ფეხბურთი

2:25 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

U21: ღირსეული გუნდი!

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი საფრანგეთთან ჩაატარა და დრამატულ ბრძოლაში წააგო. შეგვიძლია ვთქვათ - წააგებინეს!

ასე, ავსტრიელმა მსაჯმა კრისტოფერ იაგერმა მეტად საეჭვო პენალტი დანიშნა გია ცეცაძის გუნდის კარში, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

იქამდე კი, ძალიან ბევრი რამ მოხდა, ნანსიში, „მარსელ პიკოს“ მოედანზე. ფრანგთა შორის „ლიონის“ ნახევარმცველ ჟან რეინ-ადელაიდი ბრწყინავდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ფრანგმა ფეხბურთელმა მე-15 და წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმში დასაწყისში ჯარიმა დაარტყა ზუსტად. აქ ლუკა გუგეშაშვილის უყურადღებო თამაში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს მთელი თამაში საქმე არ მოკლებია და არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი.

მეორე გაშვებული გოლიდან მალევე, „პატარა ჯვაროსნები“ ბრძოლაში დაბრუნდნენ. მასპინძელი მცველის უხეში შეცდომით გიორგი კოხრეიძემ ისარგებლა, რომელმაც ალბან ლაფონს გვერდი აუარა და მახვილი კუთხიდან ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა. გატანილმა გოლმა საქართველოს ფრთები შეასხა და გია ცეცაძემაც დროული შეცვლები (სამმაგი შეცვლა) შეაშველა. ამან შედეგი უმალვე, წუთზე ნაკლებ დროში გამოიღო! მოედანზე იმ წამს შესულმა ფეხბურთელებმა კი, საგოლე კომბინაციაში მიღეს მონაწილეობა. ბექა ქავთარაძემ მარჯვენა ფლანგიდან გამჭოლი პასი გააკეთა და ხვიჩა კვაარცხელიამ ვარდნაში გაათანაბრა! 0:2-დან 2:2 ზუსტად სამ წუთში! დიდებული მომენტი იყო.

ამის შემდეგ საქართველო თავს კარგად იცავდა და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი უკვე კარგად ნაცნობი ფეხბურთელებით იყო გამოჭედილი, ახლას გახლდათ ქულასთან. ცნობისთვის, „მამლების“ რიგებში პსჟ-ს, „ლიონის“, „ნანტის“, „ლილის“, „სელტიკის“ ფეხბურთელები ირჯებოდნენ, რომელთაც ფართო საზოგადოება უკვე კარგად იცნობს, მიუხედავად ამისა, საფრანგეთს ავსტრიელი მსაჯის ხელის შეშველება დასჭირდა. მის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტი დანიშნა, რომელიც იყო თუ არა, ალბათ ბოლომდე თავადაც არ იცის. თერთმეტმეტრიანი კი, „სელტიკის“ ფორვარდმა ედუარდმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

წაგების მიუხედავად, გია ცეცაძის შეგირდები მხოლოდ ქებას იმსახურებენ და მართლაც საინტერესო ფეხბურთს აჩვენებენ მიმდინარე შესარჩევ ციკლში. მოგეხსენებათ, აქამდე ორი მატჩი მოიგეს (ორივე ადვილად), ხოლო ერთი თვის წინ შვეიცარიაში, დღევანდელის დარად დრამატულ ბრძოლაში იწვნიეს მარცხი (1:2). ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საფრანგეთთან გუნდის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტრავმის გამო ვერ თამაშობდა - გიორგი არაბიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ლევან ხარაბაძე, ვატო არველაძე... ასეთი დანაკლისი კი, ცხადია, ჩვენი დონის გუნდისთვის უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის.

საქართველოს 21-ე ნაკრებს ოთხი მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში კი, 18 ოქტომბერს, სტუმრად სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საფრანგეთი (U21) - საქართველო (U21) 3:2 (1:0)

ნანსი, „სტად მარსელ პიკო“

საფრანგეთი (4-3-3): ლაფონი; დაბა, კამარა, ზაგადუ, კოცა; რეინ-ადელაიდე, კამავინგა, ბელეგარდი (იუსუფი 70); დიაბი, ედუარდი (ლუზა 90), იკონე (ნორდინი 70)

მწვრთნელი: სილვიან რიპოლი

საქართველო (4-4-2): გუგეშაშვილი; მალი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური; კოხრეიძე, ნინუა (ქოჩორაშვილი 59), კუცია, ტაბატაძე; ბუღრიძე (კვარაცხელია 61), სპანდერაშვილი (ქავთარაძე 60)

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 1:0 რეინ-ადელაიდი (15), 2:0 რეინ-ადელაიდი (54), 2:1 კოხრეიძე (58), 2:2 კვარაცხელია (61), 3:2 ედუარდი (90, პენ)

გაფრთხილება: რეინ-ადელაიდი (90), კამავინგა (90) -კუცია (25), ტაბატაძე (51), კვარაცხელია (90), გუგეშაშვილი (90), ქოჩორაშვილი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 8 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: კრისტოფერ იაგერი (ავსტრია)

0.160681