ფეხბურთი

3:38 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ პეტკოვიჩი: "ეს მატჩი სათასო თამაშს ჰგავდა"

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან (1:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. ბოსნიელმა სპეციალისტმა მატჩი სათასო დაპირისპირებას შეადარა, სადაც აუტსაიდერად მიჩნეულმა გუნდმა ფავორიტს არაფერი დაუთმო.

„ჯერ კვალიფიცირებულნი არ ვართ, შემდეგი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდმა უნდა აღიდგინოს ენერგია, ახლა გიბრალტარზე ვფიქრობთ, რადგან გვჭირდება ფეხბურთელების ფორმაში ყოფნა როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

მეორე ტაიმი სათასო მატჩს ჰგავდა. აუტსაიდერი უპირატესობას დაეუფლა, თავდაჯერებელი გახდა და თამაში ძალიან გართულდა, რადგან ჩვენ საწყის 15-20 წუთში საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

იტენი? ის მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშზე ვნახე, მაგრამ ამ ბიჭს ძალიან მაღალი დონის თვისებები აქვს. ადვილი არაა მაღალი მიზნების მიღწევა, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. იტენი ტრავმირებული ფროილერის ნაცვლად ბოლო მომენტში გამოვიძახე? დიახ, თუ ერთს არ გაუმართლა, მეორეს - გაუმართლა.

ჩვენ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, ზოგიერთს კი კლუბში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. გარკვეულ სიტუაციებში ბალანსი გვაკლდა. თუმცა, დავინახეთ, რომ ფეხბურთის თამაში გვსურდა“, - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში გამოსვლა 8 ქულით მეოთხე საფეხურზე დაასრულა. შვეიცარიას კი, 14 ქულით მეორე ადგილი უკავია და ბოლო ტურში გიბრალტართან გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს.

0.116745