ფეხბურთი

4:29 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამა და სიგიჟე (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დიდებულად დაიწყო. ლონდონსა და დორტმუნდში ნამდვილი შოუ დაიდგა და ფეხბურთის ქომაგებმა გიჟური მატჩები იხილეს. კატალონიაში კი, „ბარსელონამ“ უფერული თამაში აჩვენა, ხოლო პრაღის „სლავიამ“ ღირსება მთელ მსოფლიოს დაანახა.

E ჯგუფი

E ჯგუფში არსებობდა შანსი, რომ მიმდინარე სეზონის პირველი მერვედფინალისტი გარკვეულიყო, და ეს შანსი „ნაპოლის“ ჰქონდა. თუმცა, კარლო ანჩელოტის გუნდმა აღნიშნული საკითხი სამომავლოდ გადადო.

ნეაპოლელებმა „სან პაოლოზე“ „ზალცბურგს“ უმასპინძლეს და როგორც უკვე ვთქვით, „აძური“ გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება დაიბევებდა. თუმცა, კალიდუ კულიბალის დაუფიქრებელი ქმედების შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. ვთქვათ ისიც, რომ ჰოლანდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი ზე კარლოსის, ალესანდრო დელ პიეროსა და დიეგო კოშტას შემდეგ, რომელმაც სადებიუტო სეზონის საწყის ოთხ მატჩში გოლი გაიტანა. მთლიანობაში ეს მისთვის მეშვიდე გოლი იყო და ბომბარდირთა დავის ლიდერია. „ნაპოლიმ“ გაშვებული გოლის შემდეგ მოუმატა და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც შექმნა. თუმცა გატანა ოდენ ტაიმის ბოლოს შეძლო, როდესაც ირვინგ ლოსანოს შორეულმა დარტყმამ მიზანს უწია. მეორე ნახევარში კი არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

პარალელურად, „ლივერპულმა“ გადახალისებული შემადგენლობით ბელგიურ „გენკს“ უმასპინძლა. იურგენ კლოპის გუნდს დამდეგ უიქ-ენდზე „მანჩესტერ სიტისთან“ მეტად მნიშვნელოვანი თამაში აქვს და გერმანელმა რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების შესაძლებლობა მისცა. თუმცა, „წითლებმა“ ბელგიელებთან ვერ გაისეირნეს, რადგან ვეინალდუმის გოლს ტაიმის მიწურულს სამატამ უპასუხა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ნახევარის დასაწყისში კი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის გოლმა მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. სხვათა შორის, ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ბოლო ოთხ მატჩი ოთხი გოლი გაიტანა და ეს ზუსტად იგივე შედეგია, რაც მანამდე 45 შეხვედრაში ჰქონდა.

ამასობაში, „ლივერპული“ 9 ქულით ჯგუფში გალიდერდა, ხოლო „ნაპოლი“ მეორე პოზიციაზეა და ქულით ნაკლები აქვს. „ზალცბურგი“ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს 4 ქულით, მაგრამ წესით უნდა გაუჭირდეს, რადგან თავად ორივე მატჩი მოსაგები აქვს, ამასთან „ნაპოლიმ“ დარჩენილ ორ ტურში ორი ქულა ვერ უნდა მოიპოვოს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ იტალიაში აუტსაიდერი „გენკი“ უნდა ჩავიდეს, ძნელი წარმოსადგენია.

„ლივერპული“ – „გენკი“ 2:1 (1:1) VIDEO

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

მაყურებელი: 52 611

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, მილნერი; ვეინალდუმი, ფაბინიო, კეიტა (რობერტსონი 74); სალაჰი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (მანე 75), ორიჯი (ფირმინო 89)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„გენკი“ (3-5-2): კუჩკე; კუესტა, დევასტი, ლუკუმი; მაეჰლი, ჰროსოვსკი (ბონგონდა 85), ბერგი, ჰეინენი, დე ნორე (ონუაჩუ 85); იტო (ნდონგალა 68), სამატა

მწვრთნელი: ფელისე მაცუ

გოლები: 1:0 ვეინალდუმი (14), 1:1 სამატა (41), 2:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (53)

გაფრთხილება: ლუკუმი (22), დე ნორე (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 6 (3) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

„ნაპოლი“ – „ზალცბურგი“ 1:1 (1:1) VIDEO

ნეაპოლი, „სან პაოლო“

მაყურებელი: 32 862

„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; დი ლორენცო, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი (ლუპერტო 46); კალეხოი, ფაბიან რუისი, ზიელინსკი, ინსინიე; მერტენსი (მილიკი 73), ლოსანო (ლორენტე 86)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ზალცბურგი“ (5-3-2): მიგელი; კრისტენსენი, პონგრაჩიჩი (მვეპუ 46), ონგუენი, ვიობერი, ულმერი; მინამინო (აშიმერუ 61), იუნუზოვიჩი, შობოშლაი; ჰოლანდი (დაკა 75), ჰვანი

