერონი თუ, იტალიის გაერთიანებაზე მეოცნებე გარიბალდი, მაგრამ ისეთი უცნაური და არასტანდარტული კაცი, როგორიც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საფეხბურთო კლუბ “მილანის” მფლობელი – სილვიო ბერლუსკონია, ათასი უცნაურობის მხილველ იტალიელებსაც კი იშვიათად უნახავთ.

ვინ იყო სენიორ სილვიო? პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი? მაფიოზი თუ უბრალოდ ფეხბურთზე შეყვარებული ტიფოზი? ეს კითხვები ყოველთვის იყო და იქნება ამ ფრიად უმართავი კაცის მიმართ, რომელიც ხან უეფას პრეზიდენტს ძმად ეფიცებოდა, ხან ვლადიმერ პუიტინთან ერთად ოღრაშობდა და ხან კი, თეთრ სახლში იყო გამოჭიმული და ამერიკის პრეზიდენტს დემოკრატიის უალტერნატივობაზე ეჟღურტულებოდა.

დონ სილვიო იტალიური საფეხბურთო ბიზნესის ბოსთა შორის ერთგვარ თეთრ ყვავად შეგვიძლია მოვნათლოთ. ”იუვენტუსის” და ”ინტერის” მეპატრონე სქელჯიბა კოლეგებისგან განსხვავებით, ბერლუსკონიმ საკუთარი პიროვნება თავად შექმნა. ანიელების და მორატების ოჯახებში უდიდესი ქონება თაობებიდან თაობებს გადაეცემა, ამ კაცმა კი ნულიდან დაიწყო, როცა თავისი სახელობის ფინანსური იმპერია დააარსა. ამიტომაც არის, რომ შთამომავლობითი მაგნატები ბერლუსკონის დღემდე ამრეზით უცქერიან.

”მილანის” ყოფილმა მეპატრონემ იტალიურ ფეხბურთში კლუბის ხელმძღვანელობის სრულიად ახალი მიდგომა დანერგა. მისი კოლეგები საფეხბურთო კლუბებს, ტრადიციისამებრ, თავიანთი პრესტიჟის ასამაღლებლად ძვირფას სათამაშოებად აღითქვამდნენ, ბერლუსკონიმ კი მიზნად მენეჯმენტის ინგლისური და გერმანული პრინციპით, ფინანსური მოგების მიღებაზე გათვლით შექმნა გადაწყვიტა.

წლების წინ, მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი საფეხბურთი კლუბი ”მილანი” ბერლუსკონის კომპანია ”ფინინვესტმა” შეიძინა. ახალმა მეპატრონემ კლუბის ინფრასტრუქტურა რამდენიმე წელში თავის ჭკუაზე მოაწყო, პირველ რიგში კი ბავშვთა და მოზარდთა გუნდების განვითარება დაიწყო.

ძირითადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად ბერლუსკონიმ იმ დროისათვის უზარმაზრი თანხა _ 45 მილიონი დოლარი გამოყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თითოეული ცენტი ჭკვიანურად დახარჯა. მაგალითად, ჰოლანდიელი სუპერფორვარდი მარკო ვან ბასტენი ”მილანმა” სულ რაღაც მილიონ დოლარად გადაიბირა. ამას ხელი ბერლუსკონის ვილაზე ფეხბურთელთან გამართულმა საიდუმლო მოლაპარაკებამ შეუწყო, რის შემდეგაც ვან ბასტენმა ხელი კონტრაქტს მოაწერა და ”აიაქსს” ისღა დარჩენოდა, საუკეთესო ფეხბურთელს მიზერულ თანხად შელეოდა.

მწვრთნელებთან დაკავშირებითაც ბერლუსკონიმ ”ათიანში” მოარტყა. ჯერ არიგო სიკი, შემდეგ კი ფაბიო კაპელო სწორედ ის სპეციალისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც კლუბს სჭირდებოდნენ. შედეგად ”მილანი” ევროპის საუკეთესო გუნდთა შორის დაბრუნდა. სპორტულმა წარმატებებმა ”როსო-ნერის” პოპულარობის საოცარი ზრდა განაპირობა, რომლისგან მიღებული დივიდენდებიც პრეზიდენტმა ოსტატურად გამოიყენა. მთელ მსოფლიოში საოცრად იმატა ”მილანის” ფან კლუბების რაოდენობამ, გაიზარდა კლუბის ოფიცილური ჟურნალის ტირაჟი, საკლუბო ატრიბუტიკის, აბონემენტების და ბილეთების გაყიდვა.

ბერლუსკონის არაკეთილმოსურნეები არასოდეს აკლდა. მისი განსაკუთრებით მძაფრი მოწინააღმდეგეები მემარცხენე ძალები გახლავთ. თავად დონ სილვიოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მარქსის მიმდევართა მოსვლას არ დაუშვებდა. საბოლოოდ სილვიო მაინც დამარცხდა. დამარცხდა სამართლიანად, რადგან სასამართლომ დაუმტკიცა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაც და სექსუალურ სკანდალებშიც დაუდასტურდა ბრალი.

ქვეყანაში, სადაც სუფთა ბიზნესი თითქმის არ არსებობს, მრავალმირლიარდიანი ქონების მეპატრონესთან შეკითხვები ყოველთვის იარსებებს. მით უმეტეს, თუ ეს კაპიტალი ერთი თაობის მიერ არის მოგროვებული. სილვიო ის კაცი არ არის, რომელიც ასე ადვილად უყურებს ცხოვრებას. ის რა თქმა უნდა ცუდი კაცია. უფრო მეტიც – ძალიან ცუდი კაცი! მაგრამ, ის ხომ ბერლუსკონია... განა ეს ცოტას ნიშნავს?!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116577