ფეხბურთი

23:40 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" შავებში

გერმანიის ბუნდესლიგაში მეათე ტურის შემდეგ მიონხენგლადბახის „ბორუსიამ“ ლიდერობა განიმტკიცა, ხოლო მიუნხენის „ბაიერნს“ კოშმარული საღამო დაუდგა.

ნიკო კოვაჩის გუნდი ფრანკფურტში, „აინტრახტს“ ესტუმრა და რა გასაკვირია გამარჯვებას იმედოვნებდა, მაგრამ... მაგრამ „ბაიერნი“ შერცხვა და საშვილიშვილოდ წააგო - 1:5. ხშირად ნამდვილად არ ხდება, რომ მიუნხენური გიგანტი მსგავსი ანგარიშით მარცხდება და მითუფრო ბუნდესლიგის ეგიდით. ბოლოს მსგავსი რამ 2009 წელს შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც „ვოლფსბურგმა“ დამართა იგივე.

„ბაიერნისთვის“ ყველაფერი ცუდად დაიწყო, რადგან უკვე მეცხრე წუთზე კაცნაკლული დარჩა. გასახდელში ჟერომ ბოატენგი მიაბრძანეს. „აინტრახტმა“ კი რიცხობრივი უპირატესობით ჩინებულად ისარგებლა და მეტოქე არ დაინდო. ვინ იცის, ფრანფკურტელებმა რამდენი ხნის და რამდენი დაგროვილი ჯავრი იყარეს „რეკორდმაისტერზე“. კოსტიჩისა და სოუს გოლებს პირველ ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ უპასუხა, მაგრამ ნაანტრაქტევს სტუმართა უსუსურობის წინაშე ვერც დიდებულ ფორმაში მყოფი ლევანდოვსკი გახდა. „აინტრახტმა“ კი მეტოქის რბევას მიჰყო ხელი და - 5:1! სხვათა შორის, „ბაიერნმა“ საწყის 10 ტურში 16 გოლი გაუშვა და მსგავსი რამ ბოლოს 2008-2009 წლების სეზონის სტარტზე მოხდა. ამასობაში კოვაჩის შეგირდები მეორედ დამარცხდნენ და თუ ამას სამ ფრესაც დავუმატებთ, „ბაიერნისთვის“ 10 ტურში მეტისმეტად დაბალი მაჩვენებელია. ერთადერთი კარგი რაც ბავარიელთათვის ფრანფკურტში მოხდა, ლევანდოვსკის მორიგი გოლია, რომელმაც წინა ტურში დამყარებული თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. მიუნხენური გიგანტი კი მეოთხე ადგილზეა.

სანამ „ბაიერნი“ ფრანკფურტში ცოდვილობდა, პარალელურად „ლაიფციგი“ „მაინცს“ ბომბავდა! სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაც იულიან ნაგელსმანის გუნდმა „რედ ბულ არენაზე“ მოაწყო - 8:0! ცნობისთვის, ლაიფციგელებმა სამი დღის წინ გერმანიის თასზე „ვოლფსბურგს“ მისსავე მოედანზე 6:1(!) აჯობეს და ორ მატჩი 14 გოლი დიდებული შედეგია... ნაგელსმანის გუნდი ამ გამარჯვებით „ბაიერნს“ გაუთანაბრდა და 18 ქულა აქვს.

„ვოლფსბურგის“ გერმანიის თასის სირცხვილი ვახსენეთ და „მგლები“ როგორც ჩანს რელსებიდან გადავიდნენ. აქამდე ბუნდესლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო, მაგრამ ახლა ასე აღარაა. „ვოლფსბურგის“ უძლეველობის მითი „სიგნალ იდუნა პარკზე“ „დორტმუნდმა“ დაარღვია, რომელმაც მეორე ტაიმში გატეხა მეტოქე და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ლუსიენ ფავრის გუნდი მეორე ადგილზე აღზევდა, მაგრამ ცუდ ამბავს მაინც ვერ ასცდა, რადგან მარკო როისი ტრავმის გამო მოისაკლისა.

გათამაშების ლიდერმა „გლადბახმა“ კი, „ბაი არენაზე“ „ლევერკუზენთან“ იმარჯვა მძიმე ბრძოლაში და როგორც დასაწყისშივე ვთქვით, ლიდერობა განიმტკიცა. მარკო როზეს გუნდი ჩინებულ ფორმაშია და როგორც ჩანს, წელს სერიოზული მიზნებისკენ მიისწრაფვის.

სათამაშო დღე კი, ბერლინური დერბით დასრულდა, რომელშიც „უნიონმა“ „ჰერტას“ უმასპინძლა და სებასტიან პოლტერის გვიანი გოლით უმნიშვნელოვანესი და უპრინციპულესი თამაში მოიგო. ცნობისთვის ბუნდესლიგაში ბერლინური დერბი 1977 წლის შემდეგ პირველად გაიმართა...

მეათე ტური კი, კვირას, „დიუსელდორფი“ – „კიოლნისა“ და „აუგსბურგი“ – „შალკეს“ მატჩებით დასრულდება.

„ლევერკუზენი“ – „გლადბახი“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 ვენდტი (18), 1:1 ვოლანდი (25), 1:2 ტურამი (42)

„დორტმუნდი“ – „ვოლფსბურგი“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 აზარი (52), 2:0 გერეირო (58), 3:0 გიოტცე (88, პენ)

„აინტრახტი“ – „ბაიერნი“ 5:1 (2:1)

გოლები: 1:0 კოსტიჩი (25), 2:0 სოუ (33), 2:1 ლევანდოვსკი (37), 3:1 აბრაჰამი (49), 4:1 ჰინტერეგერი (61), 5:1 პასიენსია (85)

„ლაიფციგი“ – „მაინცი“ 8:0 (5:0)

გოლები: 1:0 ზაბიცერი (5), 2:0 ვერნერი (30), 3:0 ნკუნკუ (35), 4:0 ჰალსტენბერგი (38), 5:0 პოულსენი (44), 6:0 ვერნერი (48), 7:0 მუკიელე (50), 8:0 ვერნერი (87)

„ვერდერი“ – „ფრაიბურგი“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 რაშიცა (9), 1:1 პეტერსენი (28), 2:1 გებრე სელასიე (59), 2:2 პეტერსენი (90)

„უნიონი“ – „ჰერტა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პოლტერი (87, პენ)

თეგებიბუნდესლიგა
0.116873