რაგბი

10:48 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მორაგბე მხატვართა გამოფენა „არტ რაგბი“

საქართველოს რაგბის კავშირისა და რაგბის კლუბ ‘აკადემიას’ ორგანიზებით, 13 დეკემბერს 18 საათზე, ღვინის ქარხნის საგამოფენო დარბაზში (მის.: პეტრიაშვილის ქ. 1) მორაგბე მხატვართა გამოფენა „არტ რაგბი“ გაიხსნება.

გამოფენაზე 50-მდე ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, როგორც ფერწერა, ასევე სკულპტურა.

მხატვრები ქართულ რაგბში მასობრივად 1982 წლიდან გამოჩნდნენ, როდესაც სამხატვრო აკადემიის ბაზაზე რაგბის კლუბი ‘აკადემია’ შეიქმნა. კლუბის წარმომადგენლების ნამუშევრების გამოფენა აქამდე სამჯერ მოეწყო, თუმცა გუნდის პრეზიდენტს, გიორგი ღლონტს სურდა, რომ გამოფენაში რაგბში ჩართულ ყველა ადამიანს მიეღო მონაწილეობა.

„ჯერ კიდევ რაგბის კლუბ ‘აკადემიას’ დაარსებამდე, რაგბს ისეთი ცნობილი, მსოფლიო დონის მხატვრები თამაშობდნენ, როგორებიც ვახტანგ ფეტვიაშვილი, გია ჯაფარიძე და ნიკოლოზ კეკელიძე არიან, ასევე იური ბეროშვილი, ლაშა ფირფილაშვილი, ვახო მძინარიშვილი, კოკა ციხელაშვილი, ვახო ბუღაძე და სხვები, რომელთაც რაგბი სხვადასხვა კლუბებში უთამაშიათ და აღიარებული მხატვრები არიან. თემა თავისუფალია და ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, გამოფენილი იქნება დამწყები მხატვრების ნამუშევრებიც. ჩვენი სურვილი იყო, რომ გაგვეკეთებინა გამოფენა ყველასათვის და არა მხოლოდ ‘აკადემიას’ მოთამაშეებისთვის, რისი საშუალებაც ახლა მოგვეცა. კულტურა და სპორტი განუყოფელია და სხვა კუთხით მოხდება ქართველი მორაგბეების წარმოჩენა“ - ამბობს ღლონტი.

მორაგბეების ურთიერთობაზე და სხვა კუთხით წარმოჩენაზე საუბრობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე:

„გამოფენის მოწყობის ინიციატივა მხატვრებისგან წამოვიდა და ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ. რაგბში ბევრი ხელოვანია ჩართული და ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მათი სხვა კუთხით წარმოჩენა. ზოგადად, მორაგბეებს მუდამ გვქონდა და გვაქვს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა, რადგან ვიწრო წრეს წარმოვადგენდით. ამ გამოფენის მეშვეობით, სხვადასხვა ასაკის მორაგბეები, რომლებიც ასევე ხელოვანები არიან, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და დავათვალიერებთ და შევაფასებთ მათ შემოქმედებას“.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119992