მწვრთნელი: იეს მარში

გოლები: 0:1 ჰოლანდი (11, პენ), 1:1 ლოსანო (44)

გაფრთხილება: ზიელინსკი (27) - ონგუენი (4), პონგრაჩიჩი (37)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (3) – 8 (1) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:8 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

F ჯგუფი

F ჯგუფში სიტუაცია უაღრესად დაიძაბა. თავდაპირველად „ბარსელონამ“ პრაღის „სლავიას“ უმასპინძლა და ხმაურიანი სენსაციაც გამოცხვა - 0:0! როდესაც წილისრყა შედგა, ჩეხებმა ყველამ განწირულად ჩათვალეს, მაგრამ ფაქტია ეს გუნდი ძალზე ღირსეულად ირჯება. მართალია შინ ორივე თამაში წააგო, მაგრამ „დორტმუნდიც“ ანერვიულა და „ბარსელონა. აი, სტუმრად კი ჯერ „ინტერთან“ მოიპოვა ქულა, ახლა - „ბარსელონასთან“. როგორი საქმეა ისეთ ლეგენდარულ არენებზე არ წააგო, როგორებიც „სან სირო“ და „კამპ ნოუ“ გახლავთ? ჩეხეთის ჩემპიონი „ბარსას“ არ შეუშინდა და შედეგსაც მიაღწია. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა კი, მორიგი უფერული, უფანტაზიო თამაში აჩვენა და არავინ იცის, როდემდე დასცალდება პოსტზე მუშაობა. ამასობაში „ბარსა“ ჯერ ლიდერია, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჯგუფიდან ვერ გავიდეს. ყოველშემთხვევაში ამის შანსი არსებობს. რაც მთავარია მომდევნო ორ მატჩი ადვილი არ ექნება „დორტმუნდთან“ და „ინტერთან“ და რომელიმეს თუ ვერ მოიგებს, მეტწილად შეიძლება მართლაც პლეი-ოფს მიღმა აღმოჩნდეს. ბოლოსკენ ის ვთქვათ, რომ 18 თებერვლის შემდეგ „კამპ ნოუზე“ პირველი მატჩი დასრულდა უგოლოდ.

დღის ცენტრალური დაპირისპირება „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა. ანტონიო კონტეს „ინტერი“ „დორტმუნდს“ ესტუმრა და გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად მერვედფინალის საგზურს ჯიბეში ჩაიდებდა. თუმცა, არც ფრე იქნებოდა ურიგო შედეგი და მილანელებისთვის ყველაფერი დიდებულად წარიმართა. პირველივე ტაიმში ორი ჩინებული კონტრშეტევა ჯერ ლაუტარო მარტინესმა, მერე მატიას ვესინომ გოლებით დაასრულეს - 0:2! აღსანიშნავია, რომ ლაუტარო სამუელ ეტო’ოს შემდეგ „ინტერის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამ მატჩი გაიტანა. შესვენების შემდეგ კი, „ინტერის“ გამართული მექანიზმი ჩამოიშალა. აჩრაფ ჰაკიმმა სხვაობა შეამცირა, იულიან ბრანდტმა გაათანაბრა, ხოლო ჰაკიმმა დუბლი გაიფორმა და ლუსიენ ფავრის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. საერთოდ, მაროკოელი მცველი დიდებულ ფორმაშია - „დორტმუნდს“ სულ 5 გოლი აქვს გატანილი და 4 მის აქტივშია. მეორედ შეასრულა დუბლი და 4 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკისა (5) და ერლინგ ჰოლანდს (7) ჩამორჩება. სხვათა შორის, ნამატჩევს ანტონიო კონტემ გუნდის ხელმძღვანელების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა და თქვა, რომ წაგება მათი ბრალია, რადგან ზაფხულში საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები არ უყიდეს. კონტე ბოლო დროს ამ თემით ხშირად სპეკულირებს. საგულისხმოა, რომ „ნერაძურიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად წააგო მატჩი, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთის უპირატესობით იგებდა. „დორტმუნდმა“ კი პირიქით - პირველად მოიგო, როდესაც შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა. მეტიც, გერმანულმა გუნდმა 2001 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო თამაში, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა („ნანტთან“ 2:1). კონტეს „ინტერმა“ კი, მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო თამაში, რომელსაც პირველი ტაიმის მერე იგებდა. პირველად იგივე „ბარსელონასთან“ დაემართა, როდესაც ტაიმი მოიგო, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა (1:2).

