ისტორია

10:16 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

22 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949. დაიბადა არსენ ვენგერი. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა “სტრასბურგში” და 1979 წელს გუნდთან ერთად გაიმარჯვა საფრანგეთის პირველ ლიგაში. წვრთნიდა “ნანსის” (1984-87), “მონაკოს” (1987-94), იაპონურ “ნაგოიას” (1994-96), 1996 წლის ოქტომბრიდან კი ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელია. დამრიგებლის რანგში მოგებული აქვს საფრანგეთის ჩემპიონობა (1988) და თასი (1991), 1996 წელს იაპონიის ჯეი ლიგის ჩემპიონობა და ამომავალი მზის ქვეყნის თასი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია “არსენალში” მუშაობისას. ჩრდილოლონდონელები 1998, 2002 და 2004 წლებში ინგლისის ჩემპიონი გახადა, 1998, 2002, 2003 და 2005 წლებში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოაგებინა, 1998, 1999, 2002 და 2004 წლებში კი ინგლისის სუპერთასი მოაპოვებინა. 1992 წელს “მონაკო” 2000 წელს კი “არსენალი” უეფას თასის ფინალში გაიყვანა, 2006 წელს ლონდონელებმა ვენგერის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1883. ნიუ იორკის სპორტულ არენა “მედისონ სკვერ გარდენში” პირველად გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრება.

1885. ჯონ უარდის თაოსნობით აშშ-ში პროფესიონალ ბეისბოლისტთა ასოციაცია ჩამოყალიბდა.

1933. პრიმო კარნერამ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, პაულინი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1949. ჩეხოსლოვაკიელმა სტაიერმა ემილ ზატოპეკმა 10 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (29:21.2).

1953. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბუდაპეშტის “დოჟასთან” 2:3 წააგო. შეხვედრა თბილისში ჩატარდა, ქართველთაგან კი გოლები ავთანდილ ღოღობერიძემ და ზაურ კალოევმა გაიტანეს. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, რუსაძე, ნ. გაგნიძე, მახარაძე, ანთაძე, კოტრიკაძე, კ. გაგნიძე, კალოევი, ღოღობერიძე (ვარდიმიადი), ჭკუასელი.

1960. სუპერმძიმე წონითი კატეგორიაში მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონმა კასიუს კლეიმ (მუჰამედ ალი), პროფესიულ რინგზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

1964. თბილისის “დინამომ” საკავშირო ჩემპიონატის მატჩში ლიდერ მოსკოვის “ტორპედოს” 3:1 მოუგო და დაგროვილ ქულათა რაოდენობით დაეწია. დინამოელთაგან გოლები მიხეილ მესხმა, სლავა მეტრეველმა და შოთა იამანიძემ გაიტანეს.

1976. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშე რიკ ბერიმ ზედიზედ მესამოცე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.

1978. ნიუ იორკის მერვე მარათონული გარბენი ქალთა შორის გრეტა ვაიცმა სარეკორდო დროით მოიგო (2:32.30).

1978. ნიუ იორკის მეცხრე მარათონული გარბენი მამაკაცთა შორის ბილ როჯერსმა მოიგო (2:12.12).

1980. თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების მერვედფინალის პირველ მატჩში გასვლაზე ირლანდიის “უოტფორდს” 1:0 მოუგო. გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხიზანიშვილი, მუჯირი, დარასელია, სულაქველიძე, ქორიძე, გუცაევი (ჩელებაძე), ყიფიანი, შენგელია (კერესელიძე). გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1989. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდმა “დენვერ ნაგითსმა” იუგოსლავიის (ხორვატიის) სპლიტის “ჰაიდუკს” “მაკდონალდსის” თასის ფინალში 135:129 მოუგო.

1994. ტონი რომინგერმა ველოსიპედით ერთ საათში რბოლის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (53.832 კმ).

1997. უეინ გრეცკის მეუღლე ჯანეტს ჰოკეის მატჩის მსვლელობისას სახეში პლექსიგლასის ნამსხვრევი მოხვდა, რის გამოც გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2007. უეფას სტატისტიკის მიხედვით, შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ყველაზე უხეშ გუნდად დასახელდა.

2007. ავსტრიული “ვაკერის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლარს სენდერგორი გადააყენა.

2007. ზედიზედ 55 მატჩიანი წაუგებელი სერიის მიუხედავად, აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგ რაიანი პოსტიდან გადააყენეს.

2008. საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით თამაზ მდინარაძე აირჩიეს.

2008. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზაზა დოლიძე აირჩიეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1913. ანიტ როჯერსი. ამერიკელი სპრინტერი ქალი. 1932 და 1936 წლების ოლიმპიადების ჩემპიონი.

