ფეხბურთი

3:16 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არწივი" სკუდეტოს უმიზნებს

იტალიის სერია A-ში საშობაო არდადეგები დასრულდა და კალჩოს მოყვარულებსაც ამიერიდან მოსაწყენად აღარ ეცლებათ.

მიმდინარე სეზონი „მარიო რიგამონტიზე“ „ბრეშასა“ და „ლაციოს“ დაპირისპირებით განახლდა. აუტსაიდერისა და ლიდერის ჯახში ყველაფერი ლომბარდიელთათვის კარგად დაიწყო და უკვე მე-18 წუთზე მარიო ბალოტელიმ ანგარიში გახსნა. იტალიელმა 2010 წლის 6 იანვარს „ინტერის“ რიგებში „კიევო“ დაამწუხრა და ათწლეულის პირველი გოლი გაიტანა და ახლაც იგივე გააკეთა: სერია A-ში ბალო მიჯრით ორი ათწლეულია ანგარიშს ხსნის.

ბალოტელი აღნიშნულ შეხვედრაში სხვა კუთხითაც მოექცა ყურადღების ცენტრში - რასისტების თავდასხმის ობიექტი გახდა, რის გამოც თამაში ცოტა ხნით შეჩერდა კიდეც. „ლაციოს“ ქულების დაკარგვა არ სურდა, რადგან ამ მატჩს 8 მოგებათა სერიით შეხვდა და თანაც, ლიდერებთან ჩამორჩენის გაზრდაც არ შედიოდა მის გეგმებში. ტაიმის ბოლოს, ფელიპე კაისედომ პენალტი გამოიმუშავა და თან ბრეშელი მცველი კისტანა გააძევებინა მსაჯს. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი ჩირო იმობილემ გამოიყენა.

მატჩის ბოლო წუთზე კი, იტალიელმა დუბლი გაიფორმა და სიმონე ინძაგის გუნდმა ზედიზედ მეცხრედ მოიგო. „არწივებს“ სერია A-ში მიჯრით 9 გამარჯვება ისტორიაში ერთადერთხელ, 1998-1999 წლების სეზონში ჰქონდათ სვენ გორან ერიქსონის თავკაცობისას და მოკლედ, “ლაციალესთვის“ ყველაფერი იდეალურად მიდის. უკვე არც სკუდეტოზე ფიქრია უტოპია და ამას თავად ინძაგიც აცნობიერებს, რომელმაც ნამატჩევს თქვა, რომ ლოგიკურია ჩვენგან ორი ტიტულის (იტალიის თასი და სუპერთასი) უფრო მეტს რომ ითხოვენო. ვნახოთ, რა იქნება „ლაციოს“ მაქსიმუმი სეზონის ფინიშზე.

მშვენიერ ფორმაში დაასრულა 2019 წელი მეორე დედაქალაქურმა გუნდმა „რომამ“, რომელმაც ნაახალწლევს სასტარტო თამაში შინ „ტორინოსთან“ გამართა. პაულუ ფონსეკას გუნდი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და კარისკენ 31-ჯერ დაარტყა, მაგრამ ბურთმა კარის ხაზის გადაკვეთა არ ინება. ერთადერთი ანდრეა ბელოტის უჯერებდა ბურთი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ტურინელებს მოაგებინა. სხვთა შორის, „ტორინომ“ „რომა“ მისსავე მოედანზე 2007 წლის მაისის შემდეგ პირველად დაამარცხა.

მე-18 ტურში კიდევ ორი თამაში გაიმართა. დავიდე ნიკოლას დებიუტი „ჯენოას“ თავკაცის პოსტზე წარმატებული გამოდგა, რადგან გენუელებმა უძვირფასესი სამი ქულა „სასუოლოსთან“ გორან პანდევის გვიანი გოლით მოიპოვეს. ამ გამარჯვებით „ჯენოამ“ ბოლო ადგილს თავი დააღწია, რომელსაც ახლა „სპალი“ „დაეპატრონა“, რომელიც საკუთარ კედლებში „ვერონასთან“ უშანსოდ დამარცხდა.

გათამაშების ლიდერები „იუვენტუსი“ და „ინტერი“ 2020 წელს დღეს, „კალიარისთან“ და „ნაპოლისთან“ მატჩებით გახსნიან.

„ბრეშა“ – „ლაციო“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ბალოტელი (18), 1:1 იმობილე (42, პენ), 1:2 იმობილე (90)

„სპალი“ – „ვერონა“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 პაცინი (14), 0:1 სტეპინსკი (85)

„ჯენოა“ – „სასუოლო“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 კრიშიტო (29, პენ), 1:1 ობიანგი (33), 2:1 პანდევი (86)

„რომა“ – „ტორინო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბელოტი (45), 0:2 ბელოტი (86, პენ)

თეგებისერია A
0.144984