სატურნირო მდგომარეობას რაც შეეხება: „ბარსელონას“ 8, „დორტმუნდს“ 7, „ინტერს“ 4 და „სლავიას“ 2 ქულა აქვს. „ინტერი“ დარჩენილ ორ მატჩს თუ მოიგებს პრაღაში და მერე შინ „ბარსელონასთან“ ნამდვილად გავა ჯგუფიდან. ასეთ შემთხვევაში კი, „დორტმუნდს“ 3 ქულა არ ეყოფა პლეი-ოფისთვის, ხოლო „ბარსელონა“ „დორტმუნდთან“ გამარჯვების შემთხვევაში გაიფორმებს მერვედფინალის საგზურს, თუმცა თუ „დორტმუნდს“ ან „ინტერს“ ვერ დაამარცხებს, ჯგუფში ჩარჩება.

„ბარსელონა“ – „სლავია“ 0:0 (0:0) VIDEO

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

მაყურებელი: 67 023

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა (სერხი რობერტი 46); ვიდალი, ბუსკეტსი (რაკიტიჩი 68), დე იონგი; მესი, გრიზმანი, დემბელე (ანსუ ფატი 65)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

„სლავია“ (4-2-3-1): კოლარი; კუფალი, კუდელა, ფრიდრიხი, ბორილი; ტრაორე (ტეჩლი 57), სუჩეკი; სევჩიკი, სტანჩუ (ჰუსბაუერი 63), ოლაინკა; მასოპუსტი (პროვოდი 82)

მწვრთნელი: ინდრიხ ტრპისოვსკი

გაფრთხილება: პიკე (14), სემედუ (32), ბუსკეტსი (43) - ოლაინკა (21), სტანჩუ (48), ჰუსბაუერი (82), კუდელა (84), კოლარი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 3 (0) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

„დორტმუნდი“ – „ინტერი“ 3:2 (0:2) VIDEO

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი: 66 099

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, შულცი; ვიტსელი, ვაიგლი; სანჩო (პიშჩეკი 82), ბრანდტი, აზარი (გერეირო 89); გიოტცე (პაკო ალკასერი 64)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; კანდრევა, ვესინო (სენსი 68), ბროჟოვიჩი, ბარელა, ბირაგი (ლაზარო 66); ლუკაკუ (პოლიტანო 73), ლაუტარო მარტინესი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (5), 0:2 ვესინო (40), 1:2 ჰაკიმი (51), 2:2 ბრანდტი (64), 3:2 ჰაკიმი (77)

გაფრთხილება: აზარი (79) - ბირაგი (1), შკრინიარი (30), კანდრევა (48)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

G ჯგუფი

გერმანულმა „ლაიფციგმა“ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფისკენ მას მერე რაც სანქტ-პეტერბურგში „ზენიტს“ ადვილად მოუგო. „რედ ბულს“ 9 ქულა აქვს და დარჩენი ტურებში კინკილა ქულა სჭირდება, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს 9 ქულაც საკმარისი გამოდგეს მერვედფინალის საგზურისთვის. ჯგუფში მეორე ადგილზე „ლიონია“, რომელმაც ლისაბონის „ბენფიკას“ 3:1 აჯობა, 7 ქულა დააგროვა და მანაც სერიოზული განაცხადი გააკეთა პლეი-ოფისკენ, მაგრამ მომდევნო ტურში „ზენიტს“ სტუმრობს და არ უნდა წააგოს, თორემ შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს.

„ზენიტი“ – „ლაიფციგი“ 0:2 (0:1) VIDEO

სანქტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“

მაყურებელი: 50 452

„ზენიტი“ (3-5-2): კერჟაკოვი; ივანოვიჩი (დრიუსი 70), ოსორიო, რაკიცკი; სმოლნიკოვი (კარავაევი 46), ოზდოევი, ბარიოსი, იეროხინი (კუზიაევი 85), სანტოსი; აზმუნი, ძიუბა

მწვრთნელი: სერგეი სემაკი

„ლაიფციგი“ (4-4-2): გულაში; მუკიელე, კოლოსტერმანი, უპემეკანო, ჰალსტენბერგი (კამპლი 46); ზაბიცერი, ლაიმერი, დემე, ფორსბერგი (ჰაიდარა 76); პოულსენი, ნკუნკუ (ვერნერი 61)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 დემე (45), 0:2 ზაბიცერი (63)

