ფეხბურთი

1:04 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" თამაშგარეში ჩვეული სცენარით: "ატლეტიკოს" ქამ-ბექი ესპანეთის სუპერთასზე (+VIDEO)

ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ელ კლასიკო“ არა, მაგრამ მადრიდული დერბი შედგება. მეორე ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკომ“ კატალონიის „ბარსელონა“ საოცრად დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სატიტულე შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

საუდის არაბეთში პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე 45 წუთში მოსაწყენად არავის ეცალა. თამაში ახალი განახლებული იყო, კოკემ დიეგო სიმეონეს გუნდი რომ დააწინაურა, მაგრამ მადრიდელთა სიხარული მეტად ხანმოკლე გამოდგა, რადგან ლიონელ მესიმ დიდოსტატურად ითამაშა და გაათანაბრა. მალევე, არგენტინელმა დუბლი შეასრულა, მაგრამ გოლი გაუქმდა. ამის მიუხედავად, „ბარსა“ მაინც დაწინაურდა. 62-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა და კატალონელები წინ გავიდნენ.

ეს ანგარიში ძალაში 81-ე წუთამდე დარჩა. ბოლო წუთში კი, „ბარსას“ ისევ დაუქამბექეს. თუმცა, ეს ვისღა უკვირს, ალბათ არც არავის. ალვარო მორატამ და ანხელ კორეამ „როხიბლანკოს“ სასარგებლოდ დაატრიალეს თამაშის ჩარხი.

ამრიგად, ესპანეთის სუპერთასი ბინას უცილობლივ მადრიდში დაიდებს, ოღონდ საკითხავია, რომელ ბანაკში. 12 იანვარს, „რეალი“ „ატლეტიკოს“ გაეჯიბრება.

„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“ 2:3 (0:0)

გოლები: 0:1 კოკე (46), 1:1 მესი (51), 2:1 გრიზმანი (62), 2:2 მორატა (81, პენ), 2:3 კორეა (86)

0.125847