ფეხბურთი

0:53 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოჩვენება წარსულთან

ვალტერ პანდიანი, დიეგო ტრისტანი, როი მაკაი, ხუან კარლოს ვალერონი, ხოსე ფრანსისკო მოლინა, მაურო სილვა, ვიქტორ სანჩესი, ალბერტ ლუკე, ჯალმინია და კიდევ ბევრი სხვა. ეს ლა კორუნიის „დეპორტივოს“ არასრული შემადგენლობაა უახლესი წარსულიდან. დღეს კი, „დეპორი“ თავისივე სახელის მოჩვენებაა.

ეს იყო გუნდი, რომელიც ესპანეთში მოწინააღმდეგებს შიშის ზარს სცემდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გადიოდა. თუმცა, კარგი წლები წარსულმა წაიღო. ეს მხოლოდ მოგონებებია და დღეს სხვა რეალობაა.

გასული სეზონის ბოლოს „დეპორტივო“ ლა ლიგაში დაბრუნებასთან ახლოს იყო, მაგრამ პლეი-ოფის ფინალში „მალიორკასთან“ წააგო. ახლა კი, 6 თვის შემდეგ გუნდს მესამე ლიგაში დაქვეითება ემუქრება. რიასორელებმა ლა ლიგა 2-ის მე-16 ტურში ერთ-ერთ კონკურენტ „ექსტრემადურასთან“ პირველივე ტაიმში გაშვებული გოლებით 0:2 წააგეს და ბოლო(!) ადგილზე დაქვეითდნენ...

16 მატჩიდან ლა კორუნიულმა გუნდმა ერთადერთი მოიგო და ისიც პირველ ტურში „ოვიედოსთან“. მას მერე კი, ზედიზედ 15 თამაში არ მოუგია (7 ფრე, 8 წაგება) და 10 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა დალექილი.

რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიის ტოლფასია ისეთი გუნდისთვის, როგორიც „დეპორტივოა“, რომელიც ერთ დროს მადრიდის „რეალს“, „ბარსელონას“, „მილანს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ თუ ტურინის „იუვენტუსს“ ტოლს არ უდებდა...

თეგებიდეპორტივო
0.140573