გაფრთხილება: იეროხინი (6), ძიუბა (67), კუზიაევი (88) - უპემეკანო (67(

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 13 (9) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)

„ლიონი“ – „ბენფიკა“ 3:1 (2:0) VIDEO

ლიონი, „გრუპამა სთედიუმი“

მაყურებელი: 51 077

„ლიონი“ (4-4-2): ლოპესი; დუბუა, დენაიერი, ანდერსენი, კონე; რეინე-ადელაიდე (ტრაორე 73), ტიაგო მენდეში, ტუსარი, ოუარი (მარსელო 90); დემბელე, დეპაი (კორნე 46)

მწვრთნელი: რუდი გარსია

„ბენფიკა“ (4-4-2): ვლაჩოდიმოსი; ტავარეში, დიაში, ფერეირა (ჟარდელი 16), გრიმალდო; გედსონ ფერნანდეში (სეფეროვიჩი 46), ლუიში, გაბრიელი, სერვი (პიცი 73); ჩიკუინო, ვინისიუსი

მწვრთნელი: ბრუნო ლაგე

გოლები: 1:0 ანდერსენი (4), 2:0 დეპაი (33), 2:1 სეფეროვიჩი (78), 3:1 ტრაორე (89)

გაფრთხილება: გაბრიელი (43), ლუიში (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 14 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

H ჯგუფი

H ჯგუფში „ვალენსია“ „ლილთან“ ძალიან დიდი ხანი აგებდა, მაგრამ ბოლოსკენ გატეხა მეტოქე და საბოლოოდ, დიდი ანგარიშითაც იმარჯვა - 4:1. „ღამურებმა“ 7 ქულა დააგროვეს და ჯგუფში საინტერესო ვითარება შეიქმნა, რადგან სამ გუნდს აქვს იდენტური მაჩვენებელი.

დღის მთავარი საგიჟეთი კი ლონდონში იყო, სადაც „ჩელსიმ“ და „აიაქსმა“ დაუვიწყარი სპექტაკლი დადგეს. თამაში რომ ასეთი იქნებოდა, საწყისი წუთებიდანვე ნათელი გახდა. უკვე მეორე წუთზე ტამი აბრაჰამმა ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გახსნა, ხოლო ორ წუთში კრისტიან პულიშიჩის მოპოვებული პენალტი ჟორჟინიომ გოლად აქცია და ანგარიში გათანაბრდა. შემდგომ ამისა, „აიაქსმა“ ძალიან მაგრად ითამაშა და პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მიიღო. ჯერ ქვინსი პრომესმა გაიტანა, მერე ჰაკიმ ზიეჩმა დაარტყა საოცარი ჯარიმა და ბრწყინვალე გოლი გავიდა, თუმცა მეორე ავტოგოლი! ზიეჩის შესაშური ჯარიმა ძელს მოხვდა, შემდეგ კეპა არიზაბალაგას სახეში მოხვდა და კარის ბადე შეირხა - 1:3. ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსიმ“ თავის ისტორიაში პირველად გაუშვა პირველ ტაიმში სამი გოლი საკუთარ მოედანზე, ხოლო საინტერესოა, რომ „აიაქსმა“ სამი გოლი, მაგრამ 45 წუთში კარის ჩარჩოში ერთადერთხელ დაარტყა... მეორე ტაიმი კი, ისევ ჰოლანდიელთა კარნახით დაიწყო და მალევე დონი ვან დე ბეეკმა პრაქტიკულად ყველაფერს წერტილი დაუსვა - 1:4. მიუხედავად ამისა, ყველაფერი წინ იყო. სესარ ასპილიკუეტამ ერთი გოლი გაქვითა, რასაც 5 წუთში „აიაქსის“ მდგომარეობის დამძიმება მოჰყვა. არ ვიცი, მსგავსი ხშირად გინახავთ თუ არა, მაგრამ ფაქტია, იტალიელმ მსაჯმა ჯანლუკა როკიმ ერთ სათამაშო ეპიზოდში „აიაქსს“ ორი ფეხბურთელი გაუძევა და თან პენალტი დანიშნა ამსტერდამელთა კარში... ერიკ ტენ ჰაგის გუნდის ორივე ცენტრალურ მცველ დელეი ბლინდსა და ჟოელ ველტმანს ყვითელი ბარათები უკვე მიღებული ჰქონდათ. 68-ე წუთზე ბლინდმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ სანამ გააფრთხილებდნენ, შეტევა გაგრძელდა, რაც კარისკენ დარტყმით დასრულდა და ბურთი ხელზე ველტმანს მოხვდა. როკი ადგა და, ჯერ ბლინდი გააფრთხილა მეორედ, შემდეგ ეპიზოდის გაგრძელების ანტიგმირსაც მიდგა, პენალტი დანიშნა, ველტმანიც მეორედ გააფრთხილა და ასე დარჩა „აიაქსი“ მინდორზე 9 კაცის ამარა! სიმართლე რომ ვთქვათ, იტალიელმა მსაჯმა ჰოლანდიური გრანდი პრაქტიკულად გაწირა და ორივე ფეხბურთელის გაძევება ნამდვილად გადამეტებული იყო. მეორე პენალტი ჟორჟინიომ ზუსტად დაარტყა და დუბლი გაიფორმა. დაუჯერებელი მოვლენებით შეფრთიანებულმა „ჩელსიმ“ უკან მოუხედავად შეუტია და მალევე რი ჯეიმსმა ანგარიში გაათანაბრა - 4:4! ჯეიმსი გახდა „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (19 წლისა და 332 დღის), რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. ფრენკ ლამპარდის გუნდმა შეტევები გააგრძელა და მეხუთედაც აიღო მეტოქის კარი. დუბლი ასპილიკუეტამ შეასრულა, მაგრამ მანამდე აბრაჰამს ბურთი ხელზე მოხვდა და ჯანლუკა როკი ამას რას შენიშნავდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ შეამჩნია და გოლიც გაუქმდა. სხვათა შორის, მატჩის მიწურულს 9-კაციან „აიაქსს“ მოგება მაინც შეეძლო, მაგრამ კეპამ გადაარჩინა თავისი გუნდი. საბოლოო ჯამში ფრე 4:4 და ჰოლანდიელები წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ, ხოლო ფრე ალბათ ყველაზე ლოგიკური შედეგი იყო. "ჩელსი" "ლივერპულის" (2005 წელს "მილანთან") პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და არ წააგო.

