ფეხბურთი

20:40 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეტკოვიჩი: "თბილისში მოგება ჩვეულებრივი არ ყოფილა, საქართველო ძალიან საინტერესო ფეხბურთს თამაშობს"

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ბოსნიელი სპეციალისტი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებას გეგმავს, მაგრამ მეტოქისადმი პატივისცემა გამოხატა.

პეტკოვიჩის განცხადებით, თბილისში გამარჯვება ბევრმა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვა, მაგრამ ასე არ იყო და საქართველო ძლიერი გუნდია, რაც ერთა ლიგაზე დაამტკიცა.

„ვითარება არ შეცვლილა, წნეხი ისეთივეა, როგორც ირლანდიასთან მატჩის წინ. ფეხის დაცდენის უფლება არ გვაქვს. თუმცა, ირლანდიასთან მოგებით ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ახლა ყველაფერი მთლიანად ჩვენს ხელშია.

სცენარი? ჩვენ დროს არ ვკარგავთ პროგნოზებში და შესაძლო მოვლენების განვითარებაში. შვეიცარიამ ყველა მატჩი უნდა მოიგოს, გამარჯვება კი პარასკევის თამაშით უნდა დავიწყოთ.

როდესაც საქართველოში მოვიგეთ, ითქვა, რომ ეს წონადი 3 ქულა არ იყო და გამარჯვება ნორმალური მოვლენა გახლდათ. თუმცა, მე ვამბობ, რომ საქართველომ ერთა ლიგაზე შესანიშნავად ითამაშა და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს“, - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, შვეიცარია - საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას სენტ გალენი უმასპინძლებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხი“ პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს.

0.112634