ფეხბურთი

18:50 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის არანორმალური სეზონი: პოლონელი მესის რეკორდს უტევს

ჯერ მხოლოდ ნოემბერია და საფეხბურთო სეზონი სამი თვის დაწყებულია, მაგრამ მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ უკვე მოასწრო 31(!) გოლის გატანა. თუ ასე გაგრძელდება, პოლონელი სეზონის ბოლოს შესაძლოა საოცარ ნიშნულზე ავიდეს.

გუშინ ლევანდოვსკიმ „ცრვენა ზვეზდასთან“ 4 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პოკერის ავტორი გახდა 14 წუთისა და 31 წამის ინტერვალით. ამასთან, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პოკერი ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით შეასრულა - 2013 წელს „დორტმუნდის“ რიგებში და გუშინ „ბაიერნის“ შემადგენლობაში.

როგორც უკვე ვთქვით, პოლონელ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით (მითვლილია სანაკრებო გოლებიც) 31 გოლი აქვს გატანილი. სეზონის ბოლოს კი, ეს ციფრები სავარაუდოდ კიდევ უფრო თავბრუდამხვევი იქნება.

ლევანდოვსკის შედეგები 2019-2020 წლების სეზონში

ბუნდესლიგის ბოლო ტური დიუსელდორფის „ფორტუნასთან“ ერთადერთი თამაში გამოდგა, რომელიც რობერტმა უგოლოდ დაასრულა. მანამდე, გერმანიის ჩემპიონატის ზედიზედ 11 მატჩში იტანდა მინიმუმ ერთ გოლს (ესეც რეკორდია), სამჯერ დუბლი შეასრულა და ერთხელ ჰეთ-თრიქიც. ამასთან, საგოლე პასებიც გაკეთებაც არ გამორჩენია. ჩემპიონთა ლიგაზე წუხელ სერბთა კარი ოთხჯერ აიღო, ხოლო მანამდე იმავე „ცრვენა ზვეზდა“ ერთხელ დაამწუხრა, „ტოტენჰემთან“ დუბლი შეასრულა, ხოლო „ოლიმპიაკოსს“ ორ მატჩში სამჯერ გაუტანა. სხვათა შორის, რა გასაკვირია, რომ ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავას (ისევე როგორც ბუნდესლიგის) ლიდერობს. გერმანიის თასზე ლევანდოვსკიმ „კოტბუსის“ კარი ერთხელ აიღო, ხოლო პოლონეთის ნაკრებში თავი სექტემბრიდან მოყოლებული ოთხჯერ გამოიჩინა.

სტატისტიკა ასეთია:

პოლონეთის ნაკრები - 6 მატჩი, 4 გოლი (იგულისხმება სექტემბრიდან პერიოდი)

ბუნდესლიგა - 12 მატჩი, 16 გოლი (მიმდინარე სეზონი)

გერმანიის თასი - 2 მატჩი, 1 გოლი (მიმდინარე სეზონი)

ჩემპიონთა ლიგა - 5 მატჩი, 10 გოლი (მიმდინარე სეზონი)

ჯამში - 25 მატჩი, 31 გოლი (მიმდინარე სეზონი)

როდესაც ლიონელ მესიმ 82 გოლი გაიტანა

ამ ეტაპისთვის ყველაზე საინტერესო კითხვაა, სადამდე შეიძლება ავიდეს ლევანდოვსკი სეზონის ბოლოს? მოდით ცოტა წარსულში გავიხედოთ და ლიონელ მესის შედეგი გავიხსენოთ 2011-2012 წლების სეზონში. არგენტინელს მაშინ სეზონის ამ ნაწილისთვის ლევანდოვსკიზე ოთხი გოლით ნაკლები ჰქონდა გატანილი - 27. ჩემპიონთა ლიგაზე 6, ევროპის სუპერთასზე 1, ლა ლიგაში 15, ესპანეთის სუპერთასზე 3 და ეროვნულ ნაკრებში - 2.

რატომ 2011-2012 წლების სეზონი? იმიტომ, რომ მესიმ მაშინ სეზონი 82 გოლით დაასრულა, ხოლო უშუალოდ კალენდარულ წელს რაც შეეხება (წელს და არა სეზონს) 91 გოლი მიითვალა. ამის ხარჯზე ლეომ პელესა (1958 წელს 75 გოლი) და გერდ მიულერს (1972 წელს 85 გოლი) აჯობა.

ლევანდოვსკის ტემპს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლია მსგავსი შედეგიანობით თამაში გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნმა“ სეზონი მთლად სტაბილურად და მრისხანედ ვერ დაიწყო. ბოლოსკენ იმასაც გეტყვით, რომ 2019 წლის მონაცემებით (იანვრიდან დღემდე) პოლონელმა 51 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა.

0.13418