როგორც უკვე ვთქვით, „ჩელსის“, „აიაქსსა“ და „ვალენსიას“ 7-7 ქულა აქვთ და დარჩენილ ორ ტურში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება. „ლილი“ კი სტატისტის როლშია, რადგან კინკილა ქულით ბოლო ადგილზეა.

„ჩელსი“ – „აიაქსი“ 4:4 (1:3) VIDEO

ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“

მაყურებელი: 39 132

„ჩელსი“ (4-2-3-1): არიზაბალაგა; ასპილიკუეტა, ზუმა, ტომორი, ალონსო (ჯეიმსი 46); ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბატშუაი 87); ვილიანი, მოუნთი (ჰადსონ-ოდოი 60), პულიშიჩი; აბრაჰამი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

„აიაქსი“ (4-2-3-1): ონანა; მაზრაუი, ველტმანი, ბლინდი, ტალიაფიკო; ვან დე ბეეკი, მარტინესი; ნერეში (შურსი 72), ზიეჩი (ალვარესი 73), პრომესი; ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 0:1 აბრაჰამი (2, ა.გ), 1:1 ჟორჟინიო (5, პენ), 1:2 პრომესი (20), 1:3 არიზაბალაგა (35, ა.გ), 1:4 ვან დე ბეკი (55), 2:4 ასპილიკუეტა (63), 3:4 ჟორჟინიო (71, პენ), 4:4 ჯეიმსი (74)

გაფრთხილება: ტომორი (42), ასპილიკუეტა (45) - ველტმანი (31, 69)), ბლინდი (33, 68)

გაძევება: ბლინდი (68), ველტმანი (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 8 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

„ვალენსია“ – „ლილი“ 4:1 (0:1) VIDEO

ვალენსია, „მესტალია“

მაყურებელი: 38 252

„ვალენსია“ (4-4-2): სილესენი; ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია; ლი (ვალეხო 54), პარეხო, კონდოგბია, ჩერიშევი (ტორესი 30); როდრიგო (გამეირო 90), გომესი

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

„ლილი“ (3-4-2-1): მაინანი; სუმაორო (ბამბა 90), ფონტე, გაბრიელი; ჩელიკი, ანდრე (არაუხო 80), სუმარე, ბრადარიჩი; იაზიჯი (სანჩესი 74); რემი, ოსიმენი

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე

გოლები: 0:1 ოსიმენი (25), 1:1 პარეხო (66, პენ), 2:1 სუმაორო (82, ა.გ), 3:1 კონდოგბია (84), 4:1 ტორესი (90)

გაფრთხილება: გარაი (31), ვასი (67) - გაბრიელი (21), ანდრე (37), ფონტე (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (8) – 12 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.121365