ისტორია

12:50 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

19 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1888 - დაიბადა ხოსე რაულ კაპაბლანკა. კუბელი დიდოსტატი. კუბის ჩემპიონობა მოიპოვა 12 წლის ასაკში. 1921-27 ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გამართულ მატჩში, ემანუელ ლასკერი დაამარცხა (ასპარეზობა ჰავანაში ჩატარდა და კაპაბლანკას არც ერთი შეხვედრა არ წაუგია), 1927 წელს კი ალექსანდრ ალიოხინთან დამარცხდა. კუბელი დიდოსტატი ალიოხინთან მატჩ-რევანშის გამართვას ითხოვდა, თუმცა ეს არ მოხერხდა. 1918-24 წლებში ხოსე რაულ კაპაბლანკა დაუმარცხებლად თამაშობდა. კაპაბლანკა 1942 წლის 8 მარტს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1906 - დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1908 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად დაასახელა.

1932 - ჯო კერშელამ ამერიკული ფეხბურთის კოლეჯის ლიგაში ერთ მატჩში 71 ქულის გაკეთება მოახერხა.

1953 - თბილისის “დინამომ” რუმინეთში ტურნეს მსვლელობისას კლუჟში, ადგილობრივ “შტიინცასთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი კარლო გაგნიძემ გაიტანა. “დინამო”: მარღანია, იურჩენკო, რუსაძე, ნ. გაგნიძე, მახარაძე, ანთაძე, ზაზროევი, კ. გაგნიძე, კალოევი, ღოღობერიძე, ჭკუასელი. გუნდს ბორის პაიჭაძე წვრთნიდა.

1953 - აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ბეისბოლი სპორტის სახეობად აღიარა. საქმე ისაა, რომ მანამდე საზოგადოების ნაწილი მას ბიზნესად მიიჩნევდა.

1961 - თბილისის “დინამომ” ჰავანაში კუბის ნაკრებს 6:1 სძლია. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), ზაურ კალოევმა (2), შოთა იამანიძემ და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს. “დინამო”: კვასხაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა (რიაბოვი), ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხუნდაძე, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი (სმირნოვი), იამანიძე (ნიკოლაევი), დათუნაშვილი. თბილისელთა შემადგენლობაში მოსკოვის “დინამოს” რამდენიმე ფეხბურთელმა ითამაშა. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1966 - მედ დოგ ვაშონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, აშშ-ის ქალაქ ომაჰაში დიკ ბრუიზერი დაამარცხა და NჭA ასოციაციის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1969 - პელემ (ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ) ოფიციალურ მატჩებში თავისი მე-1000-ე გოლი გაიტანა. ეს მან პენალტით “ვასკო და გამასთან” შეხვედრისას შეძლო. 1000 გოლის გასატანად პელეს 909 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.

1989 - აშშ-ის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ტრინიდადსა და ტობაგოს გუნდს 1:0 მოუგო და 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ბრაზილიის 1950 წლის მუნდიალის შემდეგ, ამერიკელებმა პირველად გააღწიეს მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე.

2004 - დეტროიტის გარეუბან ობორნ ჰილზში მდებარე საკალათბურთო დარბაზში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში ადგილობრივი “პისტონზისა” და “ინდიანა პეისერზის” მოთამაშეებს შორის ჩხუბი მოხდა. მოგვიანებით ინდიანაპოლისელი კალათბურთელები ტრიბუნაზე აიჭრნენ და დეტროიტელ ფანებთან დაიწყეს მუშტი-კრივით ურთიერთობის გარკვევა. მატჩი ჩაიშალა (მეოთხე მეოთხედში ანგარიში 97:82 იყო “პეისერზის” სასარგებლოდ), ასოციაციის ხელმძღვანელობამ კი ორივე გუნდის მოთამაშეები დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით დასაჯა.

2005 წლის 19 ნოემბერს, "მაინცი"-"აინტრახტი­ს" შეხვედრაში ნოვესკიმ მატჩის პირველ 6 წუთში საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი მეტოქის კარიც აიღო და ანგარიში 1:2 გახადა. საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა

2006 - გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი ზედიზედ მე-4-ედ მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს.

2006 - “ნიუ იორკ რეინჯერსის” ჩეხმა ფორვარდმა იარომირ იაგრმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 600-ე შაიბა გაიტანა.

2007 - ეკვადორის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, სიხტო ვისენტე დანიშნეს.

2008 - არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა გლაზგოში შოტლანდიას 1:0 მოუგო. ამ მატჩში შედგა დიეგო არმანდო მარადონას დებიუტი თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ესპანეთმა ჩილეს 3:0 მოუგო, რითაც ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა, წაუგებელ შეხვედრათა მწკრივი კი 28-მდე გაზარდა. ბრაზილიამ პორტუგალიას 6:2 მოუგო. სამი გოლი ლუიშ ფაბიანუს ანგარიშზეა. იტალიამ საბერძნეთთან 1:1 ითამაშა. მარჩელო ლიპისთვის ეს მიჯრით 31-ე წაუგებელი მატჩი აღმოჩნდა “სკუადრა აძურას” დამრიგებლის პოსტზე მუშაობისას.