1923. ბერნდ ტრაუტმანი. გერმანელი მეკარე, რომელმაც ფეხბურთი თამაში მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისურ საკონცენტრაციო ბანაკში დაიწყო. 1949-64 წლებში იცავდა “მანჩესტერ სიტის” ღირსებას, რომლის რიგებშიც 508 შეხვედრა ჩაატარა. 1956 წელს ინგლისის თასის ფინალში “ბირმინგემის” წინააღმდეგ ასპარეზობისას უმძიმესი ტრავმა მიიღო, თუმცა, აუტანელი ტკივილის მიუხედავად, მინდვრიდან არ გასულა და “სიტის” საპატიო პრიზის დაუფლებაში დაეხმარა. ფინალიდან სამი დღის შემდეგ დადგინდა, რომ მატჩის მსვლელობისას ტრაუტმანს კისრის მალის მოტეხილობით თამაშობდა. 1956 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. მოგვიანებით წვრთნიდა “სტოკპორტს”, ბირმის, ლიბერიისა და პაკისტანის ნაკრებებს.

1929. ლევ იაშინი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” (1949-1970) გოლკიპერი. 1963 წელს დაასახელეს ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1960 წლის ევროპის თასის მფლობელი. 1964 წლის ევროპის თასის გათამაშების ფინალისტი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი. სამჯერ დაასახელეს ქვეყნის წლის საუკეთესო მეკარედ. 14-ჯერ შეიყვანეს “33 საუკეთესოთა შორის”. იასპარეზა მსოფლიოს სამ ჩემპიონატში (1958, 1962, 1966). ლევ იაშინი ორ-ორჯერ მონაწილეობდა ფიფასა და უეფას ნაკრებთა მატჩებში. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 78 მატჩი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1950-53 წლებში იგი მოსკოვის “დინამოს” ჰოკეისტთა გუნდშიც თამაშობდა. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ XX საუკუნის საუკეთესო მეკარედ აღიარა. დაჯილდოვებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური ორდენითა და ფიფას ოქროს ორდენით. ლევ იაშინი 1990 წლის 20 მარტს გარდაიცვალა.

1948. ჯონ პეტერსონი. ამერიკელი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1972 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. მიუნხენის ოლიმპიადაზე ჯონ პეტერსონმა ფინალი ლევან თედიაშვილთან წააგო (82.5 კგ წონითი კატეგორია).

1949. არსენ ვენგერი. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა “სტრასბურგში” და 1979 წელს გუნდთან ერთად გაიმარჯვა საფრანგეთის პირველ ლიგაში. წვრთნიდა “ნანსის” (1984-87), “მონაკოს” (1987-94), იაპონურ “ნაგოიას” (1994-96), 1996 წლის ოქტომბრიდან კი ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელია. დამრიგებლის რანგში მოგებული აქვს საფრანგეთის ჩემპიონობა (1988) და თასი (1991), 1996 წელს იაპონიის ჯეი ლიგის ჩემპიონობა და ამომავალი მზის ქვეყნის თასი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია “არსენალში” მუშაობისას. ჩრდილოლონდონელები 1998, 2002 და 2004 წლებში ინგლისის ჩემპიონი გახადა, 1998, 2002, 2003 და 2005 წლებში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოაგებინა, 1998, 1999, 2002 და 2004 წლებში კი ინგლისის სუპერთასი მოაპოვებინა. 1992 წელს “მონაკო” 2000 წელს კი “არსენალი” უეფას თასის ფინალში გაიყვანა, 2006 წელს ლონდონელებმა ვენგერის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზეს.

1963. ბრაიან ბოიტანო. ციგურებით ფიგურულ სრიალში 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1964. დრაჟენ პეტროვიჩი. საერთო აღიარებით, ევროპის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი. გამოდიოდა იუგოსლავიისა და ხორვატიის ნაკრებებში. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში. 1992 წლის ოლიმპიადაზე ხორვატიის ნაკრების რიგებში აშშ-ის “ოცნების გუნდის” წინააღმდეგ ფინალში ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ პეტროვიჩის წინააღმდეგ მეჯიკ ჯონსონი თამაშობდა, დრაჟენმა 19 ქულის გაკეთება მაინც მოახერხა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პეტროვიჩი “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზსა” და “ნიუ ჯერსი ნეთსში” წარმატებით გამოდიოდა. 1993 წელს დაასახელეს NBA-ს ყველა დროის მესამე ნაკრებში. 2002 წელს დრაჟენ პეტროვიჩი საკალათბურთო “დიდების დარბაზში” შეიყვანეს. დრაჟენ პეტროვიჩი 1993 წელს გერმანიაში საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა.

1971. ამანდა კოეცერი. სამხრეთ აფრიკელი ჩოგბურთელი. 1996 წელს იასპარეზა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში, ხოლო მომდევნო სეზონში ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია ჩემპიონატების ნახევარფინალებში.

1973. ანდრეს პალოპი. ესპანეთის ნაკრების, “ვილიარეალის”, “ვალენსიას”, “სევილიას” მეკარე. ევროპის 2008 წლის ჩემპიონი. ავსტრია-შვეიცარიის ტურნირზე “ფურია როხას” მესამე გოლკიპერი იყო. “ვალენსიას” შემადგენლობაში მოგებული აქვს ესპანეთის ჩემპიონობა (2003, 2004), 2004 წელს კი მოიგო უეფას თასი და ევროპის სუპერთასი. “სევილიასთან” ერთად დაეუფლა უეფას თასს (2006, 2007), ესპანეთის თასსა (2007, 2010) და სუპერთასს (2007).

0.159653