ჭიდაობა

18:25 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილის დასამარცხებლად ტაჰა აკგულს ქართველი მოჭიდავეები ამზადებენ
სკანდალური ფოტოები თურქეთის საჭიდაო დარბაზიდან

წლეულს, გაზაფხულის ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გუნდის ლიდერმა გენო პეტრიაშვილმა ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბი საგონებელში ჩავარდა - მეორე ევროპული თამაშების წინ, მძიმე წონითი კატეგორიის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მწვრთნელების მთავარი საფიქრალი და სანერვიულო ის იყო, რომ გენო პეტრიაშვილის არათუ ღირსეულად შემცვლელის, არამედ ზოგადად შემცვლელის მოძებნაც კი წარმოუდგენლად ძნელი იყო. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში სპორტსმენთა დეფიციტი აწუხებს.

არადა, იყო დრო, თავისუფალ ჭიდაობაში, ნაკრებში მძიმე წონითი კატეგორიის შიდა კონკურენცია, დაბალ წონებსაც სჯობნიდა დაძაბულობით. დავით მოძმანაშვილი, ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე, გიორგი მეშვილდიშვილი - ეს ის მძიმეწონოსნები არიან, რომლებიც არა მარტო საქართველოს ჩემპიონატებზე, არამედ საერთაშორისო შეჯიბრებებზეც სტაბილურად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდნენ. ამჟამად კი... გენო პეტრიაშვილს სპარინგ-პარტნიორი არ ჰყავს და დიდი შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად, ძირითადად, თავისზე დაბალწონიან თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან და სამედიცინო შტაბის წევრებთანაც კი უწევს ვარჯიში.

მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის წინ, სპარინგ-პარტნიორებს შორის ისევ გამოჩნდა გიორგი საკანდელიძე, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე უცხოეთში ჭიდაობდა. ზემოთ ნახსენები სხვა ძლიერი მძიმეწონოსნებიც ისევ აქტიურად ვარჯიშობენ, მაგრამ... ამით საქართველოს ნაკრები არათუ ვერ ხეირობს, პირიქით, ზარალდება.

სომხეთის ნაკრების წევრი ლევან ბერიანიძე, ჭიდაობიდან დისკვალიფიკაციით მოკვეთილი დავით მოძმანაშვილი და საქართველოს ნაკრების კანდიდატი გიორგი მეშვილდიშვილი წლეულს, ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში მონაწილეობას აქტიურად იღებდნენ, ოღონდ... თურქეთის ნაკრებთან ერთად. სწორედ მათ მოამზადეს პეტრიაშვილის დასამარცხებლად გენოს უმთავრესი კონკურენტი - ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ტაჰა აკგული.

8-14 აპრილს, რუმინეთში გამართული ევროპირველობა სწორედ პეტრიაშვილისა და აკგულის ფინალით და თურქის ტრიუმფით დასრულდა.

„მსოფლიო სპორტმა“ თურქულ დარბაზში გაზაფხულზე გადაღებული ფოტოები მოიპოვა, რომლებზეც აკგულთან ერთად არიან ბერიანიძე, მოძმანაშვილი და მეშვილდიშვილი. ინფორმაცია საქართველოს ნაკრებსა და სპორტის სამინისტროშიც დაგვიდასტურეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პრობლემის მოსაგვარებელი გზის პოვნა ჯერჯერობით შეუძლებელია. სპორტსმენებს ვერავინ აუკრძალავს ქართული ჭიდაობისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებას. ერთადერთი გამოსავალია, თავად მოჭიდავეებმა უპასუხონ უარით თურქულ შეთავაზებებს.

პრობლემა ისევ აქტუალურია. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ქართველმა მძიმეწონოსნებმა ტაჰა აკგული მსოფლიოს ჩემპიონატის წინაც ავარჯიშეს (მაგრამ, საბედნიეროდ, ნურ-სულთანში თურქს ვეღარც ამან უშველა). წინ კი უმნიშვნელოვანესი სეზონია - ოლიმპიური თამაშების წელი. ტოკიო 2020-მდე ცხრა თვეზე ნაკლები რჩება და საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებმაც უკვე მოხაზეს მოსამზადებელი გეგმა. სავარაუდოდ, თურქთა გეგმაში ისევ შედიან ქართველი მძიმეწონოსნები. ეგებ უკვე შეთანხმებულებიც არიან. გენო პეტრიაშვილისთვის ძლიერი სპარინგ-პარტნიორების მოძებნის თემა კი ისევ სანერვიულო საკითხად დარჩება.

0.137865