2008 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან 1:2 წააგო.

2013 - მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის შემდეგ გაირკვა, რომ ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატის წინა გათამაშებების რვავე გამარჯვებული (ურუგვაი, იტალია, გერმანია, ბრაზილია, ინგლისი, არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი) ითამაშებს.

2013 - გიბრალტარის ნაკრებმა უეფას ეგიდით ისტორიული, პირველი მატჩი ჩაატარა და ყველას გასაოცრად სლოვაკეთთან 0:0 ითამაშა. ბრიტანეთის იმპერიის გუნდის ასეთი შედეგი მით უფრო საოცარია, რომ ისინი ფეხბურთელებს სოციალურ ქსელ ტვიტერის საშუალებით აგროვებდნენ. ერთადერთი ცნობილი კაცი “სტოკ სიტის” ყოფილი მცველი დენი ჰიგინბოთამია.

ამ დღეს დაიბადნენ

1888 - ხოსე რაულ კაპაბლანკა. კუბელი დიდოსტატი. კუბის ჩემპიონობა მოიპოვა 12 წლის ასაკში. 1921-27 ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გამართულ მატჩში, ემანუელ ლასკერი დაამარცხა (ასპარეზობა ჰავანაში ჩატარდა და კაპაბლანკას არც ერთი შეხვედრა არ წაუგია), 1927 წელს კი ალექსანდრ ალიოხინთან დამარცხდა. კუბელი დიდოსტატი ალიოხინთან მატჩ-რევანშის გამართვას ითხოვდა, თუმცა ეს არ მოხერხდა. 1918-24 წლებში ხოსე რაულ კაპაბლანკა დაუმარცხებლად თამაშობდა. კაპაბლანკა 1942 წლის 8 მარტს გარდაიცვალა.

1930 - ბობ მატისი. ამერიკელი მძლეოსანი. თანამედროვე ათჭიდში 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1934 - ვალენტინ ივანოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” ფორვარდი. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1960 წელს მოიპოვა ევროპის თასი, 1964 წელს კი ფინალში იასპარეზა. ვალენტინ ივანოვი 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილეა. ჩილეს მუნდიალზე გაიტანა 4 გოლი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 59 შეხვედრა, გაიტანა 26 გოლი (მესამე მაჩვენებელი ოლგ ბლოხინისა და ოლეგ პროტასოვის შემდეგ). ივანოვი 1960 და 1965 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1960 წელს საკავშირო თასს დაეუფლა. “33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს ათჯერ. საკავშირო ჩემპიონატების 287 მატჩში გაიტანა 124 გოლი. 2004 წელს დააჯილდოვეს ფიფას ლალის ორდენით. ვალენტინ ივანოვი ათწლეულების განმავლობაში იყო მოსკოვის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი და გუნდს 1976 წელს საკავშირო ჩემპიონატი მოაგებინა (საშემოდგომო ტურნირი).

1938 - ტედ ტერნერი (რობერტ ედვარდ ტერნერი). ამერიკელი სპორტსმენი და ბიზნესმენი. შექმნა კონგლომერატი, რომელიც შემდეგი სუბიექტებისაგან შედგება: ჭთBშ – სპორტული და გასართობი სატელევიზიო-საკაბელო არხი, ჩNN – ახალი ამბების სატელევიზიო-საკაბელო არხი, ატლანტის ბეისბოლისტთა და კალათბურთელთა (“ჰოუკსი”) კლუბები. კეთილი ნების თამაშების იდეის ავტორი და პროექტის სპონსორ-შემსრულებელი.

1941 - ივანკა ხრისტოვა. ბულგარელი ტყვიის მსროლელი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1949 - სერხიო მარქარიანი. ურუგვაელი საფეხბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა პარაგვაის ეროვნულ გუნდს.

1966 - იოლანდა გეილ დივერსი. ამერიკელი მძლეოსანი ქალი. 1990 წელს დაუსვეს მძიმე დიაგნოზი, რის გამოც ექიმები ფეხის ამპუტაციაზეც საუბრობდნენ, მაგრამ დივერსმა სამკურნალო რადიაციული დასხივების შემდეგ წვრთნების განახლება შეძლო და ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადაზე 100 მეტრზე რბენაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ანალოგიური მიღწევა გაიმეორა დივერსმა 4 წლის შემდეგ ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზეც. იმავე ოლიმპიადაზე მოიგო 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაც. ამ დისტანციებზე რბენაში დივერსი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. დივერსს დახურულ დარბაზებში 60 მეტრზე რბენაშიც მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1969 - ვიქტორ სკრიპნიკი. უკრაინის ნაკრების, ოდესის “ჩერნომორეცისა” და ბრემენის “ვერდერის” ფეხბურთელი.

1977 - ჯერი სტრაგი. ამერიკელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1980 - ვლადიმირ რადმანოვიჩი. სერბია-ჩერნოგორიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი (208 სმ). 2002 წელს, აშშ-ის ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1980 - ჯეისონ ბრუერი. “ნიუ იორკ ნიკზის” მსროლელი (193 სმ).

1981 - მარკუს ბენკსი. “ბოსტონ სელტიკსის” გამთამაშებელი (188 სმ).